მოკრძალებიდან სიავემდე - კვირის პალიტრა

მოკრძალებიდან სიავემდე

თავზარი დამეცა, როცა თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებული წერილი, "სასიკვდილოდ გამეტებული", წავიკითხე. ჩემი დაც მსგავს დღეშია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მისი ვაჟიშვილი უცხოეთში კი არა, აქაა და ასე თუ ისე, ეგუება ცოლის სიავეს.

ჩემმა დისშვილმა 23 წლისამ შეირთო ცოლი. სოფო, სანამ სარძლო იყო, ძალიან მოკრძალებული გახლდათ, მის ხმას ვერ გაიგონებდით, სულ ღიმილად იღვრებოდა. ნიკა კარგი სასიძო იყო: შეძლებული მშობლები ჰყავდა,  სახლ-კარიც კარგი ჰქონდა, სამსახურიც.

ბევრ გოგოს მოსწონდა, მან სოფო აირჩია და ერთ დღეს მშობლებს კარზე მიაყენა, - ესაა ჩემი რჩეულიო. ჩემმა დამ და სიძემ სიხარულით მიიღეს ქალიშვილი. ოჯახში პირველი შვილიშვილი გაჩნდა, ცოტა ხანში სოფომ ენა ამოიდგა და ყველა გაოგნებული დაგვტოვა. ნიკა ჯერ უთმენდა, მერე დარიგება დაუწყო, როცა არაფერი გამოვიდა, ჩხუბზე გადავიდა. ამ დავა-კამათში რძალმა კიდევ ორი ბავშვი გააჩინა და ჩემმა დისშვილმაც დაყარა ფარ-ხმალი.

გაინტერესებთ, რა აჩხუბებდა ჩვენს სამშვილიან რძალს? თავიდან ჯუჯღუნებდა, - პატივს სათანადოდ არ მცემთ, არ მაცმევთ ისე, როგორც მეკადრებაო, მერე დედამთილს აუშარდა, - ნიკას ჩემზე მეტად შენ უყვარხარო. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უკვე ყველაფერზე შეეძლო შედავება.

მეც და სხვა ნათესავებმაც ვურჩიეთ დას და სიძეს, გაეყიდათ სახლი და ახალგაზრდებისთვის წილი მიეცათ.

ფაქტია, როცა ოჯახში უსიამოვნება იწყება, რაც უნდა დიდი სახლი იყოს, იგი თვალსა და ხელშუა პატარავდება და არავისთვის არ არის სამყოფი. კარგა ხანს თავს იკავებდნენ ჩემი და და სიძე სახლის გაყიდვაზე, ბოლოს, დანაზოგს ნასესხები ფულიც დაამატეს და ნიკას ოროთახიანი ბინა უყიდეს. სულ რაღაც 5 თვე იყო რძალი წყნარად, მერე კი ახალი ჩხუბის მიზეზი გაუჩნდა, - ჩვენ, სამი ბავშვის პატრონები, პატარა ბინაში რატომ უნდა ვიყოთ და ის ორი ბებერი ორსართულიან სახლში პარპაშებდნენო...

გულმა ვერ მომითმინა და როგორც კი საშუალება მომეცა, დისშვილს და მის ცოლს საყვედური ვუთხარი. ზურგი შემაქციეს და წავიდნენ... რამდენიმე დღის შემდეგ კი სოფო დედამთილ-მამამთილს მიუვარდა, გვარიანად გამოლანძღა, თან ახალი მოთხოვნაც წაუყენა,- თქვენ გადადით იმ ოროთახიანში, ჩვენ კი აქ ვიცხოვრებთ, აკი, ეს სახლი ნიკასთვის გინდოდათო...

ჩემს სიძეს მოთმინების ძაფი გაუწყდა და რძალს უთხრა, - სახლის დაპატრონების იმედი  ნუ გექნებაო. ამის თქმაზე კინაღამ გაგიჟდა ჩვენი "მოკრძალებული" გოგო, დედამთილს მივარდა, - სულ შენი წაქეზებულია ეს კაცი, ქმარსაც ხომ მიმხედრებდი, მაგრამ ის როგორც იქნა, დავაჭკვიანე, ახლა კი, თქვენ მოგივლითო... ნიკას მამამ გარეთ გამოაბრძანა და კარიც მიუხურა. სოფომ იმდენი ქნა, ქმარი წააქეზა, მშობლებს აუმხედრა და განაწყენებულმა ნიკამ დედ-მამას განუცხადა: რახან ეს სახლი გირჩევნიათ ჩემს კეთილდღეობას, აწი აქ ჩემი ფეხი აღარ იქნებაო და წავიდა მშობლებისგან.

წელიწადი გავიდა და თავისიანებისკენ არც გაუხედავს. მედარდება ჩემი და, რამე არ დაემართოს, ძალიან განიცდის ვაჟიშვილის დაკარგვას. იმ წერილში მოთხრობილისა არ იყოს, მეშინია, ჩვენი რძალი იარაღით არ მიუვარდეს დედამთილ-მამამთილს და რამე არ დაუშავოს - მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომაც გიგზავნით ამ წერილს... იქნებ რძალმაც თვალი გადაავლოს თქვენს გაზეთში გამოქვეყნებულს და უკან დაიხიოს, მიხვდეს, რომ არასწორად იქცევა.

პატივისცემით ნ. კ.