"მე ისევ მის მარადიულ "ძმაკაცად" ვრჩები" - კვირის პალიტრა

"მე ისევ მის მარადიულ "ძმაკაცად" ვრჩები"

ამას წინათ ერთმა მკითხველმა მეტად გულწრფელი წერილი გამოგვიგზავნა: "47 წლის ვარ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ცოლშვილიანი, მალე ბაბუაც გავხდები,  მყავს მშობლები, მეგობრები, მაქვს ჩემი საქმე - ფინანსურად არ მიჭირს. ცოლიც ძალიან კარგი და სათნო ადამიანია, ასე რომ, არ ვუჩივი ბედს, მაგრამ ის, რაც წლებია მაწუხებს, უცებ მომინდა თქვენთვის გამეზიარებინა...

ახლა ღამის 3 საათია. კომპიუტერთან ვზივარ და გწერთ...

რამდენიმე დღის წინ კლასელებმა რესტორანში აღვნიშნეთ სკოლის დამთავრების 30 წლისთავი. კარგი დრო გავატარეთ.  მაკაც (ასე დავარქმევ) იქ იყო. მაკა მეექვსე კლასში გადმოვიდა ჩვენთან... ძალიან ბევრ ბიჭს მოსწონდა, მე კი მის ძმაკაცს მეძახდნენ. კარგა ხანს საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, რომ  მიყვარდა. მის გარეშე ვერ ვძლებდი, სადაც ის იყო, მეც იქ მინდოდა ყოფნა. ჩემმა ორმა ძმაკაცმა შემატყო ეს. აღარ დავუმალე, ოღონდ ვთხოვე, კრინტი არ დაძრათ-მეთქი. მაგულიანებდნენ - უთხარიო, მაგრამ ვერ ვბედავდი. მაკას ვინც მოსწონდა, იმ ბიჭზე ხშირად მელაპარაკებოდა. გული მესერებოდა, მაგრამ მაინც ვუსმენდი... ერთხელ, იჩხუბეს და მაკამ მთხოვა, შემერიგებინა. გამიჭირდა, მაგრამ მას ასე უნდოდა და... ოღონდ ჩემ გვერდით ყოფილიყო და ჩემს ტკივილს რას დავეძებდი! სკოლის დამთავრების მერე ვერ მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში. მაკა სამედიცინოზე ჩაირიცხა. ჯარში წავედი. გამაცილა, მეხუმრებოდა, იქიდან რუს ცოლთან ერთად არ ჩამოხვიდეო. რა იცოდა, რომ მასზე ფიქრში ვათენ-ვაღამებდი. მისი წერილები მომდიოდა, მიყვებოდა თავის თაყვანისმცემლებზე, რჩევას მთხოვდა... როცა დავბრუნდი, იმ საღამოსვე ვინახულე. რატომღაც თვალებს ვერ ვუსწორებდი. მეშინოდა, ჩემს სახეზე არ ამოეკითხა ის გრძნობა, რასაც მის მიმართ განვიცდიდი. ორი დღის შემდეგ საქმრო გამაცნო.  მთელი საღამო მსახიობივით ვითამაშე. რესტორანში დავპატიჟე, ვადღეგრძელე. გულით ვლოცავდი მათ, მე ხომ მაკას ბედნიერება ყოველთვის მიხაროდა.

ამ წერილს თუ წაიკითხავს, შეიძლება ბევრი რამ ეცნოს, თუმცა შეგნებულად ბევრი რამ არ ვთქვი... დაე, დარჩეს ბოლომდე ჩემს დიდ საიდუმლოდ ის გრძნობა, რომელიც ვერაფერმა გაანელა. მაკას ბევრჯერ გასჭირვებია და როცა გამიგია, ისე მომიგვარებია მისი პრობლემები, არც კი იცოდა, რომ მე ვიყავი ამაში ჩარეული, ხოლო თუ იგებდა, მადლიერი მეუბნებოდა, - შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდაო.

ამ შეხვედრაზე ძველებურად აღარ უციმციმებდა თვალები. შევატყვე, აღარ სურდა თავის პრობლემებზე ლაპარაკი და აღარც მე დამიძალებია. მოგვიანებით მეგობარმა მითხრა, მგონი, ქმარს შორდებაო. ვერ ვიტყვი, მესიამოვნა-მეთქი, მაგრამ არც მწყენია. ალბათ, ადრე თუ გვიან, ყველა გრძნობაში ეგოიზმი მაინც თავს იჩენს. მინდა, მაკა დედოფალივით ცხოვრობდეს, ოღონდ მის გვერდით ნუ იქნება სხვა კაცი. ცოლს არასოდეს გავცილდები, ოჯახსაც არ დავანგრევ, მაგრამ მაკას საყვარელიც ვერასოდეს გავხდები. ეს გრძნობა ჩემთვის ფაქიზი და წმინდაა. მის მეგობრად და დიდ გულშემატკივრად მინდა დავრჩე, ვეცდები, არასოდეს არაფერი გავუჭირვო - მე ისევ და ისევ მის მარადიულ "ძმაკაცად" ვრჩები, რომელმაც 34 წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ გაბედა და სიყვარულში ვერ გამოუტყდა საოცნებო ქალს.

გ.ნ.