უბნის "ავტორიტეტები" ისევ არსებობენ?! - კვირის პალიტრა

უბნის "ავტორიტეტები" ისევ არსებობენ?!

ვეხმაურები წინა ნომერში გამოქვეყნებულ წერილს - "ნუთუ მსხვერპლი იყო საჭირო?" მიუხედავად იმისა, რომ "კაი ბიჭების" ინსტიტუტი მოირყა და მოიშალა, ყველა უბანს კიდევ შემორჩა ერთი-ორი "ავტორიტეტი".ისინი ერთგვარი ზედამხედველები არიან და "სიტუაციას" აკონტროლებენ... არადა, სადღა არიან ისეთები, რომელთაც, მენტალიტეტის მიუხედავად, ადრე უბანში მართლა პატივს სცემდნენ.

არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს "შავი სამყაროს" მომხრე ვიყო, მაგრამ მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ახსოვს ბევრი ღირსეული ადამიანი, ავტორიტეტითა და უბნის ნდობით მართლაც რომ სარგებლობდა.

ახლა კი რა ხდება? ყველა ნარკომანი და ავარა, ქურდბაცაცა და ხულიგანი იბრალებს უბნის "ზედამხედველობას" და არის ერთი გაწევ-გამოწევა. ახლა, მეზობელი მეზობელს, ნათესავს და ახლობელს ისე გაძარცვავს, ან რაიმეს გამოსძალავს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. დაზარებული კი დუმს, იმიტომ, რომ გამომძალველმა შეიძლება უარესი რამ დამართოს.

ამას წინათ, ჩემი ქალიშვილის უბანში (საბურთალოზე ცხოვრობს) ასეთი რამ მოხდა: ერთმა "კაი ბიჭმა" სადარბაზოში ქალს ფული და ოქროს სამკაულები წაართვა, ბიჭი არ იყო იქაური, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავად უბნელებმა მისცეს ეს "საქმე" და წილშიც გავიდნენ... ქალმა შემთხვევით მოჰკრა თვალი იმ მძარცველს ნაცნობ ბიჭებთან ერთად და პოლიციაში განაცხადა. იმავე ღამეს აიყვანეს ეჭვმიტანილები. ამის მერე კი, ქალის შვილიშვილს, მერვეკლასელ ბიჭს ვიღაცები დახვდნენ ქუჩაში და სასტიკად სცემეს, თანაც  გააფრთხილეს: არსად ხმა არ ამოიღო, თორემ უარესს ელოდეო. ახლა ასეთი გარჩევები ხდება უბნებში და ეს ყურადსაღებია...

მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო ჩვენს სამართალდამცველებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ უბნებში შექმნილი პატარ-პატარა დაჯგუფებების მიმართ, თორემ თქვენს გაზეთში მოთხრობილი "გარჩევის" მსგავსი ამბები არც ისე იშვიათია და დროზეა მისახედი.

თქვენი მუდმივი მკითხველი

თემურ სალაძე