"იმ "მესამემ" ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასაცილებლად..."
"იმ "მესამემ" ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასაცილებლად..."
მიხვდა, იქაურობას თუ არ გაეცლებოდა, შეიძლებოდა სიბრაზე ვერ დაეძლია და ორივე მოეკლა

ბევრს გაუკვირდა გიოს და მარის დაშორება. ყველა კარგად ხედავდა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი... იმ "მესამემ" ყველაფერი გააკეთა მათ დასაცილებლად...

გიოს და მარის პირველივე კურსზე შეუყვარდათ ერთმანეთი. გიოს მეგობარი, ნიკა, განზე გადგა. მასაც მოსწონდა მარი, მაგრამ რახან გოგონამ გიო აირჩია, შეეცადა, დაევიწყებინა.  ეგონა, ამას იოლად მოახერხებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, გრძნობას ვერ ერეოდა. გაუჭირდა თავთან ჭიდილი, აღარ უხაროდა საერთო შეხვედრებზე
სიარული, მარისა და გიოს ბედნიერება ბოღმავდა, განმარტოებას ეძებდა. ერთხანს  თითქოს აჯობა მტანჯველ ფიქრებს, მაგრამ საკმარისი გახდა გიოს და მარის ერთად ნახვა, რომ ისევ განუახლდა ჭრილობა, ბოლოს, გადაწყვიტა, - სიყვარულისთვის უნდა ვიბრძოლო, როდემდე ვითამაშო დიდსულოვანი ადამიანის როლი; ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ მარი ჩემი გახდესო...

ნიკამ ისეთი
გზა აირჩია, რასაც ღირსეული ადამიანები ფიქრადაც არ გაივლებენ. ნაცნობ ნარკომანს გამოართვა წამალი,  მერე მეგობრების თავყრილობაზე გიოს არყოფნით ისარგებლა, მარის სასმელში  ჩაუყარა. გოგონას მალე დაებინდა გონება და ძილი მოერია. ნიკამ და მისმა დეიდაშვილმა გოგომ საძინებელ ოთახში გაიყვანეს.  გიო გვიან მოვიდა. მაშინვე მარი მოიკითხა. ნიკას დეიდაშვილმა საძინებლისკენ მიუთითა, - ცოტა მეტი მოუვიდა დალევა და მგონი, წამოწვაო... იქ კი, ნიკას და მარის ხელიხელგადახვეულებს ეძინათ. კარგა ხანს უყურა "ჩაძინებულებს", წამიერად გაიფიქრა, რომ ორივესთვის ხელი დაევლო და საწოლიდან გადმოეყარა, მაგრამ მიხვდა, რომელიმეს მოკლავდა, ამიტომ სძლია თავს და გარეთ გიჟივით გავარდა. გზად იმას ნანობდა, ასე იოლად რომ გადაურჩა ნიკა მის მუშტს, მერე დაფიქრდა - მოღალატე შეყვარებულისა და მეგობრის გამო არ ღირდა ციხეში წასვლა.
მერე გიო მხოლოდ სპორტით ცხოვრობდა... მარიმ როგორ არ ეცადა შეყვარებულს დაჰკავშირებოდა, გიოს მისი ხმის გაგონებაც არ უნდოდა.
სამაგიეროდ ნიკა დაჩოქილი ემუდარებოდა მარის, - ხომ ხედავ, გიომ მიგატოვა, არც მოგისმინა, არადა, ისეთი რა მოხდა? დავთვერით და ერთად გვეძინა, სხვა ხომ არაფერიო... მიყვარხარ, ერთად ბედნიერები ვიქნებითო...

ბევრი ფიქრის შემდეგ მარი ნიკას გაჰყვა ცოლად. ფიქრობდა, - გიოს რომ მართლა ისე  ვყვარებოდი, როგორც თავს მაჩვენებდა, ასე იოლად არ დამივიწყებდა და სიტუაციის გარკვევას შეეცდებოდაო.
ერთი წლის შემდეგ ბიჭი შეეძინათ. მარის სურვილით - გიორგი დაარქვეს. გავიდა კიდევ 5 წელი. მარი მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როცა ძველმა მეგობარმა, სოფომ შინ მიაკითხა - ჩემს შვილს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება და იქნებ რამეთი დამეხმაროო. მარი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე მისცა 2.000 ლარი.

ბავშვს ოპერაცია გაუკეთეს და რამდენიმე ხნის შემდეგ გახარებული და მადლიერი სოფო კვლავ ესტუმრა მარის. გვიანღა გამოუტყდა სტუმარი, - არ მინდა მთელი ცხოვრება მოტყუებული იყო... უნდა გაგიმხილო ერთი საიდუმლო... მაშინ წვეულებაზე ნიკამ კოქტეილში   რაღაც ჩაგიყარა,   თავის დეიდაშვილს რომ ელაპარაკებოდა, შემთხვევით მათ ლაპარაკს  ყური მოვკარი, მაგრამ ვერაფერი გითხარი, რადგან ნიკა მეცოდებოდა, მას ხომ სიგიჟემდე უყვარდიო...
მარი თავზარდაცემული გაშეშდა, სიტყვას ვერ სძრავდა... საღამოს წერილი დაუტოვა ქმარს: "მე აღარ დავბრუნდები, მშობლებთან მივდივარ და გიოც მიმყავს. ახლა უკვე ვიცი, რაც იკადრე წლების წინ... ამის პატიება არ შემიძლია. მშვიდობით."
ბევრი ემუდარა ნიკა ცოლს, მაგრამ მარი ქმარს მაინც გაშორდა. მეორე ბავშვი განქორწინებიდან სამი თვის შემდეგ გაჩნდა...

დრო რომ გავიდა, მარიმ სოფოს სთხოვა: ეს ამბავი გიოსაც უთხარი... მასთან შერიგებას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა, მანაც იცოდეს, რა მოხდა სინამდვილეშიო...
გიომ სიმართლის გაგების შემდეგ ძალიან ინანა თავისი საქციელი, მიხვდა, რომ იჩქარა, უნდა მოესმინა მარისთვის, ნიკასთვისაც მიეზღო საკადრისი... შეეცადა მარისთან შეხვედრას, მაგრამ ცივი უარი მიიღო.
ორ წელზე მეტია, გიო მარის გულის მოგებას ცდილობს, ვინ არ მიუგზავნა, მაგრამ ამაოდ.
ეს ამბავი მარის მეგობარმა მიამბო და მთხოვა,  ვინ იცის, იქნებ წერილის გამოქვეყნების შემდეგ  მარიმ შეუნდოსო.

ვნახოთ, დაველოდოთ... ამ წერილმა ნაყოფი თუ გამოიღო, ჩვენს მკითხველს აუცილებლად გავაგებინებთ.
უნძინა
20 ოქტომბერი 2018 12:13
რა არის აქ დაუჯერებელი? ცხოვრებაში უარსეიც ხდება,მხოლოდ გასალანძღი ერთნაირად უნდა გაილანძღოს კაციც და ქალიც. მარტო კაცები არ აშავებენ,ზოგი ქალი კაცზე უარესი.
tvalsazrisi
27 იანვარი 2012 23:17
"david67
ეს რუბრიკა გასაუქმებელია"


არ მგონია
ამ რუბრიკაში მოთხრობილი ამბები ძალიან ცხოვრებისეულია და მათი წაკითხვის შემდეგ რაღაც დასკვნის გამოტანა შეიძლება.
იქნებ ვინმეს თვითონაც თავს გადახდენია მსგავსი ამბავი და თუ რამეში ტყუოდა, ახლებურად შეხედოს თავის შეცდომას?


გარდა ამისა, ეს რუბრიკა აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკისგან, რაც მას ძალიან მიმზიდველს ხდის.
david67
27 იანვარი 2012 14:32
Tekla . ერთხელ შევცდი და მაპატიეთ. მეტს აღარ წავიკითხავ ასეთ სისულელეებს. ჩემს წაკითხვა არ წაკითხვაშიც არაა საქმე. მე ამ გაზეთის რეიტინგის დაცემა მადარდებს. ისე დიოგენე ბოჩკაში იჯდა მაგრამ ქვეყანაზე რა ხდებოდა ყველაფერი იცოდა.DD ასე რომ "გაიტანეთ გრელანდია"D

რუბრიკის სხვა სიახლეები