ბავშვობის საიდუმლო და "მოღალატე" დედის წერილი - კვირის პალიტრა

ბავშვობის საიდუმლო და "მოღალატე" დედის წერილი

გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ ქეთის თავნებობას და აგრესიულობას. ახლობლები ელენეს საყვედურობდნენ, - შენი ბრალია, პატარაობიდანვე  ანებივრებდი და აი, შედეგიცო... ელენე მაინც ცდილობდა ნაბოლარა შვილის საქციელის გამართლებას, - მამამისის სიკვდილის შემდეგ შეიცვალა, თორემ ასეთი არ იყო, გავა დრო და დამშვიდდებაო. არავინ იცოდა, რომ გოგონას დედის მიმართ აგრესია ჯერ კიდევ პატარაობაში გაუჩნდა. როდესაც აღმოაჩინა, რომ მამას ღალატობდა.

ქეთისთვის ბევრჯერ უკითხავს მის უახლოეს მეგობარს - რა გჭირს, გარეთ თბილი ხარ, ოჯახში კი ცივი და უხეშიო... მოკლედ მოჭრიდა ხოლმე, - ალბათ მაქვს ამის მიზეზიო. გვიან, როცა მისი სათაყვანებელი მამა მოულოდნელად გარდაიცვალა, გულში ჩაბუდებული დარდი ვეღარ დაიტია, უნდოდა მეგობრისთვის მოეყოლა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო...

გავიდა დრო. ქეთი გათხოვდა, შვილი შეეძინა და მაინც... ვერ აპატია დედას მამის ღალატი. მხოლოდ ელენეს გარდაცვალების შემდეგ გაირკვა სიმართლე, როცა ქეთიმ დედის ჩანაწერები იპოვა. მხოლოდ მაშინ გაუჩნდა სურვილი, მეგობრისთვის მოეყოლა ის, რაც წლების განმავლობაში აწუხებდა:

- მამას დედა მგონი, შვილებზე მეტადაც კი უყვარდა. სანამ პატარა ვიყავი, სულ ვნატრობდი, დედას დავმგვანებოდი, მაგრამ, რაც ვიზრდებოდი, უფრო და უფრო მამას ვემსგავსებოდი. შვილებიდან ჩემი უფროსი ძმა ჰგავდა დედას  და რაღაცნაირად მშურდა მისი. მერე მამა რუსეთში წავიდა და ჩემი ძმაც თან წაიყვანა. ძალიან უნდოდა, მთელი ოჯახი მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ დედამ უარი უთხრა, მისი მშობლები ხშირად ავადმყოფოდნენ, ის მათი ერთადერთი შვილი იყო... როცა  შუათანა ძმამ სკოლა დაამთავრა და ისიც მამასთან წავიდა. დავრჩით მე და დედა.

ერთხელ, მაშინ ათი წლის ვიყავი, შუაღამისას, ზარის ხმა ჩამესმა. რადგან არავინ შემოვიდა ჩემს საძინებელში, ვიფიქრე, მეზობელი გვესტუმრა-მეთქი და ძილი გავაგრძელე. ცოტა ხანში მამაკაცის ხმა ჩამესმა  და მთვარეულივით წამოვხტი. სამზარეულოსკენ წავედი, მაგრამ სიტყვებმა - მე აღარ შემიძლია უშენობა, როდემდე უნდა გელოდო? მიატოვე ქმარი და წამოდი ჩემთან,  არაფერს მოგაკლებო, - თითქოს მდუღარე გადამასხეს. კარი ოდნავ იყო შეღებული და  უცნობი მამაკაცი დავინახე. არ ვიცი რამ შემაშინა, მაგრამ სასწრაფოდ გამოვტრიალდი და საწოლში ჩავწექი. დილით ყველაფერი ისე იყო, როგორც სხვა დროს. წამიერად ვიფიქრე, ხომ არ დამესიზმრა-მეთქი, მაგრამ საფერფლე სიგარეტის ნამწვით იყო სავსე, დედა კი არ ეწეოდა - დავიწყებოდა შუაღამის სტუმრის "ნაკვალევის" წაშლა...

იმის მერე ჩავიკეტე საკუთარ თავში. სამი წელი საშინლად ვიტანჯებოდი. მიკვირდა დედის საქციელი, ის ხომ მამას დიდი სიხარულით ხვდებოდა. გულში მატყუარას ვეძახდი, ხმამაღლა კი ამის თქმას ვერ ვბედავდი. ხშირად მარტო მყოფი ხმამაღლა ვლაპარაკობდი, დედას საქმეებს ვურჩევდი, მამის ღალატის გამო პასუხს ვთხოვდი. რამდენჯერმე სკოლაშიც არ წავედი და დედას ჩავუსაფრდი, დაველოდე სახლიდან მის გასვლას, კუდში მივდიე, ის კი ჯერ სილამაზის სალონში წავიდა, მერე იქიდან მამიდას შეხვდა, მერე კი შინ დაბრუნდა... ვერა და ვერ "გამოვიჭირე". ამაზე უფრო ვბრაზდებოდი. მამა და ძმები ძველებურად არა, მაგრამ სამ თვეში ერთხელ მაინც ჩამოდიოდნენ. დედაც ისევ "სიხარულობანას" თამაშობდა. მერვე კლასში ვიყავი, შემთხვევით რომ გავიგე, აბორტი გაიკეთა. მეზობლის ქალს ეუბნებოდა, მუცელი მომეშალა, არადა, კიდევ მინდოდა ბავშვის გაჩენაო. უეჭველი იყო, იმ კაცისგან იყო ორსულად, ჩანს, მაინც ახერხებდა საყვარელთან შეხვედრას. იმ პერიოდში ჩემზე უბედური არავინ მეგონა. მერე მამა მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა. დედის დანახვა არ შემეძლო, მას ვადანაშაულებდი მამის სიკვდილში. არადა, ძალიან სასოწარკვეთილი იყო, ბევრს ტიროდა, ვერ ამშვიდებდნენ... გულში თვალთმაქცს ვეძახდი.

დედაზე არც წლები, არც დარდი არ მოქმედებდა, ძველებურად ლამაზი და მომხიბვლელი იყო. ეს კიდევ უფრო მაღიზიანებდა. ყველაფერს მხოლოდ მაშინ აეხადა ფარდა, როცა მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ საწერი მაგიდის  უჯრა გავაღე და მისი ჩანაწერები წავიკითხე. სულმოუთქმელად წავიკითხე ასფურცლიანი რვეული. აღმოჩნდა, რომ "შუაღამის სტუმარი" მართლაც მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელი იყო, რომელიც დედას ქმრის მიტოვებას ემუდარებოდა, დედა კი უარობდა. აი, ნაწყვეტი მისი ჩანაწერებიდან:

"კარგა ხანს არ ვახმაურებდი გიას გამოჩენას. არ მასვენებს, ჩემი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცის... მთხოვს, ცოლად გავყვე. ვიცი, მართლა ვუყვარვარ, მაგრამ ოჯახი, ქმარი და შვილები ყველას მირჩევნია. თენგო ისე მიყვარს, მუცელი რომ არ მომშლოდა, მზად ვიყავი, 44 წლის ასაკში,  კიდევ გამეჩინა მისთვის შვილი... გიამ კი იმდენი გაბედა, შუაღამისას კარს მომადგა და ჯერ პრეტენზიები წამიყენა, - შენი გაუბედურებული ვარო, მერე კი თხოვნაზე გადავიდა, ნუ დამღუპავო... იცოდა, რომ შინ მარტო მე და ქეთი ვიყავით, ისეთი გაგიჟებული შემოვარდა, შიშით ლამის გული გამისკდა. არ მინდოდა ჩემს პატარა გოგოს გაღვიძებოდა და ვთხოვე, დამშვიდებულიყო, ჩუმად ელაპარაკა. მაშინ კატეგორიულად ვუთხარი: იძულებული ვარ, ჩემს მაზლს  ვუთხრა, რომ მატერორებ და გეფიცები, შენი საქმე ცუდად იქნება-მეთქი... დამდუღრული გავარდა გარეთ... ერთხელ კიდევ დამირეკა და მითხრა, სიკვდილამდე მეყვარებიო... იმის მერე აღარ შევუწუხებივარ".

ჩანაწერების დანარჩენი ნაწილი მისი ბავშვობის მოგონებებს, მშვენიერ წლებს - სტუდენტობას და კიდევ უფრო მშვენიერს -  გათხოვებას და ჩვენ გვიკავშირდებოდა.

გულიდან თითქოს ერთბაშად მომწყდა ლოდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, გაუჩერებლად ვტიროდი. რომ მახსენდებოდა, რამდენჯერ მიტკენია გული მისთვის, თავი მეზიზღებოდა. ვნანობ, რომ თითქმის მთელი სიცოცხლე მისგან შორს ვიყავი...