"ზოგი ჭირი მარგებელია" ანუ გამოსწორებული ლოთი - კვირის პალიტრა

"ზოგი ჭირი მარგებელია" ანუ გამოსწორებული ლოთი

ქართველების ერთი დიდი ნაკლი ზღვარგადასული სმაა, რაც ხშირად ღირსებას გვაკარგვინებს. ამჯერად სიმთვრალისას თავს გადახდენილი ერთი კურიოზი გვინდა მოგითხროთ.

ვერა და ვერ გადააჩვია თინამ ქმარი სმას.

- რა გინდა, ადამიანო, რას მერჩი, არ გაგინებ, არ გცემ, არ ვჩხუბობ, ფულიც შემომაქვს... მეტი რა გავაკეთო? - ასე იწყებოდა გამოფხიზლების მეორე დღე და ლადუშა უცოდველი კრავივით აფახულებდა თვალებს.

- ღმერთო, რა დავაშავე, რომ ამისთანა შეუგნებელს გადამყარე, - ცისკენ აღაპყრობდა ხელებს თინა და მერე იწყებოდა ის ტექსტი, რაც ქმარმა უკვე ზეპირად იცოდა, - ე.ი. თუ არ ჩხუბობ, არ მაგინებ და არ მცემ, სიხარულისგან მეცხრე ცაზე უნდა ვიყო? ლოთი ხარ, გვარცხვენ, სმაში ბევრს ხარჯავ და შინ იმდენი არ შემოგაქვს, რამდენიც ოჯახს სჭირდება. ვეღარ გიძლებ, ვერა! - მიაქოქოლებდა თინა და დააყოლებდა, - უნდა გაგშორდე!

- ვინც არა?! დღესვე შეიტანე განცხადება! - ბრაზდებოდა ლადო და ვითომ თვითონაც ძალიან უნდოდა "კაპას" და "ანჩხლ" ცოლთან განქორწინება, მაგრამ კარგად იცნობდა თინას და ისიც იცოდა, ამის გამკეთებელი არ იყო სამი შვილის დედა.

ამასობაში ოცდაათი წელიც გავიდა.

თინა მშობლებისეულ ერთოთახიან ბინას აქირავებდა ხოლმე, მაგრამ ხშირად მდგმურებით არ იყო კმაყოფილი. იცხოვრებდნენ ორი-სამი თვე, ბოლოს კი ისე გაიპარებოდნენ, ქირასთან ერთად შუქის, წყლისა და გაზის ფულსაც არ უხდიდნენ. ყელში ამოუვიდა ქალს ამდენი თაღლითი და დაიფიცა, აწი სამი თვისას წინასწარ გადავახდევინებო. მდგმურებზე გაბრაზებული თინა ქმარზე იყრიდა ჯავრს. ლადო ძველებურად "უბერავდა", თან დაზეპირებულივით ერთსა და იმავეს იმეორებდა - სიბერისკენ მივდივარ, ერთადერთ სიამოვნებად ძმაკაცებთან პურის გატეხა დამრჩაო...

- სანამ წესიერი მდგმური გამოჩნდება, არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, აჰა, გასაღები, წადი და იქ იყავიო, - უთხრა თინამ და ბინის გასაღები მიუგდო. ლადოსაც მეტი რა უნდოდა? მოპოვებული თავისუფლება ორ ძმაკაცთან ერთად იმ ბინაში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. სამი დღე არ გამოფხიზლებულან. ბოლოს დაიღალა სმით, ძმაკაცები გაისტუმრა და გადაწყვიტა, კარგად გამოეძინა, მაგრამ ვინ აცალა? სიზმარსაც ცუდს ხედავდა, ბორგავდა, თითქოს მაჯლაჯუნა ყელში უჭერდა. სადღაც სირენა წიოდა... თინას განწირული ხმაც ჩაესმა, - ლადუშა, გამოფხიზლდი...

ასე არასოდეს გახარებია თინას ხმის გაგონება. თავს ძალა დაატანა, თვალები გაახილა, მაგრამ ისე აეწვა, მაშინვე დახუჭა. ოთახში დამწვრის სუნი და ბოლი იდგა. ჯერ იფიქრა, სიზმარი გრძელდებაო, მაგრამ როცა კვლავ მოესმა თინას ხმა და კარზეც ბრახუნი, მიხვდა, ცხადში ხდებოდა. ელექტროსადენები არ იყო გამოცვლილი და ჰოლში მოკლე ჩართვა მომხდარიყო, ფარდას ცეცხლი მოსდებოდა.

მეზობლებმა თინა და სახანძრო გამოიძახეს.  ორივე მალე მოვიდა. ლადოს უნდოდა კარი გაეღო, მაგრამ ვეღარ ახერხებდა მისვლას - იქ უკვე ცეცხლი გიზგიზებდა, აივანზე გაბარბაცდა და კინაღამ გული გაუსკდა - ეზოში უამრავი ადამიანი ტრიალებდა, მეხანძრეები კი სამაშველო კიბით მესამე სართულისკენ მოიწევდნენ.

- მე ცეცხლს ჩავაქრობ, შენ კი გადახტი! - შესძახა ერთ-ერთმა და მკვირცხლად შევარდა აბოლებულ ოთახში.

"სად უნდა გადავხტე, ეს ვერ არის ჯანზე", - გაიფიქრა ლადომ და ისიც უკან შეჰყვა მეხანძრეს, მაგრამ ისეთი ხველა აუვარდა, კინაღამ დაიხრჩო. იმას რა უჭირდა, აირწინაღი ეკეთა... ისევ აივანზე გამოვიდა. თინა უკვე ეზოში იდგა და უყვიროდა, - გადმოხტი, ნუ გეშინია, ხომ ხედავ, ბატუტი აქვთ გაჭიმულიო!

ძირს ჩაიხედა და მართლაც დაინახა სამაშველო ბატუტი. "რაც არის, არის, გინდ აქ მოვმკვდარვარ და გინდ - ქვემოთ," - ჩაიბუტბუტა, აივნის მოაჯირს გადაალაჯა, თვალები დახუჭა და გადახტა... ბატუტი ისე იყო დაჭიმული, რომ ლადო ბურთივით ზემოთ აისროლა. ლადომ მყისვე გაახილა თვალი, მოასწრო და ისევ თავისი აივნის მოაჯირს ჩაებღაუჭა.

- რას შვრები, კაცო, კიდევ აქა ხარ? - ცეცხლი უკვე ჩაექრო და აირწინაღიც მოეხსნა მეხანძრეს, თან მისი ყურებისას სიცილს ძლივს იკავებდა.

- ეს რა ბატუტი გქონიათ, ისევ ზემოთ ამომისროლა, კიდევ კარგი, ცეცხლი ჩამქრალია, თორემ პირდაპირ ხანძარში ამოვყოფდი თავს! - ამოილუღლუღა ლადომ. ისევ რაღა ჩაახტუნებდა, თანაც იმ ბატუტზე?! კარი გატეხეს და ჩვეულებრივი კიბით ჩაიყვანეს ლადო ეზოში. შიშით ისე წართმეოდა ძალა, ფეხებს ძლივს მიათრევდა.

რაც მართალია, მართალია, იმ დღიდან ერთი წელი გავიდა და ლადუშა სასმელს აღარ გაჰკარებია.