ბედნიერების "სტოპ-კადრი", ანუ "ისევ შენ..." - კვირის პალიტრა

ბედნიერების "სტოპ-კადრი", ანუ "ისევ შენ..."

როცა "მეოცნებე" "სერიოზულს" შეხვდა...

ორივემ უცებ, თითქმის ერთდროულად გადაწყვიტა - ერთმანეთით დავიღალეთ, გრძნობაც განელდა და სჯობს გავშორდეთო... გაშორდნენ. მართალია, შვილი ჰყავდათ, მაგრამ უსიყვარულოდ და მოვალეობით ცხოვრებას ცალ-ცალკე ყოფნა არჩიეს.

არც ქალს ჰყავდა ახალი რჩეული და არც კაცს. ერთიც თავისი გზით მიდიოდა და მეორეც. გავიდა ერთი წელი. მეგობრებმა დადარდიანებულ ლიკას ურჩიეს, გაცნობის საიტზე დარეგისტრირებულიყო - თუ ვინმეს სერიოზულს ვერ მოძებნი, გაერთობი მაინც და გულსაც გადააყოლებო. ლიკაც დარეგისტრირდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, სხვა სახელით. ლიზი დაირქვა, ნიკით - "მეოცნებე". პირველსავე დღეს გამოეხმაურნენ. ზოგი უცერემონიოდ სთავაზობდა ახლო კავშირს, ზოგმაც  ჩაუკრა - აქ ტყუილუბრალოდ არავინ შემოდის, რეალურად შეხედე ცხოვრებასო. ის იყო, საიტიდან გამოსვლას აპირებდა, რომ უცებ გამოჩნდა ზრდილი, დარბაისელი კაცი (ყოველ შემთხვევაში, მისი მსჯელობიდან ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ლიკას). მას მეტსახელად "სერიოზული" ერქვა. მიესალმნენ ერთმანეთს, გაიცნეს, მერე კი, დღე არ გავიდოდა, არ ესაუბრათ. ორი კვირის შემდეგ მათი დიალოგი უფრო "შინაურული" გახდა:

სერიოზული: - ლიზი, ასე მგონია, დიდი ხანია გიცნობ.

მეოცნებე: - ხო, მეც ახლობლად მიმაჩნიხარ. საოცარია, არა?

სერიოზული: - ამას ბედისწერა ჰქვია, ჩემო კარგო. ძალიან მინდა, შეგხვდე და უფრო ახლოს გაგიცნო. შენ არა?

მეოცნებე: - არა, მე არ მეჩქარება შეხვედრა. ჯერ აქ უნდა გაგიცნო კარგად.

სერიოზული: - ეე, ჩემო მეოცნებე ლიზი, როგორ ფიქრობ, აქ რომ ერთი წელი ვიმესიჯოთ, კარგად გავიცნობთ ერთმანეთს? ქალმა და კაცმა, შეიძლება, ოცი წელი იცხოვრონ ერთად და მერე მიხვდნენ, რომ თურმე სინამდვილეში არ სცოდნიათ ერთმანეთი.

მეოცნებე: - გეთანხმები... და მაინც, ნუ დამაჩქარებ.  ახლახან გავშორდი ქმარს და ახალი ნაცნობობა არც ისე იოლია.

სერიოზული: - მეც გავშორდი ცოლს. ვერ ვუგებდით ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, შენ ისეთი რაღაც არ შეგეშლება, რაც შეეშალა ჩემს ცოლყოფილს.

მეოცნებე: - რა ჰქნა ასეთი?

სერიოზული: - აღარ მინდა ძველის გახსენება, თან ქალივით ჭორაობას ხომ არ დავიწყებ!

მეოცნებე: - გეთანხმები. არ მიყვარს, როცა კაცი ქალზე აუგს ამბობს და ცდილობს თავი გაიმართლოს... ისე, მინდა იცოდე, რომ მე შვილი მყავს და 37 წლის ვარ.

სერიოზული: - შენს შვილს საკუთარივით მოვეპყრობი.

მეოცნებე: - შენ უკვე გეგმებიც დაგიწყვია...

სერიოზული: - მართალია, ამ საიტზე დავრეგისტრირდი, მაგრამ არავისთან გამიბამს დიალოგი. შენ სხვა ხარ, ლიზი. ამას მართლა ბედისწერა ჰქვია!

ასეთი დიალოგი კიდევ ორი თვე გაგრძელდა და როგორც იქნა, "სერიოზულმა" "მეოცნებე" შეხვედრაზე დაიყოლია. თავისი ფოტო არც ლიზის განუთავსებია და არც გიგის (გიგი "სერიოზულის" ვირტუალური სახელი იყო), არც ერთს არ სურდა, ვინმეს ეცნო ამ ყბადაღებულ საიტზე, ამიტომაც შეთანხმდნენ, შეხვედრისას ქალს წითელი ვარდი დაეჭირა ხელში, კაცს - თეთრი. გაცნობის ეს რომანტიკული ხერხი ლიკა-ლიზიმ მოიფიქრა. ის ხომ გამოუსწორებელი მეოცნებე იყო. თეთრი ვარდი ერთგულების, წითელი კი - მარადიული სიყვარულის სიმბოლოა. შეხვედრა რუსთაველის მეტროს წინ დათქვეს. ლიკა-ლიზიმ შორიდანვე დაინახა მაღალი მამაკაცი, რომელსაც თეთრი  ვარდი ეჭირა ხელში. ის წამდაუწუმ საათზე იხედებოდა და რატომღაც მეტროდან გამომსვლელთ აკვირდებოდა. ლიკა  ძალიან ღელავდა, თეთრი  ვარდი კი დაინახა, მაგრამ სახე - ვერა, რადგან "სერიოზული" მისკენ ზურგით იდგა. აი, მიუახლოვდა მას, უკან დაუდგა და მიესალმა:

- გიგი, გამარჯობა, მე მოვედი!

კაცი მოტრიალდა და... ალბათ, ამას ჰქვია "სტოპ-კადრი". გიგის ღიმილი შეეყინა სახეზე, ლიზის კი თვალები საცრისოდენა გაუხდა, ესღა აღმოხდა: - შენ?

ალბათ მიხვდით, რაც მოხდა!

გიგი ლიკას ქმარყოფილი გურამი გამოდგა, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წითელი ვარდი ცოლყოფილს გაუწოდა და... ჯერ ლიკას წასკდა სიცილი, მერე გურამიც აჰყვა და ცოტა ხანში ორივე არანორმალურად ხარხარებდა. გამვლელები გაოცებულები შესცქეროდნენ ამ უცნაურ წყვილს, რომელსაც სიცილისაგან ცრემლი სდიოდა.

ბოლოს, გურამმა სული რომ მოითქვა, ლიკას ხელი გადახვია და უთხრა:

- იცი, რას მივხვდი? ჩვენ მართლა ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი, ამიტომაც მოგვიმზადა ბედმა ასეთი სიურპრიზი.

- ისე, რა სერიოზული კაცის როლს თამაშობდი?! ყოჩაღ შენ! - მაინც გაჰკრა კბილი ლიკამ.

- ალბათ, ერთწლიანი დაშორება იყო საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი ხელახლა გვეპოვა.

- ალბათ! - გაეღიმა ლიკას და ხელკავი გამოსდო "ხელახლა აღმოჩენილს" და "ღირსებებით აღსავსე" ქმარყოფილს.

ამ დღიდან დიდი დრო არ გასულა, სულ რაღაც ოთხი თვე! ლიკას და გურამს ყოფილები აღარ ჰქვიათ. ისინი ერთად არიან და თქვენ წარმოიდგინეთ, ბედნიერად გრძნობენ თავს.