როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს - კვირის პალიტრა

როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს

როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს ან რას ითხოვენ ისინი მათგან? - ამის გასაგებად სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მამაკაცები გამოვკითხეთ. გაირკვა, რომ უმეტესობას მოსწონს საქმიანი, წარმატებული და ჭკვიანი ქალი, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსიც უყვარს და ქმარზე ზრუნვა არც ერთი წუთით არ ავიწყდება.

გიორგი, 38 წლის ეკონომისტი: - თუ მზეთუნახავი არ იქნება, არა უშავს, მთავარია, მიმზიდველი იყოს, თავისი საქმე ჩინებულად იცოდეს შინაც და გარეთაც; ერთგული იყოს და შვილებიც კარგად აღზარდოს.

დავითი, 47 წლის, ინჟინერი: - ქალი უნდა იყოს მომთმენი, თუ კარგი შემოსავალი აქვს და ქმარსაც გვერდში დაუდგება, ამას რა სჯობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ მაინც დიასახლისი უნდა იყოს და მერე სპეციალისტი.

ლევანი, 25 წლის, ბანკის თანამშრომელი: - გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თავიდან შეიძლება საოჯახო საქმე არ იცოდეს, მაგრამ თუ მოინდომებს, ნელ-ნელა ყველაფერს შეძლებს. მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ.

სოსო, 32 წლის, იურისტი: - გამხდარი და ჩამოქნილი ქალები მომწონს. გარეგნობით თუ არ მომეწონა, მისი გამომცხვარი არც ნამცხვარი მინდა და არც ხაჭაპური. სიტყვას რომ არ შეგარჩენენ, ისეთები არ მომწონს. ისე, ქალის მშვიდი ხასიათი (თუ გენეტიკამ არ იძალა) კაცზეც არის დამოკიდებული.

ზურაბი, 70 წლის, პენსიონერი: - ძალიან კარგი ცოლი მყავდა, სწორედ ის მიმაჩნდა ქალის ეტალონად. საოცრად მშვიდი, ტკბილმოუბარი და სტუმართმოყვარე გახლდათ. სამი წლის წინ გარდამეცვალა და ძალიან მიჭირს უმისობა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდი, მაგრამ იმედიანად ვიყავი, რადგან ცოლი არც ოჯახს, არც შვილებს არაფერს აკლებდა. შემოსავალი არ მქონდა ცუდი და ხელფასს ოჯახის დიასახლისს ვაძლევდი. სხვა კაცების დარად არასოდეს მომითხოვია (ან მაგას როგორ ვაკადრებდი) მისთვის: ჩამოწერე, რაში რამდენს ხარჯავ-მეთქი. იყო საუკეთესოზე საუკეთესო დიასახლისი, ბევრიც რომ არ გვქონოდა, რამდენიმე წუთში საუცხოო სუფრას გაშლიდა... ქალი უნდა იყოს: მშვიდი, ზრდილი, ალერსიანი, მეოჯახე და შვილების კარგი აღმზრდელი.