ქალიშვილობის ინსტიტუტი, ანუ შერცხვენილი პატარძლები - კვირის პალიტრა

ქალიშვილობის ინსტიტუტი, ანუ შერცხვენილი პატარძლები

ახლა ბევრი რამ გადაფასდა, ბევრსაც სულ სხვა თვალით შეხედეს, მაგრამ წლების წინ ქორწინების პირველ ღამეს ხანდახან ტრაგედია მოსდევდა, რადგან პატარძალი უმწიკვლო არ ბარდებოდა მეუღლეს...

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქართული ადათ-წესები და ჩვენი სარწმუნოება ქალიშვილობის ინსტიტუტს ემხრობა. ბოიფრენდობა და გერლფრენდობა კი მართლმადიდებლობას არ ესადაგება, რადგან ჯვარდაუწერლად ქალისა და კაცის თანაცხოვრება ცოდვად ითვლება. თუ ამ ყველაფერს "ულტრათანამედროვედ" შევხედავთ, გამოდის, რომ სარწმუნოებას ვღალატობთ, ხოლო თუ ტრადიციას მივყვებით, წყვილს ან გაუმართლებს, ან - არა. ხშირად გაგვიგონია: - ჯვარი მაქვს დაწერილი და როგორ გავეყარო? არადა, ჯოჯოხეთად მექცა მასთან ცხოვრებაო. ან კიდევ: - ნეტავ პირველსავე დღეს ჯვარი არ დამეწერა, კარგად გამეცნო "ძვირფასი მეუღლეო".

ახლა ორ ამბავს გიამბობთ, დასკვნა კი თავად გამოიტანეთ.

ბედს მინდობილი...

ლევანი მართლაც სანაქებო ბიჭი გახლდათ. უკვე 32 წლისა იყო და მთელ სანათესავოს მისი დაოჯახება სურდა. სამსახური კარგი ჰქონდა, ხშირად საზღვარგარეთ გზავნიდნენ მივლინებით, მატერიალურადაც არ უჭირდა, მაგრამ არ ჩქარობდა უღელში შებმას. ერთხელ კი სამსახურში გამოუცხადეს, უცხოეთში 2 წლით უნდა გაგიშვათ, მაგრამ აუცილებლად დაოჯახებული უნდა იყოო. სწორედ იმ პერიოდში დეიდაშვილი უქებდა თავის მეგობარს - ლამაზია, ჭკვიანი, განათლებული და კეთილზნიანიო. დაჰყაბულდა მაიკოს - გავიცნობო. ქეთის დანახვამ მოლოდინს გადააჭარბა. მთელი საღამო თვალი არ მოუცილებია ლევანს მშვენიერი გოგონასთვის. მერე შეხვედრაზე დაიყოლია... გახშირდა პაემნები. ერთი თვის შემდეგ კი ლევანმა ყველას ახარა, ცოლს ვირთავო. ლევანი არ მალავდა სიხარულს, ქეთი კი რატომღაც ჩაიკეტა, დანაღვლიანდა. მეგობრები მღელვარებას მიაწერდნენ ამას... სინამდვილეში კი არავინ იცოდა ქეთის წუხილის მიზეზი - მეათე კლასში იყო, როცა 15 წლით უფროსი მხატვარი შეუყვარდა. ის აღფრთოვანებული იყო გოგონას სილამაზით. სთხოვა, უნდა დაგხატოო. მართლაც დახატა და მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ორი თვის შემდეგ მხატვარმა განუცხადა, - რუსეთში მივდივარო. გოგომ ძალიან განიცადა მასთან დაშორება. წასვლის წინ კი "ხელოვანმა" ასე დაამშვიდა სასოწარკვეთილი ქეთი: - ნურაფერზე იდარდებ. ქართველებმა ვიცით ყველაფრის გაზვიადება, თორემ ისეთი არც არაფერი მომხდარა. მე, როგორც ხელოვან კაცს, მუზა მჭირდება და იმ დროისათვის შენ იყავი ჩემი შთაგონების წყაროო...

...ლევანმა ქეთი მართლაც მოხიბლა. ერთიღა აწუხებდა, - "უმწიკვლო" ვერ "ჩაბარდებოდა" ქმარს, თქმით კი ვერაფერს ეუბნებოდა. თავის დროზეც ვერავის გაუმხილა მხატვართან რომანის შესახებ... ღამეები არ ეძინა, ძალიან განიცდიდა მოსალოდნელ უსიამოვნებას. ბოლოს დაიღალა ნერვიულობით, ხელი ჩაიქნია და ბედს მიანდო ყველაფერი...

ლევანმა არ აპატია ქეთის ტყუილი და მეორე დილასვე მიუყვანა მშობლებს შერცხვენილი ქალიშვილი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა! ქეთიმ თავის მოკვლა გადაწყვიტა - იოდი დალია.…უმცროსმა დამ თვალი შეასწრო ამას და განგაში ატეხა - სულ არ მინდა მისი გათხოვება, მთავარია, ჩემი და იყოს ცოცხალიო... ქეთი გადაარჩინეს. ლევანმა სხვა მოიყვანა ცოლად და საზღვარგარეთ გაემგზავრა. იქიდან დაბრუნებული კი მიხვდა, რომ ისევ ქეთი უყვარდა, ცოლს გაშორდა, ქეთის პატიება სთხოვა, მაგრამ ქეთიმ აღარ აპატია. ექიმს გაჰყვა ცოლად და ყველაფერი უამბო საქმროს. იმანაც გაუგო. ლევანმა კი სამი ცოლი გამოიცვალა... დღემდე ქეთის მისტირის.

სვანების და

პატარძალი სვანი იყო, სიძე - ქართლელი. შორენას ორი წლის წინ შეყვარებული ავტოავარიაში დაეღუპა. აღარ უნდოდა გათხოვება, მაგრამ ოჯახში სტუმრად მისულმა ძმების მეგობარმა თვალი მოჰკრა თუ არა ლამაზ გოგოს, მაშინვე მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. ძმებმა კი შორენას დაუკითხავად მისცეს თანხმობა. როცა გოგომ გააპროტესტა, ძმებმა შეუტიეს: ვიცით, რომ კახა გიყვარდა, მაგრამ ცოცხალი აღარ არის  და გაუთხოვარი ხომ არ დარჩებიო?!

გადაიხადეს ქორწილი. მეორე დღეს ზაზამ ცოლის ძმები იხმო, - შერცხვენილია თქვენი დაო... ატყდა ერთი ამბავი. შორენას ძმებმა ზაზაზე გაიწიეს, - ჩვენს დას ექიმთან წავიყვანთ, შევამოწმებთ და თუ შენი ნათქვამი სიმართლე გამოდგა, იქვე მოვკლავთ, თუ არადა, შენ მიგაკლავთ ძაღლივითო. სიტუაცია ისე დაიძაბა, შიშით ხმას ვერავინ იღებდა... ძმებმა შორენა გინეკოლოგთან წაიყვანეს. როგორც კი მარტონი დარჩნენ, შორენა გინეკოლოგს ფეხებში ჩაუვარდა: - ექიმო, ნუ დამღუპავ, ესენი ჩემი ძმები არიან, ქმარიც აქაა... წუხელ ქორწილი გვქონდა. ქალწული არ ვარ... სიმართლე ვერ ვუთხარი ვერც ძმებს, ვერც საქმროს... სხვა მიყვარდა, დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ ავარიაში დაიღუპა. ძმებმა თავის მეგობარს მიმათხოვეს... გემუდარებით, ნუ დამღუპავთ, თორემ ძმები ცოცხალს არ დამტოვებენო... ისეთი გულწრფელი და სასოწარკვეთილი იყო შორენა, მიხვდა ექიმი, პატარძლის სიცოცხლე მართლა ბეწვზე ეკიდა. გამოვიდა კაბინეტიდან და იქ მყოფთ განუცხადა: - ეს გოგო უმწიკვლოა, პატიოსანი ჩაბარდა ქმარსო...

ახლა ამაზე გადაირივნენ ძმები და სიძეს წაეტანნენ, მაგრამ შორენა გადაეფარა ზაზას... ასე გადარჩნენ პატარძალიც და ნეფეც...

იმ დღიდან 25 წელი გავიდა. შორენას და ზაზას დღეს ორი შვილიშვილიც ჰყავთ. "ის ამბავი" კი მოგვიანებით უამბო ცოლმა ქმარს, - ასე იყო ჩემი საქმე და თუ გინდა, ახლა გამაგდეო. ზაზამ გაუგო და აპატია...