სასიკვდილოდ გამეტებული - კვირის პალიტრა

სასიკვდილოდ გამეტებული

რატომ დაჭრა რძალმა 67 წლის დედამთილი

ხმა გავარდა, - დეიდა თინა დაჭრესო. უცებ შეიყარა მთელი უბანი. ჯერ ეგონათ, ალბათ მძარცველები მიუცვივდნენო - თინას ვაჟი ესპანეთში ცხოვრობდა და ფულს უგზავნიდა მშობლებს, მაგრამ როცა მათთან მივიდნენ, პოლიციელებს უკვე წაეყვანათ "მომხდური", გამომძიებელი კი დაკითხვას წარმართავდა. თურმე თინას რძალი, ნინო, რომელიც თავის მშობლებთან ცხოვრობდა, მოულოდნელად მიუვარდა დედამთილ-მამამთილს და დანით დაჭრა 67 წლის ქალი...

ნინომ და ზურამ ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს და თანამშრომელთა ხელშეწყობით  მალე დაქორწინდნენ, მაგრამ ხასიათით ვერ შეეწყვნენ, ხშირად კამათობდნენ... ყოველი ჩხუბის შემდეგ ნინო დასტაცებდა ხელს ბავშვს და თავისიანებთან გარბოდა. ზურას მშობლებს არ უნდოდათ, პატარა უმამოდ გაზრდილიყო, მიდიოდნენ მძახლებთან და რძალი და შვილიშვილი უკან მიჰყავდათ. ამ "მოგზაურობაში" 5 წელი გავიდა. ნინომ დედამთილის თხოვნით მეორეც გააჩინა, მაგრამ ცოლ-ქმრის ჩხუბს საშველი მაინც არ დაადგა. ახლა რძალი ორი ბავშვით უფრო დიდ გულზე იყო, პრეტენზიებმაც იმატა.

ზურას სულ იმას ეჩიჩინებოდა, არ გვყოფნის შენი ხელფასი, რაღაც სხვა მოიფიქრეო და მანაც გადაწყვიტა საზღვარგარეთ ეცადა ბედი. მით უფრო, რომ იქ უკვე ეგულებოდა ორი მეგობარი. მშობლებს არ უნდოდათ ერთადერთი ვაჟის უცხოეთში გაშვება, მაგრამ ცოლ-ქმრის გადაწყვეტილებას მაინც არ შეეწინააღმდეგნენ. ზურა წავიდა, მაგრამ უცხო ქვეყანაში სამუშაოს შოვნა გაუჭირდა. ამასობაში, მის ოჯახში ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. უკმაყოფილო ნინომ ჯერ შვილებიანად დატოვა ქმრის ოჯახი, მერე მიხვდა, რომ მის მშობლებსაც უჭირდათ და ცოტა ხანში ისევ დედამთილ-მამამთილს მიუყვანა ბავშვები, - ესენი მარტო ჩემი შვილები ხომ არ არიან, თანაც მეორე თქვენი დაჟინებული თხოვნით გავაჩინე, კეთილი ინებეთ, შეინახეთო. ზურას მშობლებმა სიხარულით მიიღეს შვილიშვილები. მიუხედავად იმისა, რომ ზურა მათ ვერ უგზავნიდა ფულს, მაინც არ უჭირდათ, რადგან თინა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო და უკვე პენსიაზე გასულს კერძო მოსწავლეები და აბიტურიენტები არ აკლდა. ამას გარდა, სოფელ გლდანულაში მიწის ნაკვეთი და სახლი ჰქონდათ. ვასილს (ნინოს მამამთილს) იქ პატარა მეურნეობაც ჰქონდა... ერთი სიტყვით, მათთან ბავშვებს არაფერი აკლდათ. თანაც პატარებს ისედაც ბებია-ბაბუასთან ერჩივნათ ყოფნა. ერთხელ უმცროს ნიკუშას წამოსცდა, - არ მინდა დედასთან, სულ ჩხუბობსო.

მერე ზურამაც, როგორც იქნა, დაიწყო მუშაობა და ფულიც გამოგზავნა. ეს რომ ნინომ გაიგო, ბავშვებს ხელი დასტაცა და წაიყვანა. იმედი ჰქონდა, რომ ზურა ამჯერად მას გამოუგზავნიდა ფულს, მაგრამ ზურამ შემოუთვალა, - არ მინდა ჩემი შვილები სხვაგან იყვნენ, დაბრუნდი შინო. ნინო კარგა ხანს ჯიუტობდა, არც ზურამ დაიხია უკან, მშობლებს აუკრძალა რძალთან მისვლა და თვე-ნახევრის შემდეგ ნინომ ბავშვები ისევ დააბრუნა. მამამთილი დაჰპირდა, რომ ზურას გამოგზავნილიდან მასაც აუცილებლად მისცემდა წილს. ნინო დროებით დაწყნარდა. კვირაში ერთხელ აკითხავდა შვილებს, გაასეირნებდა და საღამოს ბებია-ბაბუას მიუყვანდა. ასე გავიდა ერთი წელი.

ერთ დღესაც ნინომ გაიგო, რომ ზურამ იქ "ქალი გაიჩინა". მიუვარდა დედამთილ-მამამთილს, ისინიც გვარიანად გამოლანძღა და ქმარიც. მერე ტრადიციულად ბავშვების წაყვანა მოინდომა, მაგრამ ნიკუშამ და თეკლამ ღრიალი ასტეხეს, - არ წამოვალთ, არ გვინდა შენთანო. მთლად დასაბმელი გახდა ნინო, ცემა დაუპირა შვილებს, რისი უფლებაც არ მისცა ვასილმა. მან რძალს კარისკენ მიუთითა და უთხრა, - როცა დამშვიდდები და ბავშვებსაც აღარ შეეშინდებათ შენთან ყოფნის, მერე გაგიღებთ კარსო... თვალებს არ უჯერებდა ნინო. იგი მიჩვეული იყო ზურას მშობლების მორჩილებას, ახლა კი ჩაკეტილ კარს მიღმა დარჩა, ცარიელ-ტარიელი და ქმრისგან ლაფდასხმული...

თინამ კი მძახლებს დაურეკა და სთხოვა, ბავშვებს ეშინიათ დედის და ჯერჯერობით ნუ მოვაო. კარგა ხანს ივიშვიშა იმ ქალმაც, - არ ვიცი, რა დაემართა ამ გოგოს, რატომ გადაირია ასე, თუ ქმარზეა გულნატკენი, თქვენ ან ბავშვებს რას გერჩითო...

გაიარა ერთმა თვემ. ზურას მშობლები გრძნობდნენ, რომ ასე იოლად არ დამთავრდებოდა ყველაფერი. თეკლა სკოლაში ბაბუას მიჰყავდა და მოჰყავდა. მასწავლებელი გაფრთხილებული ჰყავდათ, დედას არ გაატანოთ გოგონაო...

მერე გაიგეს, რომ ნინოს თურქეთში დაეწყო სავაჭროდ სიარული...

ერთ საღამოს მოულოდნელად დაადგათ თავს რძალი. არც სხვა დროს ყოფილა მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ იმ საღამოს ნინო საშინლად აგრესიული ჩანდა. მან ბავშვები მოითხოვა. ვასილმა უარი უთხრა, - ძალიან გაღიზიანებული ხარ და ბავშვებს ვერ აგაწიოკებინებო. როგორ თუ ჩემს შვილებს მიმალავთო და უცებ დანა იძრო, მოუქნია კაცს, მან აიცდინა, შეშფოთებული თინა შუაში ჩაუდგა ქმარსა და რძალს, იფიქრა, მე არ დამარტყამს, მომერიდებაო, მაგრამ ნინომ მხარში დაჭრა. გაგიჟდა ვასილი, - ეს ქალი კი არა, ნამდვილი სატანაა ჩვენი ოჯახის გასანადგურებლად მოვლენილიო... ცდილობდა გააფთრებული რძლის მოგერიებას, თინამ კი ამასობაში გონება დაკარგა. ბავშვებმა წივილ-კივილი მორთეს. კარის მეზობელი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და პატრულს გამოუძახა. ნინო გაქცევას აპირებდა, მაგრამ პოლიციელები გამოჩნდნენ და დააკავეს...

ეს ამბავი ზურამ რომ გაიგო, საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა - გაზაფხულზე აპირებს ჩამოსვლას.

ნინოს კი ხულიგნობისა და ძალადობისათვის სამი წელი მიუსაჯეს. ბავშვები ძალიან ტრავმირებული არიან. პატარები გრძნობენ, რომ მათ ოჯახში დაძაბული სიტუაციაა, ამიტომაც ცდილობენ ბებია-ბაბუა არ გააბრაზონ და თვალებში შესცქერიან, მამის გამოჩენასაც სულმოუთქმელად ელოდებიან. ასე ჰგონიათ, მამის დაბრუნებით სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება ის საშინელება, რასაც მათი დედა სჩადიოდა.