სიმართლეს ყოველთვის როდი მოაქვს სიკეთე - კვირის პალიტრა

სიმართლეს ყოველთვის როდი მოაქვს სიკეთე

ვეხმაურები ქალბატონს, რომელმაც წინა ნომერში "ბეიბი ბოქსებთან" დაკავშირებით მოგწერათ და  თავისი მოსაზრება გამოთქვა.

ის დედა, რომელიც უარს ამბობს შვილზე, კანონით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ რადგან ასეთი კანონი არ არსებობს, მან ღვთის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ხშირად, გარკვეული ხნის შემდეგ, მას სინანული იპყრობს, ხვდება, რომ შეცდა და მის გამოსწორებას ცდილობს... მიმაჩნია, რომ იგი არაა ღირსი დედობისა. განა რა ისეთ მძიმე დღეში უნდა ჩავარდეს ქალი, შვილი რომ უარყოს. ამიტომაც, ასეთ დედას მონანიების შემდეგაც არა აქვს უფლება, თავისი გასხვისებული, უკვე გაზრდილი შვილი დაიბრუნოს. სამწუხაროდ, შვილობილები ხშირად გამზრდელს ტოვებენ და ბიოლოგიურ დედასთან მიდიან, მადლიერების არანაირი გრძნობა არ აქვთ გამზრდელისადმი, თითქოს ისინი დამნაშავენი ყოფილიყვნენ...

ჩემი მეზობელი,  ნუნუ დეიდა მსგავს ამბავს ემსხვერპლა. მან და მისმა მეუღლემ 50 წლის ასაკში იშვილეს წლი-ნახევრის გოგონა, რომელიც სამი თვისა მიატოვა დედამ - ბებიას მიუგდო თოთო ბავშვი და გაქრა. საწყალ მოხუცებულს მეზობლები ეხმარებოდნენ, მერე თანდათან გაუჭირდა ბავშვის მოვლა და ის-ის იყო, გადაწყვიტა ბავშვთა სახლში მიეყვანა, რომ ნუნუ და გივიც გამოჩნდნენ. მოხუცმა ცრემლნარევი სიხარულით გაატანა ცოლ-ქმარს პატარა. ის ქალი მალე გარდაიცვალა.

მარიამი ლამაზი გოგო გაიზარდა. თვრამეტი წლის იყო, მისი "მზრუნველი" დედა რომ გამოჩნდა და გოგონას ისე აურია გონება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩაალაგა თავისი ნივთები, გამზრდელებს წერილი დაუტოვა - დედასთან მივდივარო და უგზო-უკვლოდ გაქრა. ნუნუ დეიდამ ისე იდარდა, რომ ინსულტი მოუვიდა და გარდაიცვალა. დარჩა გივი ძია უცოლოდ, უშვილოდ, ტკივილითა და სევდით აღსავსე. რაც შეგვიძლია, ვეხმარებით მეზობლები, ნათესავები. დღე არ გავა, არ მივაკითხოთ. მარიამს საერთოდ არ ახსენებს, მაგრამ თვალებში იმხელა ნაღველი აქვს ჩაბუდებული, მის შემხედვარეს გული მოგიკვდებათ. არადა, მარიამის ბიოლოგიური დედის გამოჩენამდე მართლა ბედნიერი ოჯახი იყო...

თეა გორგოძე,

თბილისი