ოცნებიდან რეალობამდე, ანუ როგორ იქცა დაწუნებული ბიჭი საოცნებო მამაკაცად - კვირის პალიტრა

ოცნებიდან რეალობამდე, ანუ როგორ იქცა დაწუნებული ბიჭი საოცნებო მამაკაცად

ქეთას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მისი მოსაწონი არც მაღალი, ქერა და ცისფერთვალება აღმოჩნდა და არც შავგვრემანი ათლეტი. ასე რომ, კაფანდარა ნიკას იმედი არ უნდა ჰქონოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ქეთას მეგობრები, - სასწაული უნდა მოხდეს, რომ თავი გაგიყადროსო, - სიმართლე არ დაუმალა ნიკას ქეთას ერთმა მეგობარმა და ამით დაამთავრა "საშუამავლო სამსახური".

სამაგიეროდ, ძმაკაცები დაუდგნენ გვერდში და ურჩიეს: - შენი ქეთა დღე Eდა ღამე ფეისბუკშია, ადექი და შეეხმიანეო!

- რამდენჯერ მივწერე და პასუხი არ მაღირსა, - ამოიხვნეშა ნიკამ.

- ხერხი შეცვალე! - უთხრეს ეშმაკურად ბიჭებმა და ნიკა მიხვდა, რაღაც ორიგინალურს სთავაზობდნენ - ქეთა ყოველდღე თავის სურვილებს აქვეყნებს ფეისბუკში. შენც შეუსრულე, ოღონდ ვინაობა არ გაუმხილო. მერე, ვნახოთ რა იქნება...

- რას ამბობთ, ბინა და მანქანა თუ მოითხოვა, როგორ შევუსრულო? რომელი მილიონერი მე ვარ? 700 ლარია ჩემი ხელფასი, - აღმოხდა ნიკას.

- კაი რა, არ იცნობ ქეთას? შეუძლებელს არ ითხოვს. ამას წინათ დაწერა, კოკერ-სპანიელის ლეკვი მინდაო, მერე ცისარტყელას ფერები ინატრა...

- მერე რა ვქნა? საღებავები მივუტანო? - აბობოქრდა ნიკა.

- ფერადი ყვავილები დაუტოვე კართან, ლეკვიც იოლი საშოვნელია - კვირას ცხოველების ბაზრობაზე ვიყიდოთ.

ნიკას ჭკუაში დაუჯდა მეგობრების რჩევა და საქმეს შეუდგა. ჩაუჯდა ფეისბუკს და ქეთას სურვილების ნუსხას გაეცნო: კოკერ-სპანიელის ოქროსფერი ლეკვი; ცისარტყელას ფერები; გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"; ფილმ "მატარებლის" დისკი; იების კორიანტელი; შოკოლადის ტორტი; ფრანგული სუნამო.

ამის შესრულება ძნელი არ იყო და ნიკამ ლამაზი ლეკვი უყიდა საყვარელ გოგონას, თან ლურჯი ბაფთა შეაბა, კალათში ჩასვა და კარის წინ დაუდო. მერე ზარის ღილაკს თითი დააჭირა და თვითონ დაიმალა. ნიკამ ქეთას აღფრთოვანებული შეძახილები რომ გაიგონა, გული იმედით აევსო და კმაყოფილი დარჩა პირველი დღით.

დადგა მეორე კვირა. ნიკამ მანქანის უკანა სავარძელი ნაირ-ნაირი ყვავილით აავსო და სანამ ქალაქს (და ქეთას) ეძინა, მისი კარის წინ ყვავილები მოფინა. ამჯერად ზარი აღარ დაურეკავს. იცოდა, რომ ქეთას ოჯახიდან ერთ-ორ საათში ვინმე მაინც გამოვიდოდა...

წიგნის ჩუქების ჯერიც დადგა. არც ეგ დაუგვიანა ნიკამ, მერე ფილმი "მატარებელი" (რომი შნაიდერისა და ტრენტინიანის მონაწილეობით) გადაუწერა და ისიც კარის წინ, ლამაზად შეფუთული დაუტოვა. მეხუთე კვირადღე იისფრად აბრიალდა - ქეთას კართან იების ხალიჩა დააფინა.

გახარებული ქეთა ფეისბუკის მეშვეობით მთელ ქვეყანას ამცნობდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო. თან ცნობისმოყვარეობა კლავდა, აინტერესებდა უჩინარი თაყვანისმცემლის ვინაობა. როცა ქეთამ თავის უახლოეს მეგობარს, ლიკას, გაუმჟღავნა, - მგონი, შემიყვარდა ჩემი სურვილების შემსრულებელიო, ეს ამბავი მეორე დღესვე მივიდა ნიკას ყურამდე და ბიჭმაც გადაწყვიტა, გოგონასთვის ბოლო ორი ნატვრა ერთ დღეს შეესრულებინა. ძმაკაცებს სთხოვა დახმარება, ისინიც სიამოვნებით დასთანხმდნენ ქეთას ოჯახში სტუმრობას. ნიკამ იყიდა შოკოლადის ტორტი, ქეთას საოცნებო სუნამო და ვარდების თაიგულით ხელდამშვენებული მიადგა გულის სწორს. ზარი დარეკა და "განაჩენის" მოლოდინში თავი ყვავილებში ჩარგო. მალე კარის ჩხაკუნიც გაისმა, ეტყობა, ქეთა დილიდანვე ელოდებოდა მორიგ სიურპრიზს... ნიკა რომ დაინახა კარის ზღურბლზე, გაოცებისგან აღმოხდა: - შენ? ბიჭს ხმა არ ამოუღია, მაგრამ მის უკან მდგომმა მეგობრებმა მაშინვე დაუდასტურეს, - დიახ, დიახო! ქეთა სიხარულით გადაეხვია ნიკას და ბიჭები შინ შეიპატიჟა.

ერთი თვის შემდეგ ჯვარი დაიწერეს...

ახლა წლი-ნახევრის დემეტრე ჰყავთ. ქეთა კი ფეისბუკზე საქვეყნოდ აცხადებს, რომ მასზე კარგი ქმარი არავის ჰყავს.