ნურაფერი გიკვირს, ანუ "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა"... - კვირის პალიტრა

ნურაფერი გიკვირს, ანუ "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა"...

ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, პრობლემებითა და საიდუმლოებებით. ზოგი სიბერეში იგებს თავის ნამდვილ ვინაობას, სამწუხაროდ, ვერაფერს ცვლის და ამას ძალიან განიცდის.

ჩემი მეგობრის მამამ 57 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილები იყო. დაიწყო თავისი მშობლების ძებნა და მათ კვალს რომ ვერ მიაგნო, ისე ინერვიულა, ინფარქტით გარდაიცვალა. ჩემმა მეზობელმა ლუკამ გაიცნო ხუთი წლით უმცროსი გოგონა, ძალიან მოეწონა, დაუახლოვდა და მალე მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. როცა მშობლებს გააცნო საცოლე, მამამისმა - მაგ გოგოს ცოლად არ შეირთავო. ლუკა ამას არ მოელოდა, ჯერ დაიბნა, შემდეგ კი მამას მოსთხოვა, - ან ახლავე ამიხსნი, რატომ არ უნდა შევირთო ქეთი ცოლად, ან ახლავე ჯვარს ვიწერთ და ვეღარასოდეს მნახავთო. ლუკას დედას ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა მათ თავს; ქმრის ასეთ კატეგორიულობას კი ასე ხსნიდა:  ალბათ ცუდი რამ გაიგო ქეთიზე ან მის ოჯახზეო... საქმე კი სულ სხვაგვარად იყო: ბატონი რეზო მექალთანე გახლდათ. არც დაოჯახებამდე იკლებდა ქალებთან დროის ტარებას და არც მერე.

ცოლი ძალიან უყვარდა და ცდილობდა, მეუღლის ყურამდე არ მიეღწია მის "საგმირო საქმეებს". მოკლედ, ბევრი ქალი დატოვა გულნატკენი, ბევრსაც უყვარდა და მისთვის ყველაფრისათვის მზად იყო. ერთ-ერთი მათგანი ქეთის დედა გახლდათ. ნანა როცა დაფეხმძიმდა, ქალს სთხოვა, ბავშვი შენს გვარზე დაწერეო და დაჰპირდა, ყოველთვიურ "ხელფასს" დაგინიშნავ, ოღონდ ბავშვმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის მამამისიო. ქალმაც  - შენი სურვილის წინააღმდეგ არასოდეს წავალო. რაც მართალია, მართალია, მატერიალურად არაფერს უჭირვებდა ნანას და ქეთის.

ბედმა კი 17 წლის შემდეგ გოგონა ლუკას შეახვედრა და რეზოც იძულებული გახდა, ვაჟისთვის ყველაფერი ეთქვა...

შეიძლება ვინმემ გაიკვირვოს - ნუთუ ასეთი ამბები მართლა ხდებაო? მერწმუნეთ, ამქვეყნად ბევრი ისეთი რამ ხდება, ზოგიერთს მხოლოდ სერიალის სიუჟეტი რომ ჰგონია... მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც ნიკო გომელაური ამბობდა: "ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა"...

პატივისცემით - ანი ბუკია