სიბერე ისედაც ძნელია... - კვირის პალიტრა

სიბერე ისედაც ძნელია...

ძალიან იმოქმედა თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულმა წერილმა "ყველანი დავბერდებით". იცით, რამდენს აწუხებს ეს სატკივარი? რამდენს აქვს სიბერე გამწარებული?საქართველოშიცაა მოხუცებულთა თავშესაფრები, სადაც ძირითადად მიტოვებული, მარტოხელა მოხუცები არიან. რამდენიმე თვის წინ სამსახურებრივი საქმის გამო მომიწია ერთ ასეთ სახლში სტუმრობამ. მიუხედავად ნორმალური პირობებისა, ისეთი მოხუცები მრავლად დამხვდნენ, ვის თვალებშიც უზარმაზარი ნაღველი იდგა. ზოგი შვილმა მიატოვა, ბინა გაუყიდა და თვითონ უცხოეთში გადაიკარგა, დედა კი მეზობლების ჩარევით მოხუცებულთა თავშესაფარში მიიღეს... ერთს ქალიშვილი გარდასცვლია, შვილიშვილებს თავ-თავისი ოჯახები ჰქონიათ, არც ერთმა არ ინება ბებიის წაყვანა,  იყო ისეთიც, რომელიც ცოცხალმა და არც ისე გაჭირვებულმა შვილმა თავისივე სურვილით მიიყვანა თავშესაფარში - არ მაქვს მოხუცი მამის მოვლის თავიო...

ადრე, სანამ ახალგაზრდები იყვნენ და ძალას არ იშურებდნენ შვილებისათვის, მაშინ "ასატანი" იყო მათი ყოფნა, ხოლო როცა დაბერდნენ, ტვირთად გადაიქცნენ?

ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოხუცებისთვის და მოხუცებულთა სახლებს "თავშესაფრის" სტატუსი კი არა,   უფრო ადამიანური სახელი მოუძებნოს. სიბერე ისედაც ძნელი რამაა, მით უფრო მაშინ, როცა გრძნობ, რომ ამქვეყნად აღარავის უნდიხარ.

თქვენი მკითხველი

ანა რაზიკაშვილი