"ვიღაცამ იცოდა ჩემი უშვილობის ამბავი და დამიტოვა ბავშვი. გადავწყვიტეთ..." - კვირის პალიტრა

"ვიღაცამ იცოდა ჩემი უშვილობის ამბავი და დამიტოვა ბავშვი. გადავწყვიტეთ..."

"შვილობა ძალიან ძნელია, მაგრამ უფრო ძნელია, ნაშვილები ამაგს რომ არ დაგიფასებს. სადაცაა, 70-ს მივუკაკუნებ, დავუძლურდი, სიმშვიდე მჭირდება, მაგრამ სადაა სიმშვიდე? ჩემი გაზრდილი ისე მანერვიულებს, ლამის გული გამისკდეს. გადავწყვიტე, თქვენ შემოგჩივლოთ ყველაფერი, ეგებ, გონს მოეგოს.

მე და ჩემმა ქმარმა ერთად 20 წელი ვიცხოვრეთ. თბილისში ბინა გაქირავებული გვქონდა, ძირითადად კი ლაგოდეხში ვიყავით. უშვილობა გვაწუხებდა, წლები უცებ შემოგვადნა ხელში.

52 წლის ვიყავი, როცა თათია (არც კი ვიცი, რა ერქვა ბავშვს, ეს სახელი მე დავარქვი) ჩვენს ჭიშკართან დატოვეს.

რაღაც ფხაკუნი მომესმა ჭიშკართან. გარეთ გავედი და რას ვხედავ, ჩემს ჭიშკართან პატარა გოგო (2 წლამდე იქნებოდა) ჩაცუცქულა და მიწას ჩიჩქნის. ვისი ხარ-მეთქი, - ვკითხე. რაღაცა წაიბუტბუტა და შავი, ბრიალა თვალები მომანათა. მილიცია გამოვიძახეთ. მთელი უბანი ჩემთან შეიყარა, ქმარიც მოვიხმე სამსახურიდან. ვერაფერი გავარკვიეთ. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ იცოდა ჩემი უშვილობის ამბავი და მომიგდო ბავშვი. დიდი სჯა-ბაასის მერე გადავწყვიტეთ, გოგონა დაგვეტოვებინა (სამართალდამცავებმა გამაფრთხილეს, - თუ ბავშვის დედა ან ვინმე ახლობელი გამოჩნდება, უფლება არ გაქვს, დაუმალო პატარაო).

გავიდა დრო. ბავშვი არავის მოუკითხავს. თათია ღვიძლი შვილივით შემიყვარდა. როცა მე დედა დამიძახა, ჩემს ქმარს კი - მამა, უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით. ჩემს ქმარს ნათესავები დაემდურნენ, - რად გინდოდა სხვისი ბავშვის გაზრდა, როცა ამდენი პატარა გყავს სანათესავოშიო. რაღა თქმა უნდა, თბილისის ბინაც და ლაგოდეხში სახლ-კარიც თათიას დარჩებოდა და არა მათ. მოკლედ, ყველამ ზურგი შეგვაქცია. ამდენ ნერვიულობას ქმარმა ვეღარ გაუძლო, ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. თათია გაიზარდა. სამწუხაროდ, საკმაოდ თავნება, ჯიუტი გოგო დადგა. უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩაირიცხა, თბილისში გადმოვინაცვლეთ. აქ კიდევ უფრო გათამამდა. აქაოდა, დიდი ვარო, არაფრად მაგდებს. არ ვიცი, სად დადის, ვისთან მეგობრობს... ამას წინათ ერთმა ნათესავმა მომახალა: ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინეთ და ახლა, რაც გეკუთვნით, ის მიიღეთო. არ მინდა ვიფიქრო, რომ თათია ცუდ გზას ადგას, რადგან ბუნებით ძალიან გულკეთილია. გთხოვთ, ჩემი ამბავი გამოაქვეყნოთ. თათიას ძალიან უყვარს თქვენი გაზეთი და დარწმუნებული ვარ, როცა მკითხველი გამომეხმაურება, ის აუცილებლად ყურად იღებს რჩევას.

პატივისცემით - ელიკო ზ., თბილისი"