"ნუ მოახვევთ შვილებს თქვენს აზრს" - კვირის პალიტრა

"ნუ მოახვევთ შვილებს თქვენს აზრს"

მოსწავლეობიდან მიყვარდა ერთი ბიჭი, მასაც. ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ღარიბი ოჯახის შვილი და ჩემმა მშობლებმა აითვალწუნეს. იმდენი მიჩიჩინეს, დამაჯერეს, რომ ის არ იყო ჩემი შესაფერისი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა გამაცნეს მათი მოწონებული ახალგაზრდა კაცი. დავყევი მათ ნებას... ეს ნაბიჯი მეორე დღესვე ვინანე, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს რაღას ვუშველიდი? რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ შევცდი. არ უნდა დავთანხმებოდი მშობლებს.

ყველა მშობელს შვილისთვის სიკეთე უნდა, მაგრამ ასე ჩარევაც არ შეიძლება.  შვილებს ნება უნდა მისცენ, ოჯახი შექმნან მასთან, ვისთანაც სურთ. თუ ინანებენ, სჯობს, თავისი საქციელის გამო ინანონ, ვიდრე სხვისი.

14 წლის ქალიშვილი მყავს, ბიჭი კი - 12-ისა. არასოდეს მივცემ თავს უფლებას, შვილებს ჩემი აზრი მოვახვიო. თითქოს არაფერი უჭირს ჩემი შვილების მამას, მაგრამ არ მიყვარს, სრულიად სხვადასხვა და ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ვართ.  რა უნდა იყოს იმაზე ძნელი, ვიდრე ცხოვრობდე ისეთ კაცთან, რომელსაც შენი არაფერი ესმის.

ჩემი "გაბედნიერების" შემდეგ ჩემი შეყვარებული სადღაც გაქრა. კარგა ხანს ვეძებდი, ქუჩაში რომ გამოვიდოდი, როგორც მიჩვეული ვიყავი, გამუდმებით ველოდი მისი ხმის გაგონებას, თვალებს ვაცეცებდი, მაგრამ... მერე მითხრეს, საქართველოდან უცხოეთში წავიდაო. საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, როგორ ვატკინე გული, ყოველგვარი ახსნის გარეშე ზურგი შევაქციე საყვარელ ადამიანს და სხვას გავყევი.

მშობლებო, ნუ ჩაერევით შვილების პირად ცხოვრებაში. ურჩიეთ, მაგრამ არ დააძალოთ არჩევანი, თორემ თქვენს შვილს ყოველთვის ექნება სასაყვედურო, რომ მის უბედურებაში თქვენ მიგიძღვით ბრალი.

თინიკო, თბილისი