"დრო ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ არ "იმუშავებს" - კვირის პალიტრა

"დრო ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ არ "იმუშავებს"

ამბობენ, დრო ცდის სიყვარულსო... მე კი მიმაჩნია, რომ სიყვარულს ექსპერიმენტები არ სჭირდება. როცა გიყვარს, უნდა გინდოდეს, ძვირფასი ადამიანი გვერდით გყავდეს, მისით გიხაროდეს გათენებაც და დაღამებაც... ბევრი ჯერ ფინანსური პრობლემის მოგვარებას ცდილობს (რაც ალბათ სრულიად ნორმალურია), მაგრამ თავად თუ არ იზრუნე ან ძლიერი დამხმარე არ გეგულება, მატერიალური კეთილდღეობის ლოდინი დიდხანს გაგრძელდება... დრო გადის, ურთიერთობაში კი ბზარი ჩნდება და სიყვარულიც ხუნდება... რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ დაშორება გარდაუვალია...

ჩემს მეგობრებს ხუთი წელი უყვარდათ ერთმანეთი (პირობითად მათ ნათიას და დათოს დავარქმევ). ყველას გვეგონა, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ, მაგრამ... ჯერ იმიტომ იკავებდნენ თავს, რომ სტუდენტები იყვნენ, მერე დათოს მამამ არ ისურვა ქალაქელი რძალი - დათოს ოჯახი რაიონში ცხოვრობდა. ნათიამ ძლივს დაითანხმა თავისიანები, რომ დათოს გაჰყოლოდა ცოლად (არც იმათ უნდოდათ "სოფლელი" სიძე), დათოს დედა, დები და ნათესავები კარგად იცნობდნენ ნათიას და მოსწონდათ, მხოლოდ მამამ ააგდო ქვა - ასფალტზე გაზრდილმა გოგომ სოფელში რა უნდა გამიკეთოს? იმას თუ ფიქრობენ, რომ აქაურობას დატოვებენ და ქალაქში გადავლენ საცხოვრებლად, ძალიან შემცდარან, კერიას არ გავაციებინებო... ერთი სიტყვით, შეყვარებულების ურთიერთობა ჩიხში შევიდა. ერთი წლის შემდეგ ნათია გათხოვდა... ეს უფრო შურისძიებას ჰგავდა, რადგან დათო არ ჩანდა, არც რეკავდა... მოგვიანებით გავიგეთ, რომ მას დიდი უსიამოვნება მოუხდა მამასთან, დაემუქრა კიდეც, - რახან ასეა, ჩემს ცოლს ვერ ეღირსებიო და მთაში წავიდა დიდი ხნით... ნათიას გათხოვება რომ გაიგო, ძალიან განიცადა, მაგრამ რაღა ეშველებოდა საქმეს? სხვათა შორის, დათოს მამა მალე გარდაიცვალა და მართლა ვერ მოესწრო რძალს, თუმცა, რომც ეცოცხლა, რა - დათომ ცოლი აღარ შეირთო.

გავიდა 25 წელი... ამას წინათ დათო მოულოდნელად შეეხმიანა ნათიას. გამოჰკითხა ოჯახური ამბები, თითქოს არც არაფერი მომხდარა. დათოს არაერთხელ უთქვამს მეგობრებთან, ნათიას გარდა ცოლად ვერავის ვიგუებდიო... არავისთვის არ უნდა დამეგდო ყური, არც მთაში უნდა გადავკარგულიყავი, მომეკიდა ხელი და წამომეყვანა ნათიაო... ახლა კი ამბობს, მაგრამ რაღა დროს? წლები თოვლივით უცებ შემოადნათ ხელში და ხომ იცით, გზაც მაშინ გამოჩნდება, ურემი რომ გადაბრუნდება.

ახალგაზრდებო, კეთილდღეობაზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ თუ ვინმე გიყვართ, ნუ გააჯანჯლებთ თქვენს ურთიერთობას. მერწმუნეთ, დრო ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ არ "იმუშავებს".

ნინო მაჭავარიანი,

თბილისი