როცა იმედი ქრება, ანუ თვითმკვლელობა ერთადერთ "გამოსავლად" იქცა - კვირის პალიტრა

როცა იმედი ქრება, ანუ თვითმკვლელობა ერთადერთ "გამოსავლად" იქცა

ეს ამბავი ჩემმა ერთმა ძველმა და უკვე დამეგობრებულმა რესპონდენტმა მიამბო...

გიგი და ხატია მთელ ინსტიტუტში გამორჩეულები იყვნენ. ბევრს შურდა მათი. ბიჭის თანაკურსელ გოგონებს (ისინი სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობდნენ) მიაჩნდათ, რომ გიგის გაცილებით უკეთესი გოგო ეკუთვნოდა, ხატიას მეგობრები კი თვლიდნენ, რომ მას გიგი არ შეეფერებოდა. ბიჭი გურიიდან იყო, ხატია - თბილისელი. გოგონას გიგიმდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან ყველას გიგი არჩია.

ბიჭს გარეგნობითაც ვერ დაიწუნებდით.  გოგოებს მზე და მთვარე ამოსდიოდათ მასზე. როცა ხატია აირჩია, ქირქილი დაიწყეს, - ეტყობა, ამ გოგომ კი არა, მისმა ბინამ მოხიბლაო.

ასე იყო თუ ისე, შეყვარებულებს არავისთვის მიუქცევიათ ყურადღება, გამოხდა ხანი და შეუღლდნენ. ბევრის გასაკვირად, თბილისში არ დარჩენილან, რაიონში გადასახლდნენ და ბედნიერად გრძნობდნენ თავს მანამ, სანამ...

ორი შვილი ჰყავდათ, როცა გიგიმ სხვა ქალი გაიჩინა. ჭორის აგორებას რა უნდა? ბევრგან რომ ნახეს ერთად გიგი და "ის ქალი", ხმა გავარდა, - გიგი ხატიას შორდება და მეორე ცოლი მოჰყავსო. ხატიამ კარგა ხანს არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს. ქმრის ხშირ დაგვიანებას და ზოგჯერ შინ მოუსვლელობას მის სამსახურს აბრალებდა. მერე  მეზობლის ქალმა უთხრა: არ მინდა, დაბრმავებული დადიოდე, შენს ქმარს საყვარელი ჰყავს, რომელთანაც ათენ-აღამებსო. არც უჩხუბია და არც საყვედური წამოსცდენია ხატიას. ქმარს აკვირდებოდა; მის ყოველ სიტყვას წონიდა, ქცევას აანალიზებდა და როცა მიხვდა, ხალხი არ ტყუოდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ეგონა, ადრე თუ გვიან, გიგი გამოტყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ერთხანს თბილისში წამოვიდა უმცროს გოგონასთან ერთად, მაგრამ მალე მოენატრა უფროსი შვილი, 12 წლის დათუნა და ისევ უკან დაბრუნდა. ძალიან უნდოდა, სამუდამოდ გასცლოდა გიგის, მაგრამ ატყობდა, რომ ბავშვებს გაუჭირდებოდათ გარემოს შეცვლა და ბებია-ბაბუასთან განშორება. არადა, უჭირდა გიგისთან ისე ცხოვრება, ვითომც არაფერი მომხდარიყო. მაგრამ გულის კუნჭულში იმედის ნაპერწკალი უელავდა - იქნებ გატაცებაა და  გადაუაროსო.

დრო გადიოდა, გიგი დუმდა... ერთ დღესაც ვერ მოითმინა ხატიამ და "იმ ქალს" ჩაუსაფრდა. განა რაიმის თქმას აპირებდა, უბრალოდ აინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა მეტოქე ან რით სჯობდა მას. "ის ქალი" რაიონულ ცენტრში, აფთიაქში მუშაობდა. ხატიამ იცოდა, შენობაში რომ შესულიყო,  აგორდებოდა ჭორი - გიგის ცოლი ქმრის საყვარელს სამსახურში მიუვარდაო, ამიტომ გარეთ ხეს ამოეფარა და დაელოდა.

საღამოს 7-ზე გამოვიდა "ის"... მოხდენილი ქალი იყო, ჯეირანივით ყელმოღერებული მიდიოდა ქუჩაში. რატომღაც იმ წუთებში პირველად გააცნობიერა ხატიამ, რომ გიგი დაკარგა.

გიგის მშობლები რაღაცას ხვდებოდნენ. როცა არა და არ დაადგა საშველი ხატიას "გამოდარებას", დედამთილი მორიდებით ჩამოუჯდა საწოლთან და შეაპარა:

- გაწყდა კაცების სინსილა... შენს მამამთილს რო ოჯახზე ამოსდის მზე და მთვარე, იცი, რაფერი იყო ახალგაზრდობაში? ენით არ ითქმის, მარა ახლა ხომ ხედავ, ზედ გვყვება ყველას. ჰოდა, ნუ მიაქცევ გიგის აცაბაცა სიარულს ყურადღებას, მოყირჭდება და მიხვდება, შენზე ძვირფასი რომ არავინ ჰყავს ამქვეყნად.

ხატია ქმრის მშობლებს დიდ პატივს სცემდა. მათგან გადაკრულად ნათქვამიც კი არ ახსოვდა. არადა, თავიდან რამდენი რამ არ იცოდა საოჯახო საქმისა. სოფელში დიასახლისობა ძალიან გაუჭირდა. დედამთილი ხელს არაფერზე აკიდებინებდა, აბა, მე რისთვის ვარო. მერე და მერე, თავადაც მოინდომა და ისწავლა ყველაფერი.

ხატია დედამთილს ჩუმად უსმენდა, ბოლოს, თავი დაუქნია მხოლოდ. გიგი კი იმ ღამესაც არ მისულა შინ. ხატიას დედამთილის საუბარმა შვება არ მოჰგვარა, მიხვდა, რომ იმედი, რომელსაც ებღაუჭებოდა, გაუქრა, სიყვარული, რომლისაც ასე სჯეროდა, აღარ არსებობდა - გიგი არასოდეს დაუბრუნდებოდა. მერე გაუცნობიერებლად ხელი წამოავლო წამლის ყუთDს, მუჭით ჩაიყარა პირში აბები, წყალი მიაყოლა და მიწვა. აღარც შვილები ახსოვდა, აღარც მშობლები და არც ნათესავებ-მეგობრები.

მეორე დილას შემზარავი სურათი დახვდათ ოჯახის წევრებს... გიგის "იმ ქალთან" აცნობეს საშინელი ამბავი. გიჟივით შევარდა საძინებელში. თავში წაიშინა ხელები, კი არ ტიროდა, ბღაოდა, მაგრამ ხატიას ვინღა გააცოცხლებდა?!

ხატიას მეგობრები მისი სიკვდილის შემდეგ იხსენებდნენ:

- ასე ძლიერ რომ არ ჰყვარებოდა გიგი, ალბათ იოლად გადაიტანდა მის ღალატს.

გიგი ცოლის სიკვდილმა გაანადგურა - 34 წლის კაცი ერთ ღამეში დაბერდა. ფაქტია, რომ მასაც ძალიან უყვარდა ხატია, მაგრამ თავის გატაცებას ვერ შეელია. მათი სიყვარულის ამბავი კი ასე ტრაგიკულად დასრულდა...

ხატიას გარდაცვალების შემდეგ გიგი რუსეთში წავიდა, იქიდან 12 წლის მერე დაბრუნდა... უკურნებელი სენი შეჰყროდა. დიდხანს არ უცოცხლია.

ყველაზე ულმობელი კი მაინც დროა, რომელიც ყველაფერს ანელებს - ტკივილსაც, სიხარულსაც და ბედნიერებასაც... რჩება ამბავი, რომ ამქვეყნად იყო ქალ-ვაჟი, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ერთის ღალატის გამო მეორემ თვითმკვლელობით იძია შური.