"გადამეტებული სიმკაცრე დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"გადამეტებული სიმკაცრე დაუშვებელია"

მართლაც მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა წერილი "მოზარდთა თვითმკვლელობა, ანუ ფაქიზი გრძნობების ტყვეობაში". რა თქმა უნდა, ბავშვების ფსიქიკის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ მშობლები.

ეს ამბავი 90-იან წლებში მოხდა თბილისში.ჩემმა მეზობელმა, 16 წლის გოგონამ, რომელსაც მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა, თავი მოიწამლა. მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მასწავლებლის "რისხვის" მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად დაინახა. ისინი სკოლის ეზოში სხვათაგან მოფარებულ ადგილას ისხდნენ და საუბრობდნენ. გოგონას ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა, რომელიც შვილს მეგობრებთანაც არ უშვებდა. მასწავლებელმა იცოდა ეს ამბავი. არ მოერიდა გოგონას და მეგობრების თანდასწრებით გამოუცხადა - სანამ გვიანი არ არის, მამაშენს უნდა დაველაპარაკო, რათა დროულად მივიღოთ ზომებიო. მისმა სიტყვებმა  სასიკვდილო განაჩენივით გაიჟღერა, გოგონამ იცოდა, მამა შავ დღეს დააყრიდა, იმისიც შეეშინდა, იმ ბიჭისთვისაც არაფერი აეტეხა გაცეცხლებულ კაცს და მოსალოდნელ უბედურებას დაასწრო - თავი მოიწამლა.

შეიძლება გაქვთ  ამერიკული ფილმი ნანახი - "ქალიშვილთა თვითმკვლელობა". ამ ფსიქოლოგიურ დრამაში თვალნათლივ ჩანს, თუ რატომ გადადგა საბედისწერო ნაბიჯი ერთი ოჯახის ხუთმა შვილმა. ეს იყო ერთსულოვანი პროტესტი მკაცრი მშობლის მიმართ, რომელიც ქალიშვილებს უმკაცრესად აკონტროლებდა. ასე რომ, არანაირი გამართლება არა აქვს წნეხს აღზრდის დროს. როგორც წესი, ასეთ წნეხში გაზრდილი ბავშვები მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ, ან ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები დიდობაში უკიდურესად ცუდად აისახება.

მინდა ყველა მშობელს ვუთხრა: გაუფრთხილდით შვილებს, გადამეტებულად ნურც სიმკაცრეს და ნურც ლოიალობას გამოიჩენთ. "ოქროს შუალედის" დაცვა ძნელია, როცა საქმე შვილს ეხება, მაგრამ მშობელმა ეს უნდა შეძლოს, თუკი მართლა კარგი უნდა შვილისთვის.

თქვენი მკითხველი, ამჟამად საბერძნეთში მცხოვრები ქეთევან დიდებაშვილი