"დედამ უფრო ფულიანი კაცი იშოვა და ახლა არც შვილებს პატრონობს და არც მოხუც დედას" - კვირის პალიტრა

"დედამ უფრო ფულიანი კაცი იშოვა და ახლა არც შვილებს პატრონობს და არც მოხუც დედას"

ახალგაზრდები უმეტესად სიყვარულზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მწერენ ან მესაუბრებიან. ამას წინათ 21 წლის ყმაწვილის ისეთი წერილი მივიღე,ცოტა არ იყოს, ეჭვიც კი შემეპარა, ნუთუ შეიძლება მშობელმა ასე განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან-მეთქი.  ჩვენს ერთგულ მკითხველს დათო ჰქვია. იგი მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობს. მას პატარაობიდანვე ბევრი შრომა უწევდა, რადგან ოჯახს ყოველთვის უჭირდა და ისიც ცდილობდა, წახმარებოდა მშობლებს. თუმცა აჯობებს მის ამბავს თავიდან გავეცნოთ:

დედაჩემს კუკიაზე დიდი კერძო სახლი აქვს. მამა  იმერეთიდან გახლავთ. თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა, მერე დედა გაიცნო და ცოლად შეირთო. დედას ძმა არ ჰყავს, მხოლოდ ერთი შინაბერა დის და მოხუცი დედის ამარაა, ამიტომ ქალებს თავიდან გახარებიათ კიდეც, - მშრომელი ბიჭი ჩანს, ჩავისიძებთ და უკაცო ოჯახს ფეხზე წამოაყენებსო (ბაბუა ადრე გარდაცვლილა). ჩემს დაბადებას დიდი სიხარულით შეხვედრიან. მერე და მერე, როცა წამოვიზარდე, ძალიან გაგვიჭირდა. მამას ხან ჰქონდა სამუშაო, ხან - არა. კარგა ხნის მანძილზე ჩვენი საჭმელი მჭადი და ტყემალი იყო. ჩემს მერე გიორგი გაჩნდა, მაგრამ ის უდარდელი ბავშვი იყო, მე კი სულ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, ტვინს ვიჭყლეტდი, როგორ მეშოვა ფული, რომ დედას დავხმარებოდი. 1995 წელს დაც გაგვიჩნდა, თამუნა. მერე მამამ რეისებზე დაიწყო სიარული და ოჯახმაც დროებით ამოისუნთქა. მალე მამამ იმდენი ფული იშოვა, რომ სოფელშიც კი უგზავნიდა თავის და-ძმას, ორივეს სახლები ააშენებინა. საჭმელი კი მოჰქონდა, მაგრამ შინ არაფერს აკეთებდა, რის გამოც ის და დედა ხშირად კამათობდნენ. გამოხდა ხანი და მამამ სამსახური დაკარგა. დიდ გასაჭირში ჩავცვივდით. ცოტა ხნის მერე თელასში ამწეზე დაიწყო მუშაობა, სადაც ერთი ქალი გაიცნო და საყვარლად გაიხადა. რასაც შოულობდა, სულ იმ ქალს აძლევდა, ჩვენ კი ძველებურად გვიჭირდა. იმ ქალთან აღამ-ათენებდა, ხანდახან ჩვენც ვახსენდებოდით. ეტყობა, დედა შეეჩვია მამის ღალატს, თანაც იმდენად გვიჭირდა, რომ ოღონდ ფული მოეტანა შინ და აღარაფერს დაეძებდა...

2002 წელს კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდა ჩვენს ოჯახში, ლაშა, რომელსაც მე ვზრდიდი. ჩემმა პატარა ძამიკომ ენა რომ ამოიდგა, კარგა ხანს "მამას" მეძახდა... ამ პერიოდში მამაც და დედაც მუშაობდნენ, მე კი ოჯახის საქმეებს ვაგვარებდი, უმცროს და-ძმაზე, ბებიასა და დეიდაზე ვზრუნავდი. მოგვიანებით, მამამ თავისთან წამიყვანა სამუშაოდ. იგი ქალაქის დასუფთავების სამსახურში იყო ტრაილერის მძღოლად.

მალე ჯარმაც მომიწია. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი უბედურება. იქ ერთმა ჯარისკაცმა მობილური დაკარგა და რატომღაც ჩემზე იეჭვეს. 8 ბიჭმა სასტიკად მცემა. აღარ შეიძლებოდა ჩემი იქ დატოვება, ამიტომ შინ დავბრუნდი. ჯარიდან რომ წამოვსულიყავი, დედაჩემმა 400 დოლარი ისესხა. ვიცოდი, ეს ფული ჩემი შრომით უნდა გამესტუმრებინა, ამიტომ ისევ მამასთან დავიწყე მუშაობა დასუფთავების სამსახურში. ხელფასს მამას დედასთან ვატანდი, მას კი თურმე ისევ იმ  ქალთან მიჰქონდა. გული დამწყდა, ეს რომ გავიგე, მაგრამ მამა იყო და ჩხუბს ხომ ვერ ავუტეხდი?! ამას მალე სხვა პრობლემაც დაემატა. ჩემი და წამოიზარდა და სულ ბიჭებისკენ ეჭირა თვალი. ეს რომ დედას ვუთხარი, გამინაწყენდა, - ეგოისტი ხარ, გშურს, რომ შენზე მეტად თამუნას ვაქცევ ყურადღებასო. მე მაინც ვაკონტროლებდი ჩემს დას, მას კი დედასთან მიჰქონდა ამბავი, - დათომ ძალიან შემაწუხაო. დედამ, თითქოს ჩემს ჯინაზე, თამუნას მობილური უყიდა, - ყველა მის კლასელს მობილური აქვსო. არ გასულა დიდი დრო და ჩემი და გაიპარა. ის მაშინ 13 წლის იყო. დედამ სიძეც ჩვენთან მოიყვანა - აქაოდა, თამუნა პატარაა და უცხო ოჯახში გაუჭირდებაო. არ მომწონდა დედაჩემის დამოკიდებულება შვილების მიმართ, ამიტომაც ვურჩევდი ხოლმე რაღაცებს, ის კი ღიზიანდებოდა და მეჩხუბებოდა. მეუბნებოდა, - პირველი შვილი კი ხარ, მაგრამ შენს თავზე ბევრ რამეს ნუ იღებ, რაც არ გეხება, იქ ნუ მიძვრებიო. გამოდის, რომ ჩემი მოვალეობა მხოლოდ ფულის ოჯახში შეტანა იყო და სხვა არაფერი.

შარშან ერთი რუსთაველი გოგო შემიყვარდა. ახლა უკვე ვიცი, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღეთ, მაგრამ მაშინ ამას არ ვფიქრობდით. ჩემი და უკვე გაშორებული იყო ქმართან... სანამ მე სამსახურიდან დავბრუნდებოდი, რძალ-მული ერთად სეირნობდნენ უბანში. არ მომწონდა ეს, მაგრამ დედა ამართლებდა მათ საქციელს, - რა მოხდა, გაერთონ, ახალგაზრდები არიანო. ერთხელაც, შინ მისულს, არც და და არც ცოლი არ დამხვდნენ. გვიანი იყო, როცა ცოლმა დამირეკა და მითხრა, - შენი და ვიღაც ბიჭს გაეკიდა, მე კი ქუჩაში ვდგავარ, სამგზავრო ფული არა მაქვსო. წავედი და წამოვიყვანე. შინ რომ მივედით, დედამ ერთი ამბავი ატეხა, შენი და მარტო რატომ დატოვეო და სახლიდან გამოგვაგდო. ჩემმა სიდედრმა და სიმამრმა შეგვიფარეს. მერე ისევ მამაჩემის თხოვნით დავბრუნდი შინ იმ პირობით, რომ დედა ზედმეტს არაფერს მეტყოდა. გავიდა დრო და ჩემი ცოლი ძალიან შეიცვალა, თითქოს გამიუცხოვდა, არც კი მელაპარაკებოდა. ერთხელ მითხრა, ნათესავთან მინდა წასვლა და მასთან დარჩენაო. ნება დავრთე. ის კი დილის 7 საათზე დაბრუნდა შინ. გამიკვირდა, - ასე ადრიანად რატომ წამოხვედი ნათესავისგან-მეთქი. თურმე იმ ღამეს მან ვიღაც კაცთან მიღალატა... მაშინვე ხელი მოვკიდე და თავის მშობლებს მივუყვანე.

რამდენიმე თვეა, რაც დედა და მამა გაშორდნენ. დედამ უფრო ფულიანი კაცი იშოვა და ახლა არც შვილებს პატრონობს და არც მოხუც დედას და დას. მისთვის მთავარია, თავად იყოს კარგად და ბედნიერად, თუმცა ადრე უმცროსი შვილებისთვის გაცილებით მეტად ზრუნავდა, მე კი თითქოს არც ვარსებობდი. ერთხანს ქირით ვცხოვრობდი. მერე მამაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. დედა შორიდანაც არ ისვენებს და ცდილობს, მე და მამასაც გაგვიფუჭოს ურთიერთობა. მეტი აღარ შემიძლია, ლამისაა თავი მოვიკლა. თავის დროზე მამის საქციელი არ მომწონდა, ახლა კი ვფიქრობ, იქნებ ამის მიზეზი ის იყო, რომ ცოლისგან არანაირ სითბოს და სიყვარულს არ გრძნობდა?

დათო, თბილისი"