"ანგარებიან ქორწინებას გავურბოდი და მაინც ის შემრჩა ხელში"
21-05-2012
"ანგარებიან ქორწინებას გავურბოდი და მაინც ის შემრჩა ხელში"
რედაქციაში ქალბატონი გვეწვია და გვითხრა, - ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოში, წინა ნომერში სტატია წავიკითხე, წერილი ქმრის ღალატს შეეხებოდა, ძალიან მომინდა ჩემი ცხოვრების შესახებ დაგლაპარაკებოდით და თქვენთან ამიტომაც მოვედიო. როგორც მისი მონაყოლიდან შევიტყვე, ჩემი რესპონდენტი ბევრისგან განსხვავებით, ქმრის ღალატს ცრემლთა დენითა და დეპრესიით არ შეხვედრია, თუმცა ერთხანს მოსეირეთა ჩასაფრებულ თვალებს კი ემალებოდა. მერე ახალ ცხოვრებაზეც დაიწყო ფიქრი...

- გვიან გავთხოვდი. 35 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. ურიგო გოგო არ
ვყოფილვარ, მაგრამ პირველ სიყვარულში იმედგაცრუებამ რაღაცნაირად შემბოჭა და ყველას ეჭვიანად ვუმზერდი. მეგონა, ანგარებით მეკიდებოდნენ. დედისერთა გახლავართ, ოთხოთახიანი ბინა მაქვს თბილისის ცენტრში, კიკეთში - აგარაკი... 18 წლისას შეყვარებულმა ძალიან მატკინა გული - სხვაში გამცვალა. დავიფიცე, აღარავის შევიყვარებ-მეთქი. ხან ვინ გამოჩნდა, ხან - ვინ, მაგრამ ახლოს არავის
ვიკარებდი. დრო რომ გავიდა, ახლობლები  ამიჯანყდნენ, - რას მისტირი იმ პირველ სიყვარულს, შინაბერად ხომ არ დარჩები, ქალი ხარ და დედა უნდა გახდეო...

არ მინდოდა გარიგებით გავთხოვილიყავი, ამიტომაც, ბოლო ხანს, თაყვანისმცემლებს საფუძვლიანად ვაკვირდებოდი. ყველაზე მეტად ერთი გამოირჩეოდა, ჩემი თანამშრომელი სანდრო, რომელიც სულ კუდში დამდევდა. ერთხელ ჩემს დაუკითხავად მამაჩემთან მივიდა და უთხრა: თქვენი ქალიშვილი მიყვარს და მინდა ეს თქვენც იცოდეთო. - რატომ არ გამაფრთხილა-მეთქი, ცოტა არ იყოს გავბრაზდი, მაგრამ ჩემი მშობლები ისეთი აღტაცებულნი დარჩნენ სანდროთი, რომ გავჩუმდი. ცოტა ხანში ვიქორწინეთ. სამი შვილი გავაჩინე... სანდროს ოჯახში ისეთი სიტუაცია არ დამხვდა, როგორსაც ის მიხატავდა ქორწინებამდე. მის პატარა ბინაში  მშობლები, ბებია,  უმცროსი ძმა და ქმარს გაცილებული, ორშვილიანი და  ცხოვრობდნენ. მე და სანდროს მისაღებ ოთახში, ერთ დიდ ტახტზე გვეძინა, ძალიან ადრე ვდგებოდი, რადგან მეუხერხულებოდა, სხვები რომ წამოიშლებოდნენ, საწოლში არ დამდგომოდნენ თავს. შეუღლებიდან ერთი თვის შემდეგ სანდროს ვუთხარი, - მოდი, ჩვენებთან წავიდეთ-მეთქი. უმალ დამთანხმდა.

რასაც გავურბოდი - ანგარებიან ქორწინებას, ის შემრჩა ხელში. ერთმანეთის მიყოლებით სამი შვილი გავაჩინე, ამიტომ სამსახურს თავი დავანებე. მარტო დედაჩემი ვერ აუვიდოდა სამი პატარის მოვლა-პატრონობას. სანდრო მუშაობდა, მაგრამ ხელფასი შინ არ მოჰქონდა. რამდენჯერმე მოგვივიდა კიდეც ამაზე შელაპარაკება, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი, ცოტა ხანს მოიტანდა რაღაც ნაწილს, მერე ისევ იმავეს აკეთებდა. თან უკვირდა, რატომ ვთხოვდი მას, როცა მშობლები არაფერს მაკლებდნენ. ერთხელ ჩემი მშობლების ყურამდეც მივიდა ჩვენი უთანხმოების მიზეზი, მამამ მითხრა: ნუ სთხოვ სანდროს ფულს, ეგებ, როგორ უჭირს მისიანებს და იმათ ეხმარება, შენ ხომ არაფერი გაკლია, მამიდაშენიც გვეხმარება საფრანგეთიდან და თავი დაანებეო. გავბრაზდი, - თუ ცოლ-შვილის რჩენის თავი არ ჰქონდა, თქვენს იმედად მოვყავდი-მეთქი? მამას გაეღიმა, - ალბათ, მართლაც ჩვენი იმედი ჰქონდაო...

შვიდი წლის შემდეგ გავიგე, რომ სანდროს ბანკში თავის სახელზე ანაბარი ჰქონდა გახსნილი და 15 ათასი დოლარი მოეგროვებინა. ძალიან გავბრაზდი, ბევრჯერ დამჭირვებია ფული, ბავშვების ავადმყოფობა იქნებოდა, თუ კომუნალური გადასახადები, სანდროს ერთი ლარიც არ გაუმეტებია - რა ვქნა, არა მაქვსო, - ისე საწყლად აიჩეჩდა მხრებს, რომ იქით მივცემდი ხოლმე ფულს. საბანკო ანგარიშის შესახებ რომ გავიგე, სიბრაზისგან შოკში ჩავვარდი.  სერიოზული კამათი მოგვივიდა. მივახალე, - თუ მდგმური ხარ, ბინის ქირა მაინც გადაიხადე, თუ მამად თვლი თავს, მაშინ შვილებზე  იზრუნე, შენ კი არც ერთს და არც მეორეს არ აკეთებ, ამიტომ ჩაალაგე შენი ბარგი-ბარხანა და წადი-მეთქი. აქეთ გამომლანძღა: სად მაგდებ,  აქამდე გჭირდებოდი, სანამ შვილების გაჩენა გინდოდა და ახლა აღარ გინდივარო? თურმე მადლიერი უნდა ვყოფილყავი იმის გამო, რომ სამი შვილი მაჩუქა, დანარჩენზე კი, ჩემს მშობლებს უნდა ეზრუნათ. მისმა უტიფრობამ აღმაშფოთა, მაგრამ მაინც თავი შევიკავე. ვიფიქრე, ხმას არ გავცემ და იქნებ, ინამუსოს და წავიდეს-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. ინამუსა კი არა, საყვარელი გაიჩინა. როცა ფაქტზე დავიჭირე (იმ ქალთან ერთად ბრძანდებოდა ერთ-ერთ სასტუმროში), აქეთ დამადანაშაულა, - აბა, შენ არაფრად მაგდებ და რა ვქნაო. მეორე დღესვე შევიტანე განცხადება განქორწინებაზე.

თავიდან კარგად ვგრძნობდი თავს, მერე და მერე საშინლად დამიმძიმდა გული. ბევრი ჩასიძებული კაცი ვიცი, რომელიც თან ჰყვება ცოლ-შვილს და სიდედრ-სიმამრსაც პატივს სცემს, სანდროს კი ვერაფერი დავანახეთ. ასე მეგონა, ქუჩაში გასულს ყველა დამცინებდა, გარეთ გახედვა აღარ მინდოდა. ჩემმა მშობლებმა რომ მნახეს, რა დღეშიც ვიყავი, აღარ მომასვენეს, - მამიდაშენს უნდა შენი ნახვა და მოწვევას გიგზავნის, წადი ცოტა ხანს, უმცროსი თან წაიყვანე, უფროსებს კი ჩვენ მივხედავთო. დიდხანს აღარ მიფიქრია, მენატრებოდა მამიდა, მამიდაშვილები...

წავედი და სამი წლის მარიამიც თან წავიყვანე. დიდი ზარ-ზეიმით დამხვდნენ ნათესავები. მათ ოჯახში გავიცანი  54 წლის მამაკაცი, დედით ქართველი, მამით ფრანგი. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა,  ვაჟი ამერიკაში ცხოვრობდა, ქალიშვილი - სტრასბურგში.  ცოტა ხანში ცოლობა მთხოვა. მამიდა და მამიდაშვილები ძალიან მიქებდნენ, მეც მომწონდა, მაგრამ მაინც ვუთხარი, დრო მჭირდება მოსაფიქრებლად-მეთქი. ისე წამოვედი, პასუხი არც მითქვამს. თვე-ნახევარში ჩამომაკითხა. გულწრფელად მითხრა, - დედისგან ქართველების დიდი სიყვარული დამყვა,  მინდა მეორედ შევქმნა ოჯახი და ქართველი ქალი იყოს ჩემი მეუღლე, გპირდები, რომ შენს შვილებზე მამასავით ვიზრუნებო... ვიცოდი, რომ ჩემს ნაბიჯს კვლავ ხალხის მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა, ცოტა მეშინოდა კიდეც, მაგრამ არ მინდოდა მარტო ყოფნა, გავრისკე და გამიმართლა... მეოთხე წელია, ჟანი პირნათლად ასრულებს თავის დანაპირებს. ხშირად ჩამოვდივარ თბილისში, უფროს შვილს ბებია-ბაბუასთან ყოფნა ურჩევნია, უმცროსები კი ჩვენთან არიან. ჟანი არაჩვეულებრივი ადამიანია... ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ბედნიერი  ქალობა.
nata
28 მაისი 2012 11:14
ასეთი კაცები არაფერის ღირსები არიან, მამობის უფლება უნდა ჩამოართვა, ქართველ კაცებს კი მოვუწოდებ, ცოტა გამოფხიზლდნენ, თორემ ასპარეზს უცხოელები დაიპყრობენ, რომელებმაც კარგად იციან ოჯახის და მეუღლის ფასი
tvalsazrisi
27 მაისი 2012 02:01
სცადა ამ ქალმა ქმართან საუბარიც, ჩხუბიც, მაგრამ ოჯახში კაპიკი ვერ შემაოატანინა, არადა იგი თურმე ბანკში ანაბრებს ინახავდა და ქალებში დროსტარებასაც არ იკლებდა.
ეგეთი ქმარი, თავიდან ძალიანაც რომ გიყვარდეს, გადაგიყვარდება. :))))

ახლა, შვილები თუ ყაბულს არიან, ქალის ხელმეორედ გათხოვებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მითუმეტეს, რომ თბილი, ყურადღებიანი, შვილების მიმართ მზრუნველი ქმარი შეუხვედრებია ბედს და ნათესავებს.
კაცს არ ჰქონია ჭკუა და ნ ა მ უ ს ი
გიურზა
23 მაისი 2012 12:51
კვირის პალიტრა-ს ძვირფას ფურცლებს რატომ უთმობთ ამ მდარე,ყვითელ ისტორიებს?ხომ არსებობს მსგავსი სისულელეებისთვის ათასი მოყვითელო ჟურნალი?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?