"ახლობლები მტრად მომეკიდნენ" - კვირის პალიტრა

"ახლობლები მტრად მომეკიდნენ"

"გადამტერებული მეგობრები", - ეს წერილი ისეთი ნაცნობია ჩემთვის, ასე მგონია, ჩემი ამბავი გამოამზეურეთ. თქვენმა რესპონდენტმა, ქეთი დანელიამ მეგობრის დედას მოუარა და უპატრონა, მე - უშვილო მამიდას. მას, სანამ ჯანმრთელი და შეძლებული იყო, ყველა გარს ეხვია, ძმისშვილებიც და სხვა ნათესავებიც. დაუძლურდა და შემოეცალნენ. სამი ძმა ჰყავდა. მე შუათანას ერთადერთი შვილი ვარ. ამ სამიდან მხოლოდ ერთი დარჩა, ბიძაჩემი. მამაჩემი 17 წლის წინ გარდაიცვალა. მამიდის სამოთახიანი ბინის მსურველი ყველა აღმოჩნდა (შვიდი ბიძაშვილი მყავს). ერთადერთს, ვისაც არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა მის ბინაზე, მე ვიყავი. მართალი გითხრათ, არც არასოდეს მიფიქრია, რომ მისი ბინა შეიძლებოდა მე დამრჩენოდა. სხვები უფრო რეალური "პრეტენდენტები" იყვნენ. განსაკუთრებით უმცროსი ბიძის შვილები და მათი ცოლები აღშფოთდნენ, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლეში მამიდამ თავისი ბინა მე მაჩუქა. ისე გამამწარეს, აღარც ბინა მინდოდა, აღარც სიცოცხლე. ერთხელ, ყველაზე "აქტიურსა" და აგრესიულს შევხდი და ვკითხე, - რა გავაკეთო, რომ ძველებური ურთიერთობა აღდგეს-მეთქი. მიპასუხა, ჩემს შვილს აჩუქე ბინა და ყველაფერი დალაგდებაო. ]მოვიფიქრებ-მეთქი, - ვუთხარი და ცივად გავიხურე კარი. არ გავაკეთე ის, რაც მათ სურდათ, ამიტომაც ამომშალეს ნათესავების სიიდან და აღარ მკითხულობენ. შარშან დედა გარდამეცვალა, სამძიმარზეც კი არ მოვიდნენ (იმ ორს ვგულისხმობ, ვისაც პრეტენზიები ჰქონდა).

მათთვის რომ გეკითხათ, მამიდის მოგვარენი მათი შვილები იყვნენ, მე კი მეყო "თავხედობა" და სულ სხვა გვარის ბავშვებს (ანუ ჩემს შვილებს) "ჩავუგდე" ხელში მამიდის ბინა.

ახლობლების მტრობამ ჯანმრთელობა შემირყია, მაგრამ უკან პრინციპულად არ დავიხიე, მახსენდებოდა მამიდის სიცოცხლის ბოლო და უმძიმესი დღეები. საშინელი ტკივილებით გაწამებულ ქალს ღამეებს ვუთევდი, საკმაოდ ძვირად ღირებული წამლები სჭირდებოდა, მისთვის არც ფიზიკურად, არც ფინანსურად არავინ შეიწუხა თავი. იმ პერიოდში ყველა სირაქლემას დაემსგავსა, სამაგიეროდ, მისი სიკვდილის შემდეგ და ქონების დანაწილებისას გახდნენ მტაცებლები. აი, ამიტომ აღარ ვინდომე მათთვის დამეთმო ის, რაც მამიდამ დამიტოვა.

მართალი უთქვამთ: ადამიანი რომ კარგად გაიცნო, მასთან ერთად ორი ფუთი მარილი უნდა ჭამოო. ადამიანი თავის ნამდვილ სახეს მაშინ აჩენს, როცა მატერიალურ საკითხს შეეხება საქმე. მე ყველამ ცუდი მხრიდან დამანახა თავი. ძალიან სამწუხაროა, რომ ახლობლები მტრად მომეკიდნენ.

თქვენი მუდმივი მკითხველი

თ. დ., თბილისი