"იქნებ თქვენ მომაძებნინოთ გამოსავალი" - კვირის პალიტრა

"იქნებ თქვენ მომაძებნინოთ გამოსავალი"

ჩემი დის ოჯახში ისეთი ამბები ტრიალებს, რომ გადავწყვიტე, თქვენთვის მეამბნა. იმედი მაქვს,  გამოაქვეყნებთ. ძალიან მინდა, თქვენმა მრავალათასიანმა მკითხველმა რამე გვირჩიოს...

ჩემს დას და სიძეს 10 წელი არ ჰყავდათ შვილი. ბოლოს ერთი თვის გოგონა აიყვანეს. ისე გაზარდეს, არაფერი დაუკლიათ. ორი წლით ინგლისშიც გაუშვეს სასწავლებლად. იქიდან დაბრუნდა და მალევე გათხოვდა. სიძე უბინაო იყო, ნინომ (სახელს შევუცვლი) მშობლებს გამოუცხადა, - თქვენთან არ გვინდა ცხოვრება და ბინა დაგვიქირავეთო.

უარი არ უთქვამთ. მალე ერთმანეთის მიყოლებით ორი გოგონა შეეძინათ. ბავშვებს რომ არაფერი მოჰკლებოდათ, ჩემი სიძე საბერძნეთში წავიდა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. სამი წელი იქიდან ეხმარებოდა - ხარაჩოდან ჩამოვარდა, სასწაულად გადარჩა, მაგრამ დაინვალიდდა. მშობლებს გაუჭირდათ ნინოს ბინის ქირის გადახდა, ამიტომ შვილი, თავისი ოჯახით, მშობლების ერთოთახიან ბინაში დასახლდა. შეუძლებელს აკეთებდნენ, რომ ნინო ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ მისი უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა. იმ საწყლებმა მადლი ქნეს, შვილად აიყვანეს, გაზარდეს, ყველანაირად ხელი შეუწყვეს, რომ ესწავლა და კარგი სამსახური ეშოვა, ახლა მშვიდად უნდა ეცხოვრათ თავისი პენსიით, ნინოსგანაც ყურადღება არ უნდა მოჰკლებოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მშვიდი სიბერე ეღირსათ და არც სითბო და სიყვარული. იმის მიუხედავად, რომ ამდენი ადამიანი იმ ერთ ოთახში ცხოვრობდა ბოლო ხანს, საჭმელ-სასმელზეც ჩემი და და სიძე ზრუნავდნენ. მერე ნინომ თავისი დედამთილიც შინ მიიყვანა, - არ მუშაობს და აქ ისადილოსო. რა თქმა უნდა, კაცს სიკეთე არ უნდა დაამადლო, მაგრამ სხვის ხარჯზე ამის გაკეთება როგორ იქნება?

ნინო მხოლოდ თავის მშობლებს სთხოვდა დახმარებას, ქმარს და მისიანებს კი - არა. ჩემს დას და სიძეს დიდი ამაგი აქვთ შვილიშვილებზე, მათთვის არაფერს დაიშურებენ, მაგრამ იმ ერთ Oოთახში დასაწოლი ადგილი აღარ იყო და ამის გამო ხშირად ხდებოდა უსიამოვნება. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ნინოს ქმარმა სიდედრ-სიმამრზეც კი გაიწია საცემრად. ჩემს სიძეს  საბერძნეთიდან ორიოდ გროში ჰქონდა ჩამოტანილი, იმას ედავებოდა ნინო - იმ ფულით ბინა მიყიდეთო. არადა, ერთოთახიანსაც არ ეყოფოდა... დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ჩემმა სიძემ და დამ შვილს გირაოთი უყიდეს ბინა, მაგრამ მას მშობლების მიმართ სიბრაზე მაინც არ გაუნელდა. ძალიან ენატრება ბებია-ბაბუას შვილიშვილები, მაგრამ დედა უკრძალავს მშობლებს მათ ნახვას. ჩემი და და სიძე კი დღე და ღამე ტირიან, - ვერ ვხვდებით, როდის რა შეცდომა დავუშვით ნინოს აღზრდაშიო. ჩემი და ისეა გამწარებული, რომ აპირებს, უთხრას, აყვანილი რომაა - იქნებ მერე უფრო დააფასოს ჩემი ამაგიო.

მე ისე ვარ დაბნეული, რომ აღარ ვიცი, რა ვურჩიო. იქნებ თქვენ მომაძებნინოთ გამოსავალი. გთხოვთ, გამოეხმაურეთ ამ წერილს და გვირჩიეთ, რა გზას დაადგნენ სიბერეში შესული ადამიანები, რომლებსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ერთადერთი ქალიშვილისთვის.

თქვენი მუდმივი მკითხველი თ. ჩ.