როცა მამაკაცში ქალური ჰორმონები ჭარბობს... - კვირის პალიტრა

როცა მამაკაცში ქალური ჰორმონები ჭარბობს...

ოთხი გოგოს მერე ნანატრი ვაჟი გაჩნდა! - გვარის გამგრძელებელი მოევლინა ქვეყანას. ერთი თვე სუფრა არ აშლილა ოჯახში. ბიჭს ბაბუის სახელი - არჩილი დაარქვეს.

პატარას ყველა თავს დაჰფოფინებდა. მამას შვილები ყოველ კვირას მიჰყავდა თბილისში, უპირველესად ბიჭს უსრულებდა თხოვნას - რასაც ხელს დაადებდა, ყველაფერს ყიდულობდა... გადამეტებული მზრუნველობით ბავშვი ჭირვეული ხდება, მაგრამ აჩი თბილი და მოსიყვარულე იყო. ეგ იყო - მამის ნაყიდ თოფს, მანქანას, ასაწყობ კონსტრუქციებს ზედაც არ უყურებდა, თოჯინებით თამაში ერჩია... შეფიქრიანდა მამა: ბიჭური თამაშობები რომ არ იზიდავს, იქნებ ეს დებთან ურთიერთობის ბრალიაო და ქალიშვილებს უსაყვედურა, - კაბის კალთაზე ნუ გყავთ გამოკერებული, გაუშვით, მეზობლის ბიჭებთან ითამაშოსო... მაგრამ 7-8 წლის აჩი ბიჭებთან ურთიერთობას გოგონებთან მეგობრობას ამჯობინებდა, რის გამოც თანაკლასელები დასცინოდნენ, მაგრამ რაც უნდა გასაკვირი ყოფილიყო, არ სწყინდა...  მამა ხშირად საყვედურობდა, - ბიჭო, ჩვარი ხომ არ ხარ, როცა აბუჩად გიგდებენ, საკადრისი პასუხი შენც გაეციო, მაგრამ აჩი მამის განრისხებას ისევე არად აგდებდა, როგორც თანატოლების დაცინვას... მიხვდა ზაალი, რომ მთლად კარგად არ იყო გვარის გამგრძელებლის საქმე და ახლა ცოლი საყვედურებით აავსო - ბიჭი უკვე 14 წლისაა და როგორ ვერ მიხვდი, ქალური თვისებები რომ უფრო მეტი აქვს, ვიდრე კაცურიო. აჩი თბილისში ექიმებთან წაიყვანეს. იმათ მთლად გული არ გაუხეთქეს მშობლებს, მაგრამ დასამშვიდებელიც ვერაფერი უთხრეს - ერთი შეხედვით, ფიზიკურად ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ზოგჯერ მამაკაცში ქალური ჰორმონები ჭარბობს და ეს არის მიზეზი იმ მიდრეკილებებისა, რასაც ბავშვობიდან ან ცოტა მოგვიანებით, მოზარდობისას ავლენენო. დაზაფრულები დაბრუნდნენ სოფელში. მოგვიანებით, მშობლების ნერვიულობა აჩისაც გადაედო, თავის თავში ჩაიკეტა, სკოლაში სიარული აღარ უნდოდა... ისევ ზაალმა აიძულა, სკოლაში ევლო, - ატესტატი ხომ უნდა აიღო, მერე კი ჯარში გიკრავ თავს და იქ ისე გაკაჟდები და გამოიწრთობი, არც ერთ ვაჟკაცს ტოლს არ დაუდებო.

აჩიმ სკოლა რომ დაამთავრა, პირველად  შეეწინააღმდეგა მამას - ჯარში არ წავალ, იქ მოვკვდებიო... ზაალი დაფიქრდა, სხვებმაც ურჩიეს, - ნუ დააძალებ სამხედრო სამსახურს, უარესი არ გადაჰყარო შვილსო. აჩი თბილისში წამოიყვანა და ნათესავის მეზობლად ბინა დაუქირავა. სხვათა შორის, ყველას გასაკვირად, აჩიმ იმავე წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში. კარგად სწავლობდა, ალბომები ჰქონდა შექმნილი ტანსაცმლის კოლექციებისა. მეორე კურსზე იყო, როცა თავისი კოლექციების გამოფენა მოაწყო. უცხოეთიდან მიწვევაც მიიღო. აჩის წარმატება თანდათან ზენიტისკენ მიიწევდა.

ოჯახს უხაროდა ვაჟიშვილის წინსვლა, მაგრამ უკვირდათ, რომ აჩი კიდევ უფრო გულჩათხრობილი და დარდიანი გახდა, არადა წესით, ბედნიერი უნდა ყოფილიყო.

ერთხელ ზაალმა შვილს ჰკითხა, - იქნებ ის გაწუხებს, რომ თბილისში ნაქირავებში ცხოვრობ. ნუ იდარდებ, სულ მალე ბინას გიყიდიო და უყიდა კიდეც.

გავიდა ცოტა ხანი და ზაალმა შეამჩნია, რომ აჩი გახალისდა, მაგრამ ბინა არ აღმოჩნდა მისი შვილის სიხარულის მიზეზი... ერთ მშვენიერ დღეს, როცა ზაალმა შვილს მოულოდნელად შინ მიაკითხა, კარი უცნობმა ახალგაზრდა კაცმა გაუღო. დაიბნა კაცი, სამაგიეროდ, უცნობმა მიიღო თბილად, - თქვენ ხომ აჩის მამა ხართ, მობრძანდით, აჩიც მალე დაბრუნდებაო. არ ესიამოვნა ეს ამბავი ზაალს და უკმეხად ჰკითხა, ვინ ხარო.

- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, - მიუგო ტატომ (ასე გაეცნო იგი ზაალს) და ყავა შესთავაზა.

გულმა ავად შემოკვნესა ზაალს. იცოდა, შვილს თუ ჰკითხავდა "მეგობარზე", არ დაუმალავდა სიმართლეს და სწორედ ამ მოსალოდნელი სიმართლის ეშინოდა. ერჩივნა, "იმ საშინელების" გაგებას, ტყუილი მოესმინა...

ნახევარ საათში აჩიც დაბრუნდა! დაიბნა, არ ეამა მამის დანახვა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და თავად უამბო ყველაფერი:  ტატო ჩემი უახლოესი ადამიანია, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთიო... ამის მოსმენას ზაალს ერჩივნა, მიწა გასკდომოდა. განრისხებულმა, რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი დალეწა, ერთადერთ ვაჟიშვილს სულ ოჯახის შემარცხვენელი უძახა. შენ ჩემი შვილი აღარ ხარ და სოფელში ჩამოსვლაც აღარ გაბედოო, - მიახალა და კარი გაიჯახუნა.

მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. აჩიმ ოჯახში მისვლა ერთხელაც ვერ გაბედა. იგი უმეტესად უცხოეთშია. როცა თბილისში ჩამოდის, დედას და დებს ატყობინებს და ისინიც ჩუმად ნახულობენ. მათთვისაც ძნელად შესაგუებელი აღმოჩნდა აჩის "გადახრა", მაგრამ სისხლსა და ხორცზე მაინც ვერ თქვეს უარი. ზაალისთვის შვილის ცხოვრება მხოლოდ სამარცხვინო ლაქა კი არა, დიდი ტრაგედიაა. მისმა ახლობლებმა ეს კარგად იციან, ამიტომაც მასთან შვილზე ლაპარაკს ერიდებიან...