როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომს უცხადებს
როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომს უცხადებს
ამბობენ, ერთმანეთისთვის ცოლ-ქმარი ყველაზე ახლობლები არიან, მაგრამ თუ წაიკიდნენ - ყველაზე დიდი მტრებიო. რატომ უნდა გადაემტერონ ერთმანეთს ოდესღაც მოსიყვარულე ადამიანები? ამაზე არაერთხელ დაწერილა და ფსიქოლოგებიც მუდმივად მუშაობენ. ასე ადვილი რომ იყოს დასკვნის გაკეთება, ეს თემაც ასე გაუცვეთელი არ იქნებოდა...

ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, - ძალიან ხშირად, როცა კაცს ცოლისადმი გრძნობა უცივდება, შვილის მიმართაც გულგრილი ხდებაო. როცა ოჯახიც იშლება, ფიქრობს: აღარ ვარ მოვალე, შვილი (ან შვილები) ვარჩინო, ჩემმა ცოლმა განშორება გადაწყვიტა და
ჩემგან ნურაფერს მოელისო...

ეს ამბავი 9 წლის წინ დაიწყო.…ცოლ-ქმარს შორის "ცივი" ომი 3 წელია გრძელდება. რევაზი აჭარელია (მისი ნამდვილი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ). ყველა ზღვისპირელი შორეულ ნაოსნობასა და კაპიტნობაზე ოცნებობს. გამონაკლისი არც რეზო იყო. Iსწავლის დასრულების მერე ბოცმანობით დაიწყო კარიერა, უკან არაფერზე იხევდა, თავისი საქმე
ძალიან უყვარდა და მიზანმიმართულად წინ მიიწევდა. 12 წლის შემდეგ აისრულა ოცნება - გახდა კაპიტანი. საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. მისი დიდი ოჯახი - მშობლები, სამი და და ბებია-ბაბუა - რეზოს შემყურე იყო. გასაკვირია, მაგრამ არავის ეჩქარებოდა ერთადერთი ვაჟის დაოჯახება. ყYველა თავისთვის ფიქრობდა, რომ დაოჯახებული რეზო  ხელხვავიანი აღარ იქნებოდა. დDრო კი მიქროდა. უცხოეთის კომპანიები რეზოს საგანგებოდ ქირაობდნენ, როგორც გამოცდილ კაპიტანსა და თავისი საქმის კარგ მცოდნეს. 42 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ თბილი კერა უნდოდა. ერთ ნათესავს გაანდო სურვილი. ისიც დატრიალდა და მალე გამოუძებნა საცოლე. ნინა კარგი ქალი აღმოჩნდა, მომხიბვლელი, განათლებული. ინგლისურ ენას ასწავლიდა სკოლასა და კოლეჯში, არც კერძო მოსწავლეები აკლდა. ბევრი აღარ უფიქრია რეზოს,  მივიდა ნინას ოჯახში და დანიშნა ქალი.  ცოტა ხანში ქორწილიც გადაიხადეს.

პირველი გოგო გაჩნდა, ორი წლის შემდეგ - ბიჭი. რეზო და ნინა ცალკე ცხოვრობდნენ. როცა რეზო შორეულ ნაოსნობაში მიდიოდა, ნინას ბავშვების გაზრდაში დედა და და ეხმარებოდნენ. უკვირდა ქალს, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. დედამთილი და მულები იშვიათად თუ მოინახულებდნენ, თუმცა დადარაჯებული თვალით უმოწმებდნენ ყველაფერს. ერთხელ უფროსმა მულმა ისიც კი უთხრა, - ჩვენი ძმა ბევრს წვალობს, რომ ორი ოჯახი არჩინოს, ამიტომ ჩამოწერე, რაში რამდენს ხარჯავო. ნინა არ მოელოდა ამას, მაგრამ უსიამოვნება არ უნდოდა და მულს თხოვნა შეუსრულა - დაიწყო ჩამოწერა... შინ დაბრუნებულ რეზოს ცოლმა არ დაუმალა, - ასე და ასე იყო საქმე, რატომ ერევიან შენიანები ჩვენს პირად საქმეშიო. რეზომ კი, - ჩემი პირადი მათი საქმეცაა და ეგ მეორედ აღარ თქვაო.
დედამ და დებმა რეზოს თანდათან გული ააცრუებინეს ნინაზე. ატყობდა ქალი, რომ ურთიერთობის გაფუჭებაში ლომის წილი სწორედ დედამთილსა და მულებს ედოთ, მაგრამ იმასაც გრძნობდა, როგორც უნდა ებრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად, არაფერი გამოუვიდოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, რეზომ ცოლს გამოუცხადა, - ორი წლით გავაფორმე კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან, შეიძლება ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავბრუნდე საქართველოში, ამიტომ წინდაწინ დაგიტოვებ 2.000 დოლარს და გამოიზოგეო... ნინას რაღა ეთქმოდა? თვითონაც მუშაობდა და რამენაირად იმყოფინებდა ამ ფულს, თუმცა ისიც იცოდა, რომ ორჯერ მეტი მშობლებს და დებს დაუტოვა... საყვედური ამის გამო არ დასცდენია.  ორი წლის შემდეგ რეზომ ცოლს დაურეკა, - კონტრაქტი გამიგრძელეს, მაგრამ, შენთან ყოფნა აღარ მინდა, განქორწინებაზე ვიფიქროთო. ნინა გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. უსიტყვოდ მოაწერა ხელი უცხოეთიდან გამოგზავნილ საბუთებს და გაშორდნენ.

წლებია, უკვე მაღალანაზღაურებადი კაპიტანი შვილების რჩენაზე უარს ამბობს. ნინა დაიღალა ქმარყოფილის ახლობლებთან "ბრძოლით"... დღემდე ვერ გაუგია, რას ერჩოდნენ, რას ითხოვდნენ მისგან, რა არ მოსწონდათ და რას ემართლებოდნენ. თუკი რეზოსთან ყოფნის პერიოდში კონფლიქტზე თავს იკავებდა, განქორწინების შემდეგ კატეგორიულად მოითხოვა კუთვნილი: შვილები ჯერ კიდევ პატარები გვყავს, კეთილი ინებოს და ალიმენტი გადაიხადოსო... სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო... არც რეზო და არც მისიანები უკან არ იხევდნენ, ლანძღავდნენ და თათხავდნენ, უმადურსა და გაუმაძღარს უწოდებდნენ.

ეს დავა დღემდე გრძელდება. გამოცდილი კაპიტანი კი, ხან სადაა და ხან - სად. ბოლო სასამართლოზე რეზომ განაცხადა, - უმუშევარი დავრჩი და 300 ლარის მეტი არ შემიძლია გადავიხადოო. თუმცა, ნინამ შეიტყო, რომ მის ქმარყოფილს ერთ მსხვილ უცხოურ კომპანიასთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მისი ხელფასი 4.500 დოლარია. რატომ არ უნდა მამას შვილების სარჩენად უფრო მეტის გაღება, ეს ნინასთვის გამოცანად რჩება.
მკითხველის კომენტარი (27)
daviti
29 თებერვალი 2012 12:00
უღირსი გამოდგა რეზო და რა უნდა თქვა. მშობელმა თუ შვილის ფასი არ იცი, სიბერის მაინც გეშინოდეს. ძნელია ქალების გაკონტროლება, მაგრამ ტვინი არ უნდა გამოალაყებინო გინდ ცოლს და გინდ დედასა თუ დას. შეიძლება ერთად ვერ ცხოვრობდნენ, მაგრამ რომელიმემ მეორე მხარე როგორ უნდა შეგაძულოს
პ.ს. სწორად იქცევა ეს ქალბატონი, თავისით თუ ვერ ხვდება, ძალად უნდა გადაახდევინო ალიმენტი
tvalsazrisi
29 თებერვალი 2012 01:37
მეც გილოცავთ, ქ-ნო მარინა (დაბადების დღეს)
იცოცხლეთ, იბედნიერეთ

ეს არის ტიპიური ისტორია, როცა ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს, ფულის გამცემი არ ემეტებათ საცოლშვილოდ და ყოველ ღონეს მიმართვავენ, რათა იგი ისევ თავიანთ მეწველ ძროხად შეიგულონ
ასეთი კაცის ცოლი თუ ძალიან მაგრად არ დადგა, ქმარს თუ მაგრად არ ჩაებღაუჭა, ეგეთი წურბელები ქმარს წაართმევენ
რაც ამ შემთხვევაში მომხდარა კიდეც
marina babunashvili
28 თებერვალი 2012 21:14
დავიდ67-ის პასუხად! ჩემი სტატიები თუ გაღიზიანებთ, უფლება გაქვთ, არ წაიკითხოთ, მაგრამ ეტყობა, პერმანენტულად მაინც კითხულობთ და ასევე პერმანენტულად "ღიზიანდებით".. რა გაჭირვებაა??? ნუღარ კითხულობთ..მერწმუნეთ, თქვენს გარეშე ისედაც ბევრი მკითხველი მყავს!
david67
28 თებერვალი 2012 18:04
marina babunashvili / რატომაც არა. მე პიროვნულად პატივს გცემთ. თან ჩემი დაბადების დღეც თებერვალშია. უბრალოდ თქვენი სტატიები მაღიზიანებს)). შეიძლება არ უნდა ვღიზიანდებოდე, მაგრამ რას იზამ. კაცია და გუნება)
marina babunashvili
28 თებერვალი 2012 15:13
დიდი მადლობა, დავიდ67! გადავედით მილოცვებზე? ეს უკვე კარგი რამეა! გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ!
tolika
28 თებერვალი 2012 13:17
თუ აქ რაც წერია სწორია და მოგონილი არ არის, მაშინ მიტოვებული ცოლშვილის ცოდვა წამოეწევა სადღაც შტორმის დროს და ითხოვოს მერე პატიება უფლისაგან.
david67
27 თებერვალი 2012 21:10
მარინა ბაბუნაშვილი გილოცავთ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ.)

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა