გაქცეული პატარძალი, ანუ "ნუ გაცვლი ჩვენს სიყვარულს" - კვირის პალიტრა

გაქცეული პატარძალი, ანუ "ნუ გაცვლი ჩვენს სიყვარულს"

ზოგჯერ, როცა სასწორზე იდება სიყვარული და კეთილდღეობა, ადამიანი იბნევა, აღარ იცის, რა ამჯობინოს. ასეთ დროს უფროსები აქტიურდებიან. არცაა გასაკვირი, რადგან მშობელს შვილისთვის ყოველთვის საუკეთესო უნდა და იმას ურჩევს, რაც მას ბედნიერებისთვის უმთავრესი ჰგონია.

...ნატამ ბებიასთან, სოფელში გაიცნო ლევანი, საოცრად კარგი და ნიჭიერი ბიჭი, ამასთან, ძალიან მოქნილი და მოხერხებულიც. სოფლელი თუ მოაგარაკე ბავშვები სიამოვნებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა თამაშობაში. მათ შორის ლევანს ბადალი არ ჰყავდა. ერთი სიტყვით, ლევანი სოფლის თვალი გახლდათ, მაგრამ მაინცდამაინც ნატას დედას არ მოსდიოდა თვალში. ქალბატონ დიანას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიუტანეს მეზობლის ქალებმა ამბავი - ნატას და ლევანს ერთმანეთი უყვართო. მაშინ ყურადღება არ მიაქცია ამას. ნატა მშვენიერი გოგო იყო, თბილისშიც არ აკლდა თაყვანისმცემელი და რა გასაკვირია, სოფლელ ბიჭს მოსწონებოდა. მაგრამ როცა მიხვდა, ჩემს ქალიშვილს ლევანი გულში ჩავარდნიაო, შეფიქრიანდა. ერთხანს გადაწყვიტა, ნატა აღარ გაეშვა სოფელში, მაგრამ დედამისმა ურჩია, - ნუ იზამ მაგას, ხომ გაგიგონია, ყმაწვილს რასაც უშლიან, იმის გაკეთებას უფრო შეეცდება. ნატამ ჯიბრით ნაჩქარევი ნაბიჯი რომ არ გადადგას, ნუ აუკრძალავ ლევანთან ურთიერთობას. სოფლელობის გამო ნუ დაიწუნებ. ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენც აქაური ხარ? ან როგორ გიყვარდა თემო? მერე ქალაქში წახვედი და კეთილდღეობას ანაცვალე შენი სიყვარული, ნატას მამას გაჰყევი ცოლადო.

დიანას არ უყვარდა წარსულის გახსენება. დედას ისღა უთხრა, ნუ მტკენ გულსო, მაგრამ მისი რჩევა კი გაითვალისწინა...

იმ ზაფხულს დიანამ სოფელში მანქანით ჩააკითხა შვილს და სანამ თბილისისკენ წამოიყვანდა, სოფლის საფიხვნოსკენ ჩაატარა. გული უგრძნობდა, როგორც კი ნატა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებოდა, ახალგაზრდები აუცილებლად გაიპარებოდნენ, ამიტომაც გადაწყვიტა, შვილისთვის გამოუსწორებელი შეცდომის ჩადენის ნება არ მიეცა. დედამ  სკამზე ჩამომჯდარი 3 კაცი დაანახვა ნატას: დააკვირდი ამ კაცებს, სამივე ერთმანეთზე უარესია, მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან კარგი და მიმზიდველი ბიჭები იყვნენ. ამათგან საუკეთესო კი თემო იყო. მე და მას ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ყველას სჯეროდა, შევუღლდებოდით, მაგრამ ქალაქში მამაშენი გავიცანი და მივხვდი, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის უკეთესი გიორგისნაირი კაცი იქნებოდა. მე რომ მაშინ კარზე მომდგარი ბედისთვის ხელი მეკრა, დღეს მეც, ამ კაცების ცოლების მსგავსად, სოფელში ვიქნებოდი და ქათმებს მოვუვლიდი, ახლა კი ქალაქში ვცხოვრობ, საზოგადოებაში ცნობილი ქალი მქვია, საზღვარგარეთ ვმოგზაურობ, შენ და შენს ძმას არაფერი გაკლიათ. დამიჯერე, როგორც კი დაბრკოლება შეგხვდება, ეგ შენი სიყვარული პირველი თოვლივით გაქრებაო. ნატამ ძლივს შეიკავა ცრემლები, მისთვის ძნელი იყო ლევანთან ერთად გატარებული ლამაზი დღეების დავიწყება. მთელი გზა ის პატარა ხიდი ახსენდებოდა, სადაც ის და ლევანი ხვდებოდნენ ერთმანეთს. რამდენჯერ გადამხტარა ლევანი ამ ხიდიდან და მდინარის ნაპირზე დაკრეფილი ულამაზესი ყვავილები ამოუტანია გოგოსთვის. განა ეს ყვავილები შეედრებოდა იმ ძვირფას საჩუქარს, რომელსაც დედამისის რჩეული დათო მიართმევდა ხოლმე დაბადების დღეზე?

იმ წელს ნატა სტუდენტი გახდა. დიანა არწმუნებდა შვილს: დათოს უარი არ უთხრა, დიდი მომავალი აქვს. დამიჯერე, გავა დრო და ლევანის სიყვარული დაგავიწყდება და იტყვი, რა ჭკვიანი ქალი ყოფილა დედაჩემიო.

და ნატამაც გადაწყვიტა...

ქორწილის დღეც დაინიშნა. ნატა თითქოს ბურანში იყო, მთვარეულივით დადიოდა. ეცვა ულამაზესი თეთრი კაბა, ესმოდა აღტაცებული შეძახილები, მაგრამ ვერც კი აცნობიერებდა, რომ ეს ყველაფერი მას ეხებოდა. ჯვრისწერა მეორე დღეს იყო დათქმული. სიძე-პატარძალი, ის იყო ეკლესიაში უნდა წასულიყვნენ, ნატას მეგობარმა ჩუმად წერილი ჩაუდო. ნატამ იცნო ლევანის ხელი: "ვიცი, დაბნეული ხარ და ვერც გარკვეულხარ, რა ხდება შენ გარშემო. არ შეცდე, ნუ გაცვლი ჩვენს ლამაზ სიყვარულს ბრჭყვიალა ნივთებზე. გჯეროდეს ჩემი, ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისათვის. ახლა მე გარეთ ვარ და გელოდები. ნუ შეგეშინდება ნურაფრის! ლევანი". თითქოს ამას ელოდებოდაო, ნატა წამოდგა და ნელი ნაბიჯებით კარისკენ გაემართა. ლევანი მანქანით უცდიდა. ნატა გვერდით მიუჯდა და წავიდნენ. ჯერ სოფელში ჩავიდნენ და იმ ხიდზე შეჰფიცეს ერთმანეთს ერთგულება, მერე ძველ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი...

იმ დღიდან 12 წელი გავიდა. ლევანმა პირობა შეასრულა. მან იბრძოლა თავისი სიყვარულისთვის და წარმატებებსაც მიაღწია. იგი დღეს ბიზნესმენია, ხან გერმანიაში ცხოვრობენ, ხან თბილისში არიან. არც სოფელს ივიწყებენ. ჰყავთ ორი ვაჟი და ერთი გოგონა.

გამტყუნდა დიანას შიში. ლევანმა ბევრ რამეს მიაღწია და ამაში მას სიყვარული დაეხმარა. ნატა ხშირად ამბობს, - რა უბედური ვიქნებოდი, რომ მაშინ შემშინებოდაო.