დაკარგული დედის საიდუმლო და უნებლიე მსხვერპლი - კვირის პალიტრა

დაკარგული დედის საიდუმლო და უნებლიე მსხვერპლი

"მე ისევ მარტო ვარ. ჩემო დედიკო, ისე მენატრები, ლამის ხმამაღლა ავტირდე. ბებო მეცოდება. სულ თვალებში მიყურებს, ცდილობს, მასიამოვნოს, მეფერება. საყვედურობს მამაჩემს... ბევრჯერ უთქვამს, - დედაშენს როგორ დავემდურო, როცა ჩემი შვილის ბრალია ყველაფერიო... გუშინაც მთვრალი მოვიდა. ბებო ისევ ეჩხუბა. მე კი საბანი გადავიფარე და ბევრი, ძალიან ბევრი ვიტირე... მენატრები, დედა!.."

"დედა, დღეს ორი ათიანი მივიღე, ბებოს ძალიან გაუხარდა. როცა ვუთხარი, - ნეტავ, დედა ჩემთან იყოს, იმასაც ხომ გავახარებდი-მეთქი, სახე მოეღუშა. არაფერს მეუბნება, მაგრამ ვატყობ, რომ შენზე ნაწყენია. ისე, ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო შენზე გულნატკენი, მაგრამ... მაგრამ ისევ მიყვარხარ".

"დედა, წუხელ სიზმარში გნახე. როგორიც მახსოვდი, ლამაზი, ზუსტად ისეთი იყავი. ბევრი სათამაშო მომიტანე. მე კი გაოცებული ვამბობდი, - რად მინდა ამდენი თოჯინა, მე ხომ უკვე დიდი ვარ-მეთქი. შენ იცინოდი, - რომ დაგტოვე, 6 წლის იყავი და მე, სულელმა, იმ ასაკის შესაფერისი საჩუქრები შეგირჩიე, არადა, უკვე რამხელა გოგო მყავხარო... თან მეფერებოდი... რომ გამეღვიძა, შენს სითბოს ისევ ვგრძნობდი. კინაღამ გავგიჟდი. ისევ ვიტირე, თანაც ბევრი!"

ეს ჩანაწერები 15 წლის გოგონას დღიურიდან არის. დღეს ის 25 წლისაა, დედა კი ისევ ადრინდელივით ენატრება. ეკა მოსიძე (გვარი შეცვლილია) ნარკოტიკის გავრცელებისთვის დააპატიმრეს, არადა, ის მსხვერპლია თავისი გულუბრყვილობისა. ქმარი იმდენად უყვარდა, მისიანებზე ეჭვს როგორ მიიტანდა...

ეკას ამბავი მისმა უახლოესმა მეგობარმა მიამბო, მანვე მაჩვენა დღიურიც. ოჯახის უბედურება კი იმ დღიდან დაიწყო, როცა მატერიალურად ძალიან გაუჭირდათ.

ეკას დედა, მერი, ძლიერი ოჯახიდან იყო. დედისერთას მშობლები არაფერს აკლებდნენ. 18 წლისამ კოტე გაიცნო, ეკას მამა. ხუთი წლით უფროსმა ყმაწვილმა ისე დაახვია თავბრუ, რომ ძალიან მალე ცოლად გაჰყვა. ამან მძიმედ იმოქმედა მერის მშობლებზე. მამას ინსულტი მოუვიდა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ფეხზე კი წამოაყენეს, მაგრამ ვეღარ შეძლო სამსახურში სიარული. ფული საკმარისად ჰქონდა ოჯახს, მაგრამ... ზღვა ხომ კოვზითაც დაილევა. გათხოვილ შვილს აპატიეს გაპარვა, ქორწილი მოგვიანებით გადაუხადეს, სიძეს მანქანა უყიდეს და ასე თუ ისე, მათი ცხოვრება კალაპოტში ჩადგა.

მალე ეკა გაჩნდა. ყველა თავს ევლებოდა პატარას, მაგრამ რაღაც ფინანსური მაქინაციების გამო კოტე დააპატიმრეს და 9 წელი მიუსაჯეს. მერის მშობლებს რაც კი ებადათ, ყველაფერი გაყიდეს და ოთხ წელიწადში გამოიყვანეს ციხიდან, თუმცა სიმამრი ვეღარ მოესწრო სიძის გათავისუფლებას...

თანდათან გაუჭირდა ოჯახს. აღარც კოტე მუშაობდა. მერიმ და დედამისმა ბინა გაყიდეს. ცოტათი ამოისუნთქეს, თანხის ნახევარი კოტეს მისცეს "სარფიანი ბიზნესის" დასაწყებად... მალე მერის დედაც გარდაიცვალა. ამას ისიც დაემატა, რომ "ბიზნესში" ჩადებული ფული კოტემ დაკარგა. გამოაცხადა: ამდენმა იმედგაცრუებამ დეპრესიაში ჩამაგდოო და შინიდან აღარ გადიოდა. ეკა სადაცაა, სკოლაში წავიდოდა და უფრო მეტი დასჭირდებოდა, ამიტომ მერიმ მეზობელს სთხოვა დახმარება, - ვიცი, რომ თურქეთიდან ტანსაცმელი ჩამოგაქვს, მეც შეგიამხანაგდები, იქნებ ამეწყოს საქმეო... კოტე სამსახურზე არც კი ფიქრობდა, დეპრესიას იმიზეზებდა და ტელევიზორს არ სცილდებოდა. ერთადერთი, რაც ცოლს შეუსრულა, ის იყო, რომ სოფლიდან დედა ჩამოიყვანა, - მერი მთელი დღე გასულია, ეკას კი მიხედვა უნდაო...

წვალობდა მერი, მაგრამ რას დაეძებდა? ასე თუ ისე, შემოსავალმა თანდათან იმატა. ერთ მშვენიერ დღეს კი, მერიმ ქმარს გამოუცხადა: სტამბოლში ერთი კაცი გავიცანით, მე და ნინოს (მეზობელი, რომელმაც ვაჭრობაში ჩართო მერი) კარგი გასამრჯელო შემოგვთავაზა ჯინსების ფაბრიკაში. აქ ნინო იქნება, იქ - მე. რამდენიმე თვის შემდეგ კი შევიცვლებითო. კოტეს უარი არ უთქვამს. ერთი კი თქვა სასხვათაშორისოდ - იქ როგორ უნდა გაძლოო, მაგრამ პასუხს არ დალოდებია, ისე გაეცალა ცოლს. მერი წავიდა, ორი თვის შემდეგ კი ქალი გაქრა. აღარც ჯინსები ჩანდა, არც ფული, რომელსაც ყოველთვიურად შეპირებული იყო თურქი ბიზნესმენი. კოტე ახლა კი აფორიაქდა, ჯერ იფიქრა, ალბათ ფულიან კაცს მანაცვალაო, მაგრამ როცა შეშფოთებულ მეზობელს დაელაპარაკა, მიხვდა, რომ ასეც არ იყო საქმე. კოტე და ნინო სტამბოლში წავიდნენ და ის თურქი ბიზნესმენიც მონახეს. მან კი გაიკვირვა, - მერიმ ერთი თვის წინ ჯინსების დიდი პარტია საქართველოში წამოიღოო... მოკლედ, ქალი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ - ვერაფერი გაიგეს.

...სამი წლის შემდეგ პროკურატურაში კოტეს უთხრეს, რომ საქმეს ხურავდნენ, თან მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრეს - მასე ბევრი ქალი დაკარგულა და გვიან გამოჩენილაო...

კოტემ ბევრი ინერვიულა,M სმა დაიწყო, ეკამ კი ჯერ დარდი ისწავლა, მერე ამ დარდის რვეულში ჩაწერა. სკოლას რომ ამთავრებდა, ბებო გარდაეცვალა. მამამ მალევე შეირთო ცოლი. ეკას ამ დროს უკვე ჰყავდა შეყვარებული. იმდენად უჭირდა მამის და დედინაცვლის გვერდით ყოფნა, რომ როგორც კი ნიკამ ცოლობა სთხოვა, სიხარულით დასთანხმდა. ძალიან უყვარდა ნიკა, ქმრის გულისთვის თავს გაწირავდა. ქმრის ოჯახში ყველანი - ნიკას მშობლები და ბაბუა, თბილად ეპყრობოდნენ, ანებივრებდნენ. განსაკუთრებით დედამთილი ათამამებდა. თვე არ გავიდოდა, რაიმე ძვირფასი სამკაული ან ტანსაცმელი არ ეყიდა რძლისთვის. ერთადერთი, რაც ეკას უკვირდა, დედამთილის გასაიდუმლოებული სამსახური იყო, რომელზეც კრინტს არ სძრავდა. ქალბატონ მანანას საკუთარი მანქანა ჰყავდა. დილიდან გასული შინ გვიან საღამოს ან რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდა. ეკას ძალიან უკვირდა, რომ ოჯახის წევრები მანანას არაფერს ეკითხებოდნენ, მხოლოდ ერთადერთხელ ჰკითხა ეკამ ნიკას დედის საქმიანობაზე. დედა წამლების ბიზნესშია და ის არჩენს მთელ ოჯახსო, - მიუგო.

ერთხელ, მანანამ რძალს ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი აჩუქა, მერე კი სთხოვა, - ბათუმში მიწევს გამგზავრება, რაღაცას დაგიტოვებ და ამა და ამ მისამართზე მიიტანეო. უარს როგორ ეტყოდა?! რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ამ კურიერულმა მომსახურებამ ქრონიკული სახე მიიღო. როცა ქმართან წამოსცდა - დედაშენი წამლების პატარა ფუთას მაძლევს და მისამართებზე მგზავნისო, ცოტა კი შეიშმუშნა ნიკა, მაგრამ მაინც არ დაიბნა, - შენ გენდობა, მე ადრე გამატანა და პოლიცია ამედევნაო... ეკა იმასაც ვერ მიხვდა, რატომ უნდა დასდევნებოდა პოლიცია ნიკას... ერთ დღესაც "წამლების ფუთის" გადაცემისას დააკავეს - ისიც და მიმღებიც, ანუ გამსაღებელ-გამყიდველი და მომხმარებელ-მყიდველი. პატარა ფუთაში კი წამალი მართლაც აღმოჩნდა, ოღონდ არა სამკურნალო, არამედ ნარკოტიკული ნივთიერება. ეკას დარდიან და უღიმღამო ბავშვობას ესღა აკლდა - პატიმრობა.

არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეკას პატიმრობა, მაგრამ, როგორც მისმა მეგობარმა მითხრა, - ქმრის ახლობლები ცდილობენ შეუმცირონ სასჯელის ვადაო. ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ თუ სასწაული მოხდა და ეკა ვადაზე ადრე გათავისუფლდა, ნიკასთან აღარ დაბრუნდება. მის დღიურების რვეულს კი ასე ჰქვია, - "მთელი სიცოცხლე დედა მენატრება". ასე დაუკავშირდა დედის გაუჩინარებას შვილის ტრაგედია.