"ნუთუ მსხვერპლი იყო საჭირო" - კვირის პალიტრა

"ნუთუ მსხვერპლი იყო საჭირო"

ვინ მიგდია ეს ორი ლაწირაკი, ჩემს უკითხავად რომ ჩალიჩობენო, - თქვა და ბიჭებს საქმის გასარჩევად მიაკითხა

ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ადვოკატი გახლავთ. ადრე მისი ამბავიც მოვუთხრე მკითხველს. ღიმილით იხსენებდა,  წერილის გამოქვეყნების შემდეგ - ვინც მიცნობს, ყველა შემეხმიანაო. რაღა ბევრი გავაგრძელო და, სწორედ მას ვთხოვე, მოეყოლა ცხოვრებისეული ამბები, სისხლის სამართლის დანაშაულების და დაპირისპირების შესახებ, ანუ ყველაფერზე, რასაც მის ხელში გაუვლია და რითიც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა.

- ვერც კი წარმოიდგენ, ცოდვის, ბოროტების და უსამართლობის რამხელა ჭაობი ბუყბუყებს ჩვენ გვერდით, რომელსაც ვერ ვხედავთ ან ყურს ვიყრუებთ და არც გვინდა, რომ დავინახოთ, - მითხრა მან.

ლეილა ადრე დაქვრივდა. 15 წლის გიორგი და 12 წლის ეკა დარჩა.  გაუჭირდა ოჯახის გაძღოლა, მაგრამ თავს შეუძახა - კარგი სპეციალისტი იყო, სამსახურიც ჰქონდა. ახლობლებიც მხარში ამოუდგნენ. ბევრი დამხმარე ჰყავდა - ძმა, ნათესავები მეგობრები.  უმაღლეს სასწავლებელში ინგლისურ ენას ასწავლიდა, ბავშვებსაც ამზადებდა, ცოტა ხანში ყველა ფინანსურ პრობლემას მოუგრიხა კისერი. თვითონაც უკვირდა, - არ მეგონა, ასე მალე თუ გამოვიდოდი კრიზისიდანო, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან უჭირდა ცალად ყოფნა.

მან და ლევანმა სიყვარულით შექმნეს ოჯახი. სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ, მერე "აღმოაჩინეს", რომ მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო. ოთხი წლის შემდეგ ოჯახი შექმნეს... ხშირად, როცა ფიქრებთან მარტო რჩებოდა, იმ მშვენიერ პერიოდს უბრუნდებოდა, როცა ყოველი წუთი სიყვარულით იყო სავსე. დარდიან სახეს შვილებს  არ ანახებდა. ლეილასთვის მთავარი შვილები და მათი მომავალი იყო.  გიორგიმ უმაღლესი  რომ დაამთავრა, ერთხანს ამერიკაში იყო გაცვლითი პროგრამით, ეკამ კი დედის სპეციალობა აირჩია - ინგლისური და ესპანური ენები. ერთი სიტყვით, მათი ოჯახის ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. გიორგიმ ერთ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და სხვა შემოსავალიც რომ ჰქონოდა, მეგობართან ერთად თავისსავე უბანში საცხობი გახსნა. საქმეც ჩინებულად აეწყო.

ამავე უბანში ცხოვრობდა თემო, 37 წლის, ცოლს გაცილებული, რომელიც სკოლის წლებიდან "შავ ბიჭობაზე" დებდა თავს... მერე, ქურდ-ბიჭებსაც რომ შეერყათ სტატუსი, იხტიბარს არ იტეხდა და აცხადებდა:  თუ ქურდი არა, "ავტორიტეტები" ხომ დავრჩით უბანში და ვისაც რამე დასჭირდება, ჩვენ უნდა დაგვეკითხოსო...

გიორგის და მისი მეგობრის, დაჩის ბიზნესმა გააღიზიანა თემო, - აქ თუ რამე კეთდება, "ჩერეზ" ჩემით კეთდება და ვინ მიგდია ეს ორი ლაწირაკი, ჩემს უკითხავად რაღაცას ჩალიჩობენო. ჯერ თავისი "ხელქვეითი" მიუგზავნა - ყოველთვიურად 300 ლარი უნდა გადამიხადოთო. უარი რომ მიიღო, თავად "მიაკითხა":

- უბნელები რომ არ ვიყოთ, არ გამიკვირდებოდა, უჩემოდ რომ წამოიწყეთ საქმე. ხომ იცით, აქ ყველაფერს მე ვაკონტროლებ და ვინც მიხდის, იმათი "კრიშა" ვარ, - უთხრა თემომ ბიჭებს.

- არავის მფარველობა არ გვჭირდება, ყველაფერს ოფიციალურად და კანონიერად ვაკეთებთო, - მიუგო გიორგიმ და იქით დაემუქრა, - აქ მეორედ მოსული არ დაგინახოო.

იმ დღიდან მოსვენება დაკარგა თემომ. არ უნდოდა, სხვების თვალში "ავტორიტეტი" შესუსტებოდა... სურდა, სხვებისთვის ეჩვენებინა, ურჩ გადამხდელს როგორ უსწორდება უბნის "მეთვალყურე". გამოართვა ნაცნობს რევოლვერი და ბიჭების შეშინება, მათთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტა. ერთ შაბათს, გვიან საღამოს, გიორგი და დაჩი საცხობში იყვნენ. თემო კარს მიადგათ და რევოლვერი დააძრო. ამდენს თუ გაბედავდა, რას იფიქრებდნენ ბიჭები, ცოტა არ იყოს, დაიბნენ, მერე კი გიორგიმ უთხრა:

- ჩაწიე რევოლვერი და ნუ გვაშინებ, თუ კაცი ხარ. აგვიხსენი, რატომ უნდა მოგცეთ ყოველთვიურად ფული?

- იმიტომ, რომ ამ უბანს მე ვაკონტროლებ, მე ვარ აქ ყველას "კრიშა", - პირველ "ჩვენებას" არა და არ ცვლიდა თემო.

დაჩი წინ იდგა, უნდოდა, ხელი აეკრა თემოსთვის, მაგრამ თემომ უკან დაიწია, დაჩის ერთხელ ესროლა, გიორგის - სამჯერ. მერე შეტრიალდა და ქუჩის ბოლოსაკენ გაიქცა. იქ მანქანა ელოდა. ატყდა წივილ-კივილი. ხუთ წუთში თავი მოიყარეს მეზობლებმა, დაჩიც და გიორგიც სისხლში ცურავდნენ. დაჩი მარჯვენა ფერდში იყო დაჭრილი ტყვია მილიმეტრით ასცდა ღვიძლს, გიორგი კი აღარ სუნთქავდა.

ლეილა: - შინ არ ვიყავი. მეზობელმა რომ დამირეკა - ბიჭები დაჭრეს და  საავადმყოფოში გადაიყვანესო. აღარ მახსოვს, როგორ გამოვვარდი გარეთ და როგორ აღმოვჩნდი საავადმყოფოში... ეკა რომ დავინახე, ისეთი სახე ჰქონდა, ყველაფერს მივხვდი... მერე გონება დავკარგე.

მკვლელი სამი დღის შემდეგ დააკავეს. წყნეთში, ვიღაცის აგარაკზე იმალებოდა... იცით, რამ გამაოცა? დედამისმა მკვლელი შვილი შეურაცხადად გამოაცხადა. ამტკიცებდა, დიდი ხნის განმავლობაში გიო და დაჩი დასცინოდნენ თურმე "საწყალ" თემოს, იმასაც ყელში ამოუვიდა და როცა კვლავ დაუწყეს დაცინვა და ფიზიკურადაც შეეხნენ, "დაიცვა" საკუთარი თავიო.

მისი მტკიცება არავინ გაიზიარა და უბნის "ავტორიტეტს" 15 წელი  მიუსაჯეს. ხომ მკვდარია ჩემი შვილი, მაგრამ მკვლელის დედის ადგილზე ყოფნას არანაირად არ ვინატრებდი.

რაც თემო მოშორდა ჩვენს უბანს, ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა... სასამართლო პროცესზე ბევრი მოვიდა მოწმედ, რომელსაც  თემო ატერორებდა და ფულს სძალავდა. თქვეს, - ნუთუ მსხვერპლი იყო იმისთვის საჭირო, რომ ამ საძულველი კაცისგან გავთავისუფლებულიყავითო?!

P.S. ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა ვაკეში. სამწუხაროდ, ქურდული მენტალიტეტის "მოშლის" შემდეგ კვლავაც გრძელდება ე.წ. "ავტორიტეტების" და უბნის "ყოჩების" პარპაში. ვინ იცის, გიორგი მერამდენე მსხვერპლია...