ყველანი დავბერდებით - კვირის პალიტრა

ყველანი დავბერდებით

მესამე თუ მეოთხე კლასში ვსწავლობდით ერთ პატარა მოთხრობას. ცოლ-ქმარმა ბერიკაცი განმარტოებით დასვა სუფრასთან - შეეზიზღათ, ჭამის დროს ხელები რომ უკანკალებდა, ზოგჯერ კი ლუკმა უვარდებოდა...ეს ვერ აიტანა შვილიშვილმა და გულნატკენმა მშობლებს განუცხადა, - როცა დაბერდებით, მეც სწორედ ასე მოგექცევითო. მშობლები დაფიქრდნენ, შერცხვათ ^და მოხუცებული ისევ გვერდით დაისვეს... ადამიანი სხვას ისე უნდა ექცეოდეს, როგორც სურს, მას მოექცნენ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ დიდ ცოდვას სჩადის, როცა ხანდაზმულს უდიერად ექცევა. ასეთების გასაგონად მინდა ვთქვა, - მარადიული შეიძლება იყოს გრძნობა და ღირსება, თორემ ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. მუდამ ახალგაზრდა არავინ დარჩება, იმ ქვეყნად წასული კი - ყველა წარდგება ღვთის წინაშე. მერე როგორ უნდა იმართლოს თავი, სიცოცხლეში უძლურ და მოხუცებულ ადამიანს აბუჩად რომ იგდებდა და გულს სტკენდა?

ეს ყველაფერი ჩემი მეგობრის დედის მდგომარეობამ გამახსენა: თაკოს პირველსავე დღეს უთხრა დედამთილმა: არ გეწყინოს, ბავშვების გაზრდაში ვერ დაგეხმარები, მე ჩემს გოგოებს უნდა წავუკრა ხელი საქმეში, შენ კი ყოჩაღი დედა გყავს და დაგეხმარებაო. თაკოს გულის სიღრმეში ეწყინა მისი ნათქვამი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ახალშექმნილ ოჯახში ყოველთვის წარმოიქმნება პრობლემები (ფინანსური თუ მორალური), ამ დროს თუ ვინმე გვერდში არ გყავს და არ გეხმარება, ძალიან ძნელია. მე დედაც მეხმარებოდა და დედამთილიც სამი შვილის გაზრდაში. თაკოს მხოლოდ დედა ედგა გვერდში. სანამ მერი დეიდა ჯანზე იყო და შვილიშვილებს ცივ ნიავს არ აკარებდა, ჩუმად იყო თაკოს ქმარი. მამის გარდაცვალების მერე თაკომ მეორე სამსახურიც იშოვა, შვილებს ყურადღება რომ არ მოჰკლებოდათ, დედა  თავისთან გადაიყვანა. ეტყობა, ამან დედამთილ-მამამთილი გააღიზიანა, შვილი გააქეზეს მერის წინააღმდეგ და იმანაც ომი გამოუცხადა 70 წლის ქალს. თაკო და დედამისი გაოგნებული იყვნენ ბადრის ცვლილებით. მისიანები კი ქრონიკულად ერთსა და იმავეს ამბობდნენ, ალბათ, მიზეზი აქვს, ასე რომ იქცევაო... ბადრი კი უმატებდა და უმატებდა...

მისგან მხოლოდ ლანძღვა-გინება და უშვერი სიტყვების კორიანტელი მოდიოდა. ძალიან მეცოდებოდა თაკო, ამიტომ როცა რჩევა მკითხა, დაუფიქრებლად ვუთხარი, - გაშორდი-მეთქი. ბავშვობასა და ქალიშვილობაში განებივრებული გოგო ბადრის გვერდით უზომოდ დაიჩაგრა. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა განქორწინება. როგორც კი გაშორდნენ, ყველაფერი დალაგდა, შვილებიც დამშვიდდნენ, მერი დეიდაც და თაკოც. ბადრისთან დაშორებისას თაკოს ეს უთქვამს შვილების მამისთვის: ღმერთს ვთხოვ, სიბერეში ისევე "სამართლიანად" მოგექცნენ ახალგაზრდები, როგორც შენ ექცეოდი დედაჩემსო... უკვალოდ არაფერი იკარგება - არც მადლი და არც უმადურობა; ყველას უნდა შეეძლოს იმის გაცნობიერება, რასაც სჩადის. ვინც შესცოდავს, თუ არ მოინანია, უცილობლად დასჯის უფალი.

პატივისცემით

თეა გოგოტიშვილი