გაუმხელელი საიდუმლო - კვირის პალიტრა

გაუმხელელი საიდუმლო

"დეიდაშვილების" სიყვარულის ამბავი

ნიკას და სალომეს დედები დეიდაშვილები იყვნენ. ნიკა ორი წლით უფროსი იყო გოგონაზე. მათი დედები ერთად გაიზარდნენ და შვილებს პატარაობიდანვე აჩვევდნენ - თქვენ და-ძმა ხართ, დედმამიშვილი არც ერთს გყავთ, ძალიან უნდა გიყვარდეთ ერთმანეთიო. ასეც იყო. წამოიზარდნენ და ყველას, სანამ დაუმეგობრდებოდნენ, შეყვარებულებულები ეგონათ.

ნიკა 20 წლის იყო, სალომეს გაუმჟღავნა, ერთი გოგო მომწონს და უნდა გაგაცნო, შენი აზრი მაინტერესებსო. თეო მშვენიერი გოგონა იყო, მაგრამ სალომემ ნაკლი მაინც გამოუძებნა, - ცოტა გრძელი ცხვირი აქვს, თან წარამარა სულელივით იცინისო. ნიკას ჯერ ეწყინა, მაგრამ მერე მიხვდა, დეიდაშვილი არ ტყუოდა. თეოს შემდეგ კიდევ ორი გოგო გააცნო სალომეს, მაგრამ ორივე დაუწუნა. შეფიქრიანდა ნიკა, - ნამდვილად გაეგოისტდაო და ერთხელ სიცილით უთხრა: - სალო, ნუ დაემსგავსები ავ მულებს, ჩემს მოწონებულ გოგოებს ავი თვალით ნუ უყურებო. სალომემ იმ დღეს ბევრი იტირა. არც მეორე და მესამე დღეს დაურეკავს დეიდაშვილისთვის,  შინ ჩაიკეტა. დედამისი გაოცებული იყო, - რა სჭირს ამ გოგოს, ვერ გავიგეო... ნიკამ შინ მიაკითხა. სალომემ კი ოთახიდან ცხვირიც არ გამოყო - თავი მტკივა და ვერ ვარ გუნებაზეო, - შეუთვალა დედის პირით.

ნიკა გაოცებული იყო სალომეს საქციელით. ნეტა, რა ბზიკმა უკბინა ამ გოგოსო. იმას კი ხვდებოდა, რომ სალომეს თავისი ხუმრობანარევი შენიშვნით გული ატკინა, მაგრამ არც ისეთი გასაზვიადებელი რამ უთხრა, როგორც სალომე გამოხატავდა. ერთი კვირის შემდეგ ხელი ჩაიქნია ნიკამ, დროს მიანდო სალომეს "გამოდარება", თვითონ კი ისევ მაიკოსთან  გააგრძელა ურთიერთობა. სხვათა შორის, მაიკოც ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელსაც სალომემ ცხვირი აუბზუა.

გავიდა ათი დღე და სალომემ მართლაც "გამოიდარა". ვერ ვიტყვით, რომ მთლად მზის სხივი დასთამაშებდა სახეზე, მაგრამ ასე იყო თუ ისე, გარეთ გამოსვლა ინება. არ ეგონა, ნიკას მაიკოსთან ერთად თუ ნახავდა და პირკატა ეცა. იმ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ნიკასთვის საიდუმლო გაემჟღავნებინა.

- ნიკა, იცი, რატომ გიწუნებ გოგონებს? - ჰკითხა იმავე საღამოს დამარტოხელებულ ბიჭს და თვალი გაუსწორა.

- რატომ? - გაოცებით შეხედა ნიკამ.

- იმიტომ, რომ  მიყვარხარ და სხვისთვის არ მემეტები!

ნიკას თავზარი დაეცა. ეგონა მომეყურაო და გოგოს ჩაეკითხა:

- რა თქვი?

- რაც გაიგონე, - გააგრძელა ღიმილით სალომემ. იგი წინდაწინ ტკბებოდა იმ "სიურპრიზის" შედეგით, რაც ნიკას ამბის შეტყობის შემდეგ დაემართებოდა... საუბარი აუჩქარებლად განაგრძო:

- მართალია, გოგო ვარ და ასეთი გაბედულება არ შემფერის, მაგრამ კარგად მიცნობ, მორცხვიც არასოდეს ვყოფილვარ... სანამ მართლა დეიდაშვილი მეგონე, სხვა ფიქრი არც გამივლია გულში, მაგრამ წელიწადზე მეტია, ერთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოვაჩინე და ახლა უკვე ვიცი, რომ მე და შენ ნათესავები არ ვართ... ჩვენმა მშობლებმა ორივე გვიშვილეს.

ნიკას  თვალები საცრისოდენა გაუხდა:

- ეს როგორ? - ძლივს ამოღერღა.

- მამაშენს ვილნიუსში ძმაკაცი ჰყოლია, ექიმი. ჰოდა, ის დახმარებია შენს შვილად აყვანაში, მერე ჩემებსაც უთხოვიათ დახმარება და ისიც ახლა ჩემს "პოვნაში" დახმარებია. მე სულ სხვა ბიოლოგიური მშობლები მყავს, შენ - სხვა. უბრალოდ, ორივე წარმოშობით ბალტიისპირელები ვართ, - დაასრულა სალომემ თხრობა და მოლოდინით მიაჩერდა ბიჭს თვალებში.

ნიკა კარგა ხანს იჯდა ჩუმად. არც ჰქონდა ლაპარაკის თავი. გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც, 20 წელი ამას რომ უმალავდნენ მშობლები, მაგრამ ისე უყვარდა ორივე, წყენა მალევე გაუნელდა. სალომეს მარტო ეს სთხოვა, - მაჩვენე ის საბუთები, სადაც ჩვენი შვილად აყვანაა დაფიქსირებულიო. სალომემაც აჩვენა...

ერთი თვის შემდეგ სალომეს სიყვარულს ნიკამაც უპასუხა. მათ ერთად ასეთი რამ მოიფიქრეს: მოდი, ამ საიდუმლოს არგამხელისთვის დავსაჯოთ მშობლები, არ ვაგრძნობინოთ, რომ ვიცით სიმართლე და გავიპაროთო... ასეც მოიქცნენ. ორივემ შინ წერილი დატოვა: "ერთმანეთი შეგვიყვარდა და რადგან სხვა გზა არ გვქონდა, გავიპარეთ. თუ შეუღლებას დაგვიშლით, ძალიან ცუდ რამეს ჩავიდენთო..."

გულგახეთქილმა მშობლებმა მაშინვე გამოქექეს მათი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სალომეს დედის ჩანაწერები და გაპარული შვილების კვალს დაადგნენ.

გურიაში, ნიკას ბებია-ბაბუის სოფელში დახვდათ შეყვარებული "დეიდაშვილები". მამებს ფერი არ ედოთ სახეზე, დედები კი ცრემლებს ვერ იკავებდნენ, პატიებას სთხოვდნენ შვილებს დამალული სიმართლის გამო.

მეხივით გავარდა ქალაქში ამბავი, დეიდაშვილებს ერთმანეთი ჰყვარებიათო, ყველა გაოგნებული იყო მომხდარით.  მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო, რომ დეიდაშვილები სინამდვილეში ნათესავები არ იყვნენ, ჭორებიც დაცხრა. ყველაზე გულგასახეთქიც კი, რაც კარგად და ბედნიერად სრულდება, ავიწყდებათ ადამიანებს და მალე აღარავის ახსოვდა ნიკასა და სალომეს ამბავი...