"იქ, უცხოეთში შვილები გადამირჩინეს" - კვირის პალიტრა

"იქ, უცხოეთში შვილები გადამირჩინეს"

ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, - ეუბნება ექიმი შიშითა და ნერვიულობით ფერდაკარგულ დედას...

სხვა გზა არ არის, უნდა გარისკონ. პატარა შმაგი ჯერ 6 წლისაა, დაბადებიდან ოსტეომიელიტი სჭირს, თანდათან მოძრაობა შეეზღუდა ბავშვს. მის გარდა კიდევ სამი ბავშვია ბაქრაძეების ოჯახში: 10 წლის მარიამი, 9 წლის ნინო და შმაგის ტყუპისცალი ლევანი. ბიჭები შვიდთვიანები იყვნენ და თავიდანვე ანერვიულეს მშობლები. რამდენიმე წლის შემდეგ თავი იჩინა იმ ავადმყოფობამ, რომელზეც ეჭვობდნენ ექიმები და აი, შმაგი საოპერაციოშია, სადაც ურთულესი - მენჯ-ბარძაყის ოპერაცია უტარდება... ყველა შმაგის დასტრიალებდა თავს, რომ უცებ სოფლიდან შეატყობინეს (ბავშვები იქ ჰყავდათ დატოვებული), ნინო ცუდადააო. გოგონას ჯერ პნევმონია დაუდგინეს, ბოლოს კი ლეიკოზი. სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვების გადარჩენაზე აქაურმა ექიმებმა არ თუ ვერ იზრუნეს არ ვიცი, მაგრამ ურჩიეს, მოსკოვში წაიყვანეთ, იქნებ იქ დროულად მოხერხდეს ავადმყოფობის ლოკალიზებაო. ბავშვების მამა ორი წლის წინ წავიდა მოსკოვში და ერთ ქართველ ბიზნესმენთან სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა. დედას დიდხანს აღარ უფიქრია და ოთხივე შვილით მოსკოვში გაემგზავრა, მით უმეტეს, რომ შმაგისაც, პირველი ოპერაციის შემდეგ, ისევ სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა...

ციურის და გოჩას ურთიერთობა დიდი და ლამაზი სიყვარულით დაწყებულა. ერთიც და მეორეც ჭიათურიდან არიან. ციურის კლასის დამრიგებელი გოჩას დედა გახლდათ. მან უკვე იცოდა, რომ მის შვილს გოგონა მოსწონდა. ერთხელ უთქვამს: ბედნიერი იქნება ის ოჯახი, სადაც ციური რძლად შევაო... ესიამოვნა გოჩას დედის ნათქვამი და გულში გაივლო: ჰოდა, ეს ბედნიერი ოჯახი ჩვენი იქნებაო...

ისინი 1988 წელს შეუღლდნენ. თბილისში ქირით ცხოვრობდნენ, თან მუშაობდნენ. მართლაც ბედნიერად გრძნობდნენ თავს, მაგრამ მერე ცხოვრებამ ყველაზე რთული გამოცდა მოუწყო.90-იან წლებში, საქართველოში რომ ძალიან გაჭირდა ცხოვრება, გოჩამ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა - ცოტა ფულს დავაგროვებ და 2-3 წლის შემდეგ დავბრუნდებიო, მაგრამ მერე ერთმანეთს მოჰყვა უბედურება - ჯერ შმაგის ავადმყოფობა, მერე ნინიკოს ურთულესი მდგომარეობა და... როგორღა დაბრუნდებოდა, როცა ბავშვების გადასარჩენად ციურიც მასთან ჩავიდა?! დღეს შმაგის კვლავ სჭირდება კიდევ ერთი ოპერაცია, რადგან მარცხენა ფეხის სახსარი (ფეხი თითქმის ატროფირებულია) აღსადგენია, ნინიკოს ავადმყოფობა ლოკალიზებულია - მას ორი წელია, რაც ქიმიოთერაპია უკეთდება. საოცრად ნიჭიერი გოგოა, ხატავს, ქარგავს, ჭადრაკს თამაშობს, უკრავს და მღერის. ექიმები განცვიფრებულნი არიან ამ სიცოცხლით სავსე გოგონათი, რომელმაც მტკიცე ნებისყოფითა და რწმენით, ექიმების დახმარებითა და თანადგომით სძლია სიკვდილს და დღეს ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა.

ციური კერესელიძე-ბაქრაძე: -  ნერვიულობამ თავისი ქნა და ორჯერ გადავიტანე ინსულტი. რუსი ექიმებისგან წუთითაც არ გვიგრძნია სიცივე და უყურადღებობა. დღესდღეობით ჩემი შვილები კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ მათ ისეთი ავადმყოფობა გადაიტანეს, რომელმაც შესაძლოა, მოგვიანებით ისევ იჩინოს თავი... მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით ყველას გასაგონად ვთქვა: მოსკოვში ჩემი შვილები ავადმყოფები და პაციენტები არიან და არა ქართველები;  მათ ჩემი შვილების მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს და სასიკვდილოდ განწირულებს სიცოცხლე აჩუქეს.