"უმადურობაზე საშინელება არაფერია" - კვირის პალიტრა

"უმადურობაზე საშინელება არაფერია"

40 წელზე მეტია, მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სკოლაში. არაერთი თაობა გამიზრდია. კარგად ვიცი, ასაკის მატებასთან ერთად რა რთულ ფაზებს გადის მოზარდი.  როცა წავიკითხე წერილი, "ღვთისგან ბოძებული შვილის უღვთო განაჩენი", უსაზღვროდ შემეცოდა გამზრდელი და  გადავწყვიტე, გამოვხმაურებოდი.

14-15 წლის ასაკში მოზარდებს ხასიათი ეცვლებათ, ჰგონიათ, უკვე დიდები არიან და დამოუკიდებლობისთვის უფროსებს ეურჩებიან. ამ პერიოდში მათ ყველა და ყველაფერი აღიზიანებთ. მათთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე მართებთ უფროსებს, მით უფრო მაშინ, როცა ზრდასრული დიდ საიდუმლოს მალავს. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სიმართლე დროულად უნდა ითქვას, თორემ გარდატეხის ასაკში გამჟღავნებული სავალალოდ დასრულდება. ასე მოხდა ლიზის ცხოვრებაშიც. მან სიყვარული და სითბო არ მოაკლო გოგონას, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა - შვილს დაუმალა, რომ ნაშვილები იყო. გოგონამ კი ეს სწორედ რთულ, გარდატეხის ასაკში გაიგო. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ნაშვილები უფრო მეტი პატივისცემით იმსჭვალება გამზრდელის მიმართ, მაგრამ მარიამი უმადური აღმოჩნდა.

განა რა დააშავა კეთილმა ქალმა, რომელმაც ბიოლოგიური მშობლებისგან მიტოვებული შეიფარა და გაზარდა? მარიამი არც ისე პატარაა, რომ ლოგიკური დასკვნის გამოტანა გაუჭირდეს. ვშიშობ, რომ რაც დრო გავა, მარიამი კიდევ უფრო ცუდად მოექცევა გამზრდელს. ვიცი, ძნელია, როცა შვილი ამაგს არ დაგიფასებს, მაგრამ ხვეწნა-მუდარითა და ლმობიერებით ვერაფერს გახდება, ამიტომაც არ ვურჩევ ლიზის ზედმეტ გულმოწყალებას. თუკი მარიამი მოინანიებს გამზრდელის წინაშე თავის  საქციელს და გულწრფელად სთხოვს პატიებას, მაშინ ღირს მათი ერთად ცხოვრება. ასე რომ, ლიზი, გულს ნუ გაიტეხთ, გამაგრდით და დროს მიანდვეთ მარიამის გონს მოსვლა.

იზოლდა ცერცვაძე, თბილისი