"განა მარტო დედაა მოვალე, შვილზე იზრუნოს?" - კვირის პალიტრა

"განა მარტო დედაა მოვალე, შვილზე იზრუნოს?"

ვეხმაურები წერილს "როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომს უცხადებს"...

ამგვარი შემთხვევა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია. ისიც მართალია, რომ აღნიშნავთ, - ცოლისგან წასულ კაცს შვილი ავიწყდებაო... ერთი რამ ვერ გამიგია, შვილმა რა დააშავა, თუკი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს?! ურთიერთობა იშლება და სიყვარულიც ქრება, მაგრამ ბავშვი ხომ ცოცხალი ადამიანია, ისიც ხომ არ გაქრება? მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. განა მარტო დედაა მოვალე, შვილზე იზრუნოს? მეც მარტოხელა დედა ვარ. მარტომ გავზარდე შვილი, რომელიც ინვალიდია. ქმარმა მაშინ მიმატოვა, როცა ექიმმა გვითხრა, - თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ბავშვი ცერებრალური დამბლით დაიბადა. ახლა გიო 10 წლისაა. უჭირს ლაპარაკი, მაგრამ მე მისი მესმის. სიარულს ვერ ახერხებს, საწოლიდან ეტლში გადამყავს, საღამოობით კი, ეტლიდან - საწოლში. 5 წლის იყო, როცა მამამისმა გამომიცხადა, - ურთიერთობა ვერ ავაწყვეთ, ამიტომ უნდა წავიდე, გიოს დავეხმარები ხოლმეო. სამჯერ გამოგზავნა ფული, მერე თავი აღარც შეუწუხებია. ერთხანს მემალებოდა, მერე მისი და მოვიდა, 50 ლარი და ერთი თვის სამყოფი პროდუქტი დამიტოვა და მთხოვა, - ნუ უჩივლებ, არ მუშაობს და რა ქნას, კაცს ხომ არ მოკლავს?! როგორც შემეძლება, ისე მოგეხმარებიო... ორი წლის განმავლობაში მართლა მეხმარებოდა, მერე ქმარი გარდაეცვალა და თავად გაუჭირდა.

მოგვიანებით გავიგე, რომ გიოს მამას მეორე ცოლი შეურთავს და მუშაობაც დაუწყია. აზრი არ ჰქონდა ჩივილს და მოთხოვნას, მაინც არ გადამიხდიდა ალიმენტს და თავი დავანებე. კიდევ კარგი, სკოლის მერე კერძო საათები მაქვს და ბავშვებს მათემატიკაში ვამეცადინებ. სანამ სკოლაში ვარ, ძიძა მყავს დაქირავებული. არც საჭმელი აკლია ჩემს შვილს და არც წამლები, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს და საქვეყნოდ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ვკითხო ჩემი ქმარყოფილისნაირ კაცებს: თქვე კაიდედმამიშვილებო, ცოლს რომ ტოვებთ,  გასაგებია, მაგრამ შვილისგან გაქცევას როგორ ახერხებთ? ღმერთის მაინც არ გეშინიათ? მოვალეობისგან გათავისუფლებას რატომ ცდილობთ? ადამიანი ხომ იმით ფასდება, რამდენს იტვირთავს და როგორ ზიდავს ამ ტვირთს?! ღირსებას და შვილის სიყვარულს როგორ უნდა გაექცეს კაცი, ვერ გამიგია. ეს ორი რამ არ უნდა დაკარგოთ, თორემ ცოცხალ-მკვდრად გადაიქცევით, აი, ისეთად, რომელზეც ილია ბრძანებდა, - კაცია ადამიანიო?! დიახ, ყველა კაცი ადამიანი როდია?! ის კაცი კი, რომელსაც შვილი ჰყავს, უნდა ცდილობდეს, თავისი მოვალეობა ღირსეულად მოიხადოს.

თქვენი მუდმივი მკითხველი

თინა სანებლიძე, თბილისი