ბედი ლამაზი ქალისა - კვირის პალიტრა

ბედი ლამაზი ქალისა

დიდ სიყვარულს ხშირად გაუცნობიერებელი ქმედებები ახლავს, მით უფრო, თუ იგი ცალმხრივი და უპასუხოა. მინდა გიამბოთ ერთი ლამაზი ქალის ამბავი.

ეკა ჩემი მეზობელი იყო, ერთი სკოლა დავამთავრეთ. თვალში მოსახვედრი გოგო იყო და ბევრს მოსწონდა. იყო ერთი ჩხუბი და გარჩევები. 18 წლისა გაიპარა, მაგრამ წელიწად-ნახევარში გაეყარა ქმარს - ეჭვიანი იყო, ხშირად სვამდა და ეკას სცემდა კიდეც. კარგა ხანს სთხოვდა პატიებას და შერიგებას, მაგრამ ეკამ შორს დაიჭირა. მათ გოგონა ჰყავდათ. მალე ეკას ქმარყოფილი ავარიაში დაიღუპა - მთვრალი მართავდა მანქანას. სხვისი სიცოცხლეც შეიწირა...

ეკა ერთ ბიჭს, ზურას, უყვარდა. როცა ეკა გათხოვდა, თავის მოკვლა სცადა. ძლივს გადაარჩინეს... ეკა რომ გასცილდა ქმარს, ცოლობა სთხოვა. უარი უთხრა - არ უყვარდა და იმიტომ. მაგრამ ზურა არ ყრიდა ფარ-ხმალს.

რამდენიმე წლის მერე ეკა თავის თანამშრომელს გაჰყვა ცოლად. ზურამ ეს ძალიან განიცადა და გაქრა კიდეც ქალაქიდან. მერე გავიგეთ, რომ შორს წასულა, ორ მეგობართან ერთად სამშენებლო ბიზნესი წამოუწყია...

ეკას მეორე ქმართანაც ვერ აეწყო ურთიერთობა. ოთარი მეტისმეტად ხელმომჭირნე და ძუნწი გამოდგა. შვილი რომ გაუჩნდათ, გერზე დაიწყო ეჭვიანობა. ამის მოთმენა კი აღარ შეეძლო და... მოკლედ, მეორესაც გაშორდა.

იმავე ხანებში ზურა თბილისში დაბრუნდა, ინახულა თავისი "მარადიული" შეყვარებული და კვლავ ცოლობა სთხოვა - შენზე და შენს შვილებზე ვიზრუნებო. ეკამ ხელები გაასავსავა - აღარ მიხსენოთ ქმარი და გათხოვებაო.

მართლაც უცნაურად წარიმართა ამ ლამაზი გოგოს ცხოვრება, მუდამ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ბევრსაც უყვარდა, მაგრამ არა და არ უმართლებდა... გავიდა კიდევ ორი წელი და ეკას გვერდით ახალი მამაკაცი გამოჩნდა. გვეგონა, მესამედ გათხოვდებოდა, მაგრამ თავისი დანაქადები - აღარასოდეს გავთხოვდებიო, - შეასრულა. იმ კაცის საყვარელი გახდა. ახლობლებთან ეკა არც მალავდა თავის აზრს: გათხოვებით რომანტიკა თავდება, ასე კი, არც სიყვარული ხუნდება და ურთიერთობაც საინტერესოაო. მეგობრები აფრთხილებდნენ, თავი შეიკავე, ეს რომ ზურას ყურში ჩასწვდეს, არავინ იცის, რას იზამსო. მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთ რამეს, მით უფრო ზურასაგან, არავინ ელოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ეკამ ოთხი წლის ლუკას ბაღში მიაკითხა, ბავშვი იქ აღარ დაუხვდა. კინაღამ გაგიჟდა ეკა. ერთსღა ლოცულობდა, რომ ლუკა ცოცხალი ყოფილიყო. დიტო, ეკას საყვარელი, თავზარდაცემულ ქალს გვერდიდან არ მოშორებია. დილით ტელეფონმაც დარეკა - ბავშვის გამტაცებელი 200.000 დოლარს ითხოვდა. დიტოც, ლუკას მამაც, ნათესავებიც და მეგობრებიც დაფაცურდნენ და მესამე დღეს, საღამოს 8 საათზე, დათქმულ დროზე, ფული ხელთ ჰქონდათ. სხვათა შორის, თანხის დიდი ნაწილი დიტომ იშოვა. ყველაზე გასაოცარი ამის შემდეგ მოხდა - გამტაცებელმა ბავშვი ისე დააბრუნა, რომ ფული არც წაუღია...

ალბათ, მიხვდით, ვინც იქნებოდა ლუკას გამტაცებელი...

ერთი კვირის შემდეგ ზურა დააკავეს, რომელსაც არაფერი დაუმალავს. თქვა: მინდოდა ის სამი დღე ეკა ისე გამწარებულიყო, როგორც მე გამამწარა მთელი სიცოცხლეო...

ეს ამბავი კარგა ხანს იყო მთელი ჩვენი უბნის სალაპარაკო თემა.

ეკამ აღარ მოინდომა ძველ უბანში ცხოვრება, სადაც ამდენი სიმწარე გამოიარა. დიტომ სხვაგან უყიდა ბინა და ისიც, შვილებთან ერთად, იქ გადავიდა. რამდენიმე თვის წინ ეკამ და დიტომ ჯვარი დაიწერეს, ხელი კი არ მოუწერიათ.

ზურა ახლაც სასჯელს იხდის, მაგრამ როგორც გავიგეთ, შეიძლება მალე გათავისუფლდეს...

პატივისცემით, თქვენი მკითხველი ნ. გრძელიძე