"ნუთუ აღარაფერი ახსოვს ჩემს შვილს?" - კვირის პალიტრა

"ნუთუ აღარაფერი ახსოვს ჩემს შვილს?"

ბევრჯერ გადავწყვიტე წერილი მომეწერა, მაგრამ ყოველთვის მიჭირდა საკუთარი ამბის მოყოლა. ახლახან თქვენს გაზეთში წავიკითხე "ბეიბი-ბოქსების" შესახებ და ძალიან მომინდა ან სიახლეზე ჩემი აზრი გამომეთქვა, თუმცა ჯერ ჩემ შესახებ გიამბობთ.

მე და ჩემს ქმარს 8 წელი არ გვყავდა შვილი. გადავწყვიტეთ, გვეშვილა. მეუღლის დაჟინებული თხოვნით, ბიჭი ავიყვანეთ. 5 თვის იყო. დედამისს ბავშვთა სახლში ჩაებარებინა - მისი მოვლა-პატრონობა არ შემიძლიაო. თურმე ის თავის რაიონში ერთმა კაცმა შეაცდინა. გოგო მშობლებმა შინიდან გამოაგდეს, კაცს კარგა ხანს მოსაკლავად დასდევდნენ. ის გადაიკარგა, 17 წლის გოგო კი ქალაქის გზას დაადგა. ვიღაცამ ურჩია, სანამ სამსახურს იშოვი, შვილი უპატრონო ბავშვთა სახლს მიაბარე, სახელმწიფო იზრუნებს მასზეო... ასეც მოიქცა, მაგრამ სამსახური რომ იშოვა, თავისუფლების დაკარგვა აღარ მოუნდა და როგორც კი ბავშვის შვილად აყვანის მსურველები გამოჩნდნენ, ხელწერილი დაწერა, რომ შვილზე პრეტენზიას არასოდეს განაცხადებდა... ასე ვიშვილეთ ლევანიკო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 14 წლის შემდეგ მეუღლე ავტოავარიაში დამეღუპა და დავრჩით მე და ჩემი შვილი მარტონი. ცალკე ერთოთახიანი ბინა გვქონდა - გავაქირავეთ და ამ ფულით იოლად გავდიოდით. ლევანი მამას განებივრებული ჰყავდა და მისი სიკვდილის შემდეგ ბევრი რამ მოაკლდა, თანაც გარდატეხის რთულ ასაკში იყო... ძალიან მიჭირდა მისი დამორჩილება. მეშინოდა, რამე ფარსაგს არ გადაეყაროს-მეთქი და სულ უკან დავდევდი. ეს ძალიან აღიზიანებდა... გავიდა სამი დაძაბული წელი. როგორც იქნა, ლევანი ცოტა დამშვიდდა, სკოლაც დაამთავრა, სტუდენტი გახდა და ამოვისუნთქე. ახლა იმაზე ვფიქრობდი, კარგი გოგო აერჩია და ცოლად მოეყვანა. ხან ვის მომიყვანდა გასაცნობად, ხან ვის და მეხუმრებოდა, - აირჩიე სარძლოდ, ვისაც ხელს დაადებ, იმას შევირთავო. მესამე კურსზე იყო, დედამისი რომ გამოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ ლევანი ჩემი მადლიერი ყოფილიყო, შემიძულა, ხოლო ვინც მიატოვა, იმისკენ ილტვოდა. ვინ აღარ ჩავრიე - ნათესავები, მისი მეგობრები, შეყვარებული, რომ რაღაც ერჩიათ, მაგრამ კეთილ სიტყვას ყურში არ უშვებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა: საცხოვრებლად დედაჩემთან გადავდივარო. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. ვემუდარე, - ნუ დამტოვებ, მარტო გაჩენა ხომ არაა მთავარი, ამდენი წელი სად იყო დედაშენი, მე და მამაშენი გზრდიდით და არაფერს გაკლებდით-მეთქი. მშვიდად მომისმინა  და ცივად მომიგო: - მადლობა, რომ გამზარდეთ, მაგრამ ჩემს ღვიძლ დედასთან ერთად მირჩევნია ყოფნაო... თურმე ის ქალბატონი რამდენიმე წელი თურქეთში ყოფილა, ფული მოუგროვებია, თბილისში დაბრუნებულს მაღაზიაც გაუხსნია და ბინაც უყიდია.

განადგურებული ვარ, ძალიან განვიცდი ლევანის წასვლას.

ნუთუ არაფერი აღარ ახსოვს ლევანს? 21 წელი ხომ ჩემთან იყო... პატარაობაში, ავად რომ გახდებოდა, ღამეებს თეთრად ვუთევდი. ისიც ჩემზე იყო მოწებებული, სულ მე მიხმობდა საშველად...

იმედს მაინც ვიტოვებ, რომ გონება გაუნათდება და დამიბრუნდება. არ ვთხოვ, რომ დედამისი მიატოვოს, მაგრამ მეც ნუ დამკარგავს...

ახლა კი "ბეიბი-ბოქსებზე", ანუ ახალშობილთა კალათაზე მოგახსენებთ. მართებულად მიმაჩნია ამ კალათების შემოღება. რამდენი ოჯახი ვიცი, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ, ზოგი კი აჩენს და პირმშოს დაბადებისთანავე უარს ამბობს მასზე. იმისათვის, რომ გადარჩეს უდანაშაულო სიცოცხლე და ბევრ პატარას ჰქონდეს მყუდრო, თბილი კერა, სწორად მიმაჩნია ამ კალათების შემოღება.

ბავშვების გაშვილებასთან დაკავშირებით გაიმართა პოლემიკა, ერთნი ამბობდნენ, - არ შეიძლება,  დედამ  არ იცოდეს შვილის ადგილსამყოფელიო. მე კი გეტყვით, რომ დედამ, რომელმაც  შვილზე უარს თქვა,  თავის თავს უკვე გამოუტანა განაჩენი. ბავშვი სადაც იზრდება, ისაა მისი ოჯახი, ვინც მას ზრდის და უვლის, ის გახლავთ მისი დედა. ღმერთმა ქნას, ახალშობილთა კალათების მეშვეობით შემცირდეს ახალშობილთა სიკვდილიანობა და ბევრი უშვილო ოჯახი გაბედნიერდეს...

ელენე გავაშელი,

თბილისი