მაპოვნინეთ დედა! - კვირის პალიტრა

მაპოვნინეთ დედა!

დიდი ხანი არაა, რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ. ჩემი გამზრდელი არაფერს მეუბნება, ალბათ, ეშინია, არ მივატოვო. უკვე მოხუცია, უძლური და ჰგონია, ზურგს შევაქცევ. არადა, სულაც არ ვარ უმადური.მყავს ქმარი და ორი შვილი. ვიცი, რას ნიშნავს თეთრად გათენებული ღამეები და ბავშვის ავადმყოფობის გამო ნერვიულობა. ჩემმა გამზრდელმა ხომ ახალშობილი მიშვილა.

როგორც ვიცი, ოზურგეთში დავიბადე (აქვე გავიზარდე და ახლაც აქ ვცხოვრობ). 1974 წლის 14 დეკემბერს უცნობმა ქალმა ერთ სამკერვალოში ბედის ანაბარად დამტოვა. სამკერვალოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავის უშვილო მეგობარს მიმგვარა. მარგოს და მის ქმარს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და ძალიან დარდობდნენ. ჩემმა გამოჩენამ უსაზღვროდ გაახარა ორივე. მადლობის მეტი რა მეთქმის? რაც შეეძლოთ, ყველაფერს მიკეთებდნენ, მაგრამ რახან გავიგე, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა სულ სხვაა, მინდა, ვიცოდე, ვინ არის და სად ცხოვრობს. იქნებ, და ან ძმა მყავს? ისიც მინდა გავიგო, რა მიზეზით მიმატოვა დედამ.

გემუდარებით, გამომიქვეყნეთ ეს წერილი. მოუთმენლად ველი გამოხმაურებას. თქვენს გაზეთს ყველა ინტერესით ეცნობა და მჯერა, ვიღაცას გაახსენდება ჩემი ამბავი. შეუძლებელია, რომელიმე ოზურგეთელმა არ იცოდეს, რა მოხდა 1974 წლის იმ სუსხიან დეკემბრის დილას, როცა სამკერვალოში დატოვეს ჩვილი...

პატივისცემით ხათუნა, ოზურგეთი