"ხათრით" ჩადენილი დანაშაული - კვირის პალიტრა

"ხათრით" ჩადენილი დანაშაული

ვინ იფიქრებდა, გიორგი ასეთ  დანაშაულს თუ ჩაიდენდა. მოსიყვარულე მეუღლე და ყურადღებიანი მამა ყველას უყვარდა და პატივს სცემდა. სამსახურიც ჰქონდა და მატერიალურადაც არ უჭირდა. როცა დანაშაული გაიხსნა და მთელი ჯგუფი აიყვანეს, გიორგიმ აღიარა, - მეგობრებს ფული სჭირდებოდათ და მათ ხათრი ვერ გავუტეხეო.ჯგუფში ოთხნი იყვნენ, სამი ბავშვობის მეგობარი იყო, მეოთხე - შემომატებული. სწორედ იმ მეოთხეს "გაუბრწყინდა" გონება - მდიდარი მშობლების შვილები გავიტაცოთ და გამოსასყიდი მოვითხოვოთო. პირველმა "ოპერაციამ" "გაუმართლათ", მეორე მცდელობასაც კარგი პირი უჩანდა, მაგრამ...

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ლევანმა გიორგის უთხრა, - ვახო მაგარ შარში გაეხვია, დიდი ვალი აიკიდა და ფული უნდა მოვუგროვოთო. გიორგიმ დაუფიქრებლად გამოიღო სეიფიდან 5.000 დოლარი  - ამის მეტი არ მაქვს, მთელი ფული საქმეში მაქვს ჩადებულიო...

საღამო ხანს ძველ მეგობრებს თორნიკეც შემოუერთდა. ერთად უნდა მოეფიქრებინათ, როგორ გადაერჩინათ ყელამდე ვალებში ჩაფლული ვახო. თორნიკემ - ერთი მდიდარი კაცი ვიცი,  რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა სოფლიდან, ძეხვის წარმოება დაიწყო, რესტორანიც ააშენა და უცებ გამდიდრდა. ერთი შვილი ჰყავს, 12 წლის ბიჭი. ორი დღით რომ წავიყვანოთ მისი შვილი, ისიც დაფეთდება. ბანდიტები ხომ არ ვართ,  ბავშვს რამე  დავუშავოთ, კარგს ვაჭმევთ და ვასმევთ, ბუმბულებში გვეყოლება, სანამ მამამისი გამოსასყიდს მოგვიტანსო.

ალბათ მეგობრის გასაჭირი რომ არა, გიორგი არ დათანხმდებოდა ამ გარიგებას, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა ძმაკაცებს.

სკოლიდან გამოსულ ბავშვს ხელი დასტაცეს და მანქანაში უკრეს თავი. კიკეთში, თორნიკეს აგარაკზე წაიყვანეს. თავიდან ცოტა შეშინებული ჩანდა ბიჭი,  ნიღბიანები რომ მიდი-მოდიოდნენ, მაგრამ ყველა კარგად ექცეოდა, მულტფილმებს უყურებდა, აუზში ცურაობდა... ბავშვის მამამ 50.000 დოლარი მესამე დღეს დანიშნულ ადგილზე ისე მიიტანა, პოლიციისთვის არც გაუგებინებია.

ვახოც დროებით გამოძვრა რთული მდგომარეობიდან, მაგრამ ვალი კიდევ რჩებოდა. მცირე ხანი გავიდა და თორნიკემ ახალი "ვარიანტი" გამოძებნა.  მეორე უფრო ძნელად მოსახელთებელი გამოდგა. 7 წლის გოგონას მოტაცებას რა უნდოდა, მაგრამ ფრთხილობდნენ, საქმე ისე მოეგვარებინათ, მშობლებს განგაში არ აეტეხათ.

ბავშვს ადრე მიაკითხეს. იცოდნენ, რომ მამის მძღოლი გაკვეთილების შემდეგ სკოლის წინ ელოდებოდა, ამიტომაც სკოლაში უფრო ადრე მივიდნენ და გოგონა საკლასო ოთახიდან გამოვიდა თუ არა, ლევანი ბავშვთან მივიდა, - დედამ  გამომგზავნა, დღეს მე წაგიყვანო, - უთხრა გოგონას და იქით წაიყვანა, სადაც ბიჭები ელოდნენ. ამჯერად იმერეთისკენ გაქუსლეს. როგორც კი რიკოთს გასცდნენ, მაშინვე დარეკეს ბიზნესმენ მამასთან. ოჯახი უკვე შეშფოთებული დაეძებდა გოგონას. დაზაფრულ კაცს ბავშვის გამოსასყიდის მისატანად სამი დღის ვადა დაუთქვეს. თანხა არ იყო პატარა, მაგრამ იმედი ჰქონდათ, შეძლებული მამიკო შვილის დასახსნელად ყველაფერს გააკეთებდა. გაფრთხილება მკაცრი და შეუვალი იყო - არსად გააცხადოთ, თორემ ბავშვს მკვდარსაც ვეღარ მიაგნებთო... რა იცოდნენ, რომ გოგონას მამას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა იმ უწყებაში, რომელსაც ასე უფრთხოდნენ. დათოს, ბავშვის მამას, უკვე ნათქვამი ჰქონდა  მეგობრისთვის თავს დატეხილი უბედურების შესახებ... თავიდან ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გამტაცებლებს უნდოდათ, თუმცა ფულის გადაცემის შემდეგ ისე არ წარიმართა საქმე, როგორც ვარაუდობდნენ. შეხვედრის ადგილი სპეცრაზმელებმაც იცოდნენ და გამტაცებლები - ლევანი და თორნიკე დააკავეს. გიორგი და თენგო ბათუმში ელოდებოდნენ მეგობრებს.

ბანდის წევრების ვინაობა რომ გახმაურდა, საზოგადოება გაოცებული დარჩა. ყველას ოჯახი ჰყავდა, თავ-თავისი საქმე და სამსახური ჰქონდათ, განსაკუთრებით გიორგის იქ ყოფნამ გააოგნა ხალხი.

სასამართლოზე არც მშობლები მისულან და არც მეუღლე. დამნაშავეებს 12-12 წელი მიუსაჯეს. ისინი მეშვიდე წელია, სასჯელს იხდიან. ნინოს, გიორგის ცოლს, რისიც ძალიან ეშინოდა, ის მოხდა. თავის სამეგობროში სულ ამას ამბობდა: მეშინია, გიორგის ცოდვამ ჩვენს შვილებს არ უწიოსო... ადრეც მორწმუნე იყო, მაგრამ ამ ამბის შემდეგ დღე და ღამე ეკლესიაში ლოცულობდა, ერთი წლის წინ უმცროს გოგონას ლეიკემია აღმოაჩნდა.

დედის ლოცვამ და სათანადო მკურნალობამ ბავშვი გადაარჩინა.

ნინოს სჯერა, რომ ეს იყო უმკაცრესი პასუხი გიორგის საქციელისთვის.