გადამტერებული მეგობრები - კვირის პალიტრა

გადამტერებული მეგობრები

ჩვენთან გამოქვეყნებულ წერილს,  "ყველანი დავბერდებით", ბევრი გამოეხმაურა. ერთ-ერთმა მკითხველმა თავისი ამბავი მოგვითხრო. "ვიცი, ზოგს გააღიზიანებს ჩემი გულახდილობა, მაგრამ თავად განსაჯონ, ვტყუი თუ არა.მინდა გიამბოთ ის, რამაც ერთ დროს კარგი მეგობრები და მეზობლები დაგვაშორა," - ასე იწყება ქეთი დანელიას წერილი. ქეთის დავურეკე და ერთმანეთს შევხვდით.

-  როცა თინა დეიდაზე ზრუნვა დავიწყე, გულში არც გამივლია, რომ ამის გამო ჩემს მეგობრებს ეჭვებს აღვუძრავდი. იფიქრეს, მარტო დატოვებულ ქალს იმიტომ ვპატრონობდი, რომ მისი ბინა მინდოდა... ბინაც მაქვს და არც პირობებს ვუჩივი. თინა დეიდა გიოს დედაა, მე და გიო კი და-ძმასავით გავიზარდეთ - ორივენი დედისერთები ვართ. ჩვენი მშობლები კარგი მეზობლები და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. როცა გიოს მამა გარდაიცვალა, ჩემი მშობლები ამოუდგნენ თინა დეიდას მხარში. გიო ჯარიდან მამამაჩემმა დაიხსნა, მომზადების ფულიც მისცა თინა დეიდას, - როცა გექნება, ნელ-ნელა გადამიხადეო. თინა დეიდა ფრანგულ ენას ასწავლიდა სკოლაში, ბავშვებსაც ამზადებდა, მაგრამ რასაც შოულობდა, ძლივს ჰყოფნიდათ. მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, გიო - პოლიტექნიკურში. სულ ერთად ვიყავით, ბევრი ეჭვობდა, ერთმანეთი ხომ არ უყვართო. მართლაც ძალიან გვიყვარდა, მაგრამ დაძმურად. მესამე კურსზე ვიყავი, როცა გამომიტყდა, - შენი მეგობარი მაიკო მომწონსო. გGამიხარდა, მMაიკო ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

მეგობრებმა შევაგულიანეთ და შეყვარებულებს ჯვარი დავაწერინეთ მცხეთაში, მერე კი პატარა სტუდენტური ქორწილიც გადავუხადეთ. ბედნიერები იყვნენ, ერთი წლის შემდეგ ბიჭი გაუჩნდათ. მერე მეც გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა. ნიკა ნარკომანი გამოდგა და გავშორდი. როცა წამლის ფული შემოელია, ნიკამ მშობლებს ბინა გააყიდვინა და რუსეთში გადაიკარგა. მე და ჩემი შვილი მშობლებთან დავბრუნდით. მამაჩემი ამ ამბავმა შეიწირა. ამ დროს ჩვენც ძალიან გვიჭირდა და გიოს ოჯახსაც. გიო არ მუშაობდა, თინა დეიდასაც აღარ ჰყავდა მოსწავლეები და პენსიის ამარა იყო. მაიკოს ხელფასი ვის უნდა ჰყოფნოდა? გადაწყვიტეს, გერმანიაში წასულიყვნენ საცხოვრებლად - მაიას იქ გათხოვილი მეგობარი დაეხმარათ. თინა დეიდამ ძალიან განიცადა ეს ამბავი, მაგრამ არც მათ წასვლამდე ამოუღია ხმა, არც მერე.

თავიდან გიო ეხმარებოდა დედას. როგორ დავიჯერო, რომ მოგვიანებით უფრო უჭირდა, ვიდრე დასაწყისში? თუმცა ფაქტია, რომ იმის შემდეგ, რაც გაიგო, რომ თითქმის ერთ ოჯახად ვცხოვრობდით მე, დედაჩემი, ჩემი შვილი და თინა დეიდა, აღარაფერზე შეწუხებულა. მხოლოდ ერთხელ დამირეკა, - არ ვიცი, როგორ გადაგიხადო სიკეთეო... ჩვენ აქ პრობლემები გვაქვს და ისევ შენი იმედი მაქვსო... მაიკო, როცა მეხმიანებოდა, თავიანთ გასაჭირზე მელაპარაკებოდა, თინა დეიდას არც ახსენებდა. მართალი გითხრათ, მიკვირდა ძალიან, მაგრამ... ისიც არ ვიცოდი დაზუსტებით, რა აწუწუნებდათ... მერე მივხვდი, რომ ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ დახმარება არ მოგვეთხოვა. მე მათი არაფერი მინდოდა, მაგრამ დედის წინაშე არ იყვნენ მოვალენი?! შვილიც ისეთივე გაზარდეს, როგორიც თავად იყვნენ. დათუნა ერთხელ არ მოიკითხავდა ბებიას. რამდენჯერ შევსწრებივარ თვალცრემლიან თინა დეიდას, მაგრამ იმდენად ამაყი ქალი იყო, რომ არ უნდოდა სხვისთვის დაენახებინა მწუხარება და ცრემლი. აAმ ორი წლის წინ ლოგინად ჩავარდა... ერთხელ მითხრა, - რასაც ახლა გეტყვი, ეს რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე და არ შემეწინააღმდეგოო...

გავოგნდი, როცა მითხრა, მინდა ბინა გაჩუქო, უკვე ყველაფერი მოგვარებულია, ჩემი ნათესავიც დაბარებული მყავს, ის სანოტარო კანტორაში მუშაობს და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს. ჩემი შვილი აქ დაბრუნებას არ აპირებს, მე რომ მოვკვდები, ჩამოვლენ, გაყიდიან ბინას და უკან გაბრუნდებიან. შენ იყავი ჩემი ქალიშვილიც, პატრონიც და ალალია შენთვისო... მოკლედ, თინა დეიდამ თავისი გაიტანა. ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან ამას გიოს ოჯახისგან აუცილებლად მოჰყვებოდა პასუხი. მართლაც, ჯერ გიომ დამირეკა, მერე მაიკომ: რაც გინდოდა, ხომ მიიღე, ჩაიგდე დედაჩემის ბინა ხელში და იმედია, ბედნიერი ხარო... სულ თაღლითი და თვალთმაქცი მიძახეს...

თინა დეიდას დღესაც მე ვუვლი. დიაბეტი აქვს და ძალიან დამძიმდა, მხედველობა მთლად დაკარგა... მეცოდება საწყალი ქალი, შვილისა და რძლისგან ამის ღირსი არ იყო. გავიგე, თურმე მაიკო ჩამოსვლას და ჩივილს აპირებს. თუ  ჩამოსვლა შეეძლოთ, 7 წელი სად იყვნენ? რატომ არ კითხულობდნენ, რას ჭამდა, რა სჭირდებოდა დედას და ახლა ითხოვენ ბინას? მე სულაც არ მინდოდა მათი ბინა, ღმერთმა იცის, მაგრამ თინა დეიდას ვეღარ შევეწინააღმდეგე. მას არასოდეს დასცდენია შვილსა და რძალზე საყვედური, მაგრამ თავისი გადაწყვეტილების სიმტკიცით გამოხატა ის წყენა და გულისტკივილი, რაც დაუგროვდა მათ მიმართ.

P.S. ვიცი, ამ წერილს მოგვიანებით ისევ მოჰყვება გიოს და მაიას გააფთრებული რეაქცია, მაგრამ მე ხალხის აზრი მაინტერესებს. იმედია, გამომეხმაურებიან და რამეს მირჩევენ - რა გზას დავადგე? ხომ არ ვთქვა ყველაფერზე უარი? ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სიკეთით მეგობრები მტრად მოვიკიდე.