"გულუხვი" დაკა - კვირის პალიტრა

"გულუხვი" დაკა

დარო ბაბო გურჯაანის ერთ ლამაზ სოფელში ცხოვრობს. სულო ცოდვილო და, ახალგაზრდობიდანვე ისეთი ჩხუბი იცოდა, მთელ სოფელს შეჰყრიდა ხოლმე. ქმარი ადრე გარდაეცვალა, ორი გოგო დარჩა და კაცის საქმესაც შეეჩვია. მარტოხელობამ ქვაწვია გახადა. შვილების გარდა, სხვისთვის თოვლსაც არ გაიმეტებდა ზამთარში.

ერთ დილას აღმოაჩინა, რომ თუთის ხე, რომელიც ყოველთვის შუა ეზოში იდგა, ახლა ღობის გასწვრივ გატოტილიყო - მეზობელს მისი მიწის ნაწილი მიესაკუთრებინა. აწი მიყუროს მაგანო, - დაიქადნა და პირდაპირ საწოლი ოთახიდან გამოათრია ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი კაცი.

- ხალხო, დაინახეთ, რას აკეთებს ეს უნამუსო კაცი? მისი ცოლიც რომ ეხმარება, როგო არა რცხვენიათ? ქვრივ-ობლებს რომ გოჯ-გოჯობით მიწას ჰპარავენ, ღვთისა მაინც არ ეშინიათ? - გაჰყვიროდა დარო. იმას კი, ოჯახის "თავკაცი" რომ ერქვა, სულ არ ანაღვლებდა, დარო ქურდს დაარქმევდა, თუ თაღლითს, იდგა და ქირქილებდა, - რით ვერ გაიგე, ქალო, თუთის ხე გაიზარდა და ღობისკენ გადმაიწიაო. ამ უტიფრობაზე თვალის დახუჭვა მართლაც ძნელი იყო. დარომ მოზრდილ მორს დაავლო ხელი და მეზობლისკენ გაიწია. თანასოფლელები ხორხოცობდნენ, - დაჰკა, დარო ძალო, მაგ ცალტვინას და რაც თავში დარჩენია, ისიც გამაასხმევინეო... დარომაც დაჰკრა და... მოკლედ, რომ არა სოფლის გვერდში დგომა, სასჯელი არ ასცდებოდა. კაი ხნის მკურნალობის შემდეგ დაზარალებულმა მეზობელმა სახლ-კარი გაყიდა და სოფლის განაპირას გადავიდა საცხოვრებლად.

ის დღე იყო და ის დღე, დაროს დაკა დაერქვა. მას შემდეგ წლები გავიდა. ქალიშვილები დათხოვდნენ, ერთი თელავში დასახლდა, მეორე - თბილისში. წელიწადში ორჯერ ქალიშვილებს სოფლის ნობათს უგზავნიდა...

დაკა რომ ქვაწვია იყო, ეს მთელმა სოფელმა იცოდა. ერთადერთი, ქელეხის ხარჯზე იცოდა შეწევნა. ამბობდა, - არ მინდა, ჩემი დასაფლავება მხოლოდ ქალიშვილებს დააწვეთ მხრებზეო.

ერთხელ თბილისელი შვილიშვილი გიგა, ესტუმრა. გაიხარა დაკამ, ციბრუტივით დაუტრიალდა მონატრებულ ბიჭს და ბუხარში მწვადები ააშიშხინა. გიგამ კი, - ბაღჩაში სამკურნალო მცენარე უნდა დავთესოო და ორსაათიანი მუშაობის შემდეგ სუფრას მიუჯდა. თან დაკა გააფრთხილა, კვირაში მხოლოდ ერთხელ მორწყე, ბევრი წყალი არ უნდაო... მოუხშირა გიგამ სოფელში სიარულს... შემოდგომის მიწურულს, როცა დაკამ მოსავალი დააბინავა, ეზო-კარის დალაგება გადაწყვიტა და გამხმარ მცენარეებს ცეცხლი მოუკიდა. გიგას დათესილი, რომელიც დაკას უკვე უვარგისად მიაჩნდა, ტკაცუნ-ტკაცუნით აბრიალდა... დიდი ხანია, ასეთ კარგ გუნებაზე არ დამდგარა. უკვირდა, ამდენი შრომის შემდეგ დაღლას რომ ვერ გრძნობდა, უჩვეულოდ გახალისდა... ცოტა ხნის შემდეგ მეზობელი დაინახა, ხელი გაუშვა თოხს და ჭიშკრისკენ გაქანდა:

- ბაბულა, ქალო, ერთი აქეთაც შემოუხვიე, გაწყენს ამდენი ყავის სმა. იმისთანა ღვინოს დაგალევინებ, ეგება შენი სახსრები სულ დაგავიწყდეს! - ლამის ხელი მოაგლიჯა დაკამ მეზობელს. ქალი პირდაღებული მისჩერებოდა აჟღურტულებულ ქალს. დაკამ ბაბულას შვილიშვილი კიდევ მეზობლების დასაპატიჟებლად გაგზავნა, ჯილდოდ კი ჩურჩხელებს დაჰპირდა. რამდენიმე წუთში იმისთანა სუფრა გაშალა, მექორწილეებსაც კი შეშურდებოდათ... დაკამ მარტო სუფრის გაშლა როდი აკმარა მეზობლებს, სამივეს საზამთროდ გადანახული დაკონსერვებული კომპოტები და ჩირ-ჩურჩხელები გაატანა.

ორღობეში მიმავალი შეჟუჟუნებული ქალები ჩურჩულებდნენ:

- ასეთი ხელხვავიანი არასოდეს ყოფილა, ნეტაი, რამე ხომ არ სჭირს? - იკითხა ბაბულამ და მეზობლებს გადახედა.

- ეჰ, მოხუცდა და ცდილობს, ბევრს ასიამოვნოს. ალბათ გრძნობს, რომ ორიოდ პარასკევი დარჩენია, - დაასკვნა თინიამ.

- რა დღეში იყო, ქააა... ამდენი არასოდეს უცინია, ჩვენც კარგად გვახალისა. ხომ არ შექანდა, ა? - დაეჭვებით იკითხა ელომ.

დღემდე არ იციან მეზობლებმა, რომ ამის მიზეზი ის პატარა ხანძარი იყო, ეზო-კარის დასასუფთავებლად რომ ააგუზგუზა მოხუცებულმა. დაკას ის, რაც სარეველა ეგონა, კანაფი აღმოჩნდა.