"ბედნიერებამ ისე ჩაგვიქროლა, თვალის შევლებაც კი ვერ მოვასწარით" - კვირის პალიტრა

"ბედნიერებამ ისე ჩაგვიქროლა, თვალის შევლებაც კი ვერ მოვასწარით"

"თენგოს რომ წამალი არ ჰქონოდა გაკეთებული, ოპერაციაზე ქალი არ შემოაკვდებოდა"

როცა დედა გარდამეცვალა, ბედნიერებასაც გამოვეთხოვე, მაშინ 16 წლის ვიყავი. დედის სიკვდილის შემდეგ ბებო ლოგინად ჩავარდა. მამა და ძმა ცდილობდნენ, ჯაფა აეცილებინათ ჩემთვის,  მაგრამ არ შემეძლო, გულხელდაკრეფილი ვმჯდარიყავი და მათთვის შორიდან მეყურებინა. პირველ წელს ვერ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში. მერე ბებოც გარდაიცვალა. ერთი ჩემი უბნელი ბიჭი შემიყვარდა და გავთხოვდი...  ბავშვი შემეძინა. ქმრის ოჯახში, ვატყობდი, ზედმეტი ვიყავი. გული თანდათან ისე გამიგრილდა, ბოლოს, მიკვირდა კიდეც, ნუთუ ქმარი ოდესმე მიყვარდა-მეთქი? მამამ შემატყო, რაღაც მჭირდა და მკაცრად მითხრა, - არ მინდოდა, ასე მალე გათხოვილიყავი, მაგრამ ახლა დედა ხარ, კეთილი ინებე და გაუძელიო. ქმარიც სვამდა და მამამთილიც, დედამთილი სულ ნერვებმოშლილი იყო. უმცროსი მაზლის  ქუჩური გარჩევების გამო დედამისი მუდმივად მილიციის შენობასთან იდგა. ერთხელ ჩემი მაზლი ბინის გაქურდვისთვის დაიჭირეს და 9 წელი მისცეს. მამამთილმა "დარდზე" სმას უმატა, იმავე მიზეზით სვამდა ჩემი ქმარიც.

ერთხელ ჩხუბისას ფანჯრები დალეწეს და ხელები სულ დაისერეს. სასწრაფოს გამოვუძახეთ. იმ ღამეს ბავშვი ძალიან შეშინდა, ხმას ვერ იღებდა. პედიატრთან მივიყვანე, მან ფსიქოლოგთან გამიშვა, რომელმაც მკაცრად მომთხოვა გარემოს შეცვლა.  იქ დარჩენა ბავშვის სიკვდილს უდრიდა. მივედი და მამაჩემს მუხლებში ჩავუვარდი, - იქ აღარ მეცხოვრება, ბავშვი მომიკვდება, ქმარს უნდა გავცილდე, თქვენთან მინდა დაბრუნება-მეთქი.  უარი აღარ უთქვამს... სამი წლის შემდეგ, როცა ჩემმა ძმამ ცოლი შეირთო, ბინა გავყიდეთ, ძმა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, მე, ლიკა და მამა - ცალკე.  ძალიან მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა და ექიმი გავმხდარიყავი. ლიკა სკოლაში რომ წავიდა, მაშინღა ჩავაბარე უმაღლესში. ჯგუფში ყველაზე უფროსი ვიყავი, თანაკურსელები "დეიდას" მეძახდნენ. წარჩინებით დავამთავრე ინსტიტუტი და გურიის ერთ-ერთ რაიონში გამამწესეს. ლიკა მაშინ უკვე მეცხრე კლასში იყო. მინდოდა, შვილი ჩემთან მყოლოდა, მაგრამ არ მოინდომა  სკოლის გამოცვლა. მამაჩემმაც დამამშვიდა, - მე მივხედავო. მოკლედ, გურიაში გადავბარგდი.  ზაფხულობით ლიკა  მეგობრებთან ერთად ჩემთან ჩამოდიოდა. მერე ლიკამაც სამედიცინოზე ჩააბარა.

სამსახურში ერთი მეან-გინეკოლოგი გვყავდა. რუსეთში ჰქონდა განათლება მიღებული, ცოლს გაშორებული იყო. ამბობდნენ, რუსი ცოლი არ გამოჰყვა საქართველოშიო. რაღა ბევრი გავაგრძელო, საავადმყოფოს მედპერსონალს სულ ეს ეკერა პირზე - ისიც უცოლო და შენც უქმრო, რაღას უცდით, შეუღლდითო. იმდენი ილაპარაკეს, ფიქრი დაგვაწყებინეს ერთმანეთზე. მალე თენგომ ცოლობა მთხოვა. ლიკას და მამაჩემს რჩევა ვკითხე. მამამ მითხრა, - რასაც გული გიკარნახებს, ისე მოიქეცი, ლიკა უკვე დიდია, მას თავისი გზა აქვსო. შევუღლდით. ის მართლაც კარგი ადამიანი გახლდათ, მაგრამ მალევე მივხდი, რომ წამალდამოკიდებული იყო. გამომიტყდა, - წამლის გაკეთება რუსეთში დავიწყე. ერთ-ერთი სპორტული შეჯიბრებისას ხერხემალი დავიზიანე, ტკივილი რომ გამეყუჩებინა, ნარკოტიკს ვიკეთებდი და შევეჩვიეო. სხვა რა გზა მქონდა, ან უნდა შევგუებოდი, ან გავშორებოდი. ის 48 წლის იყო, მე - 39 წლის. ძალიან მინდოდა ბავშვი, მაგრამ  ოთხჯერ მომეშალა მუცელი... ერთმა შემთხვევამ  ჩემი და თენგოს ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულა - აბორტის დროს ქალს საშვილოსნო დაუზიანა, პაციენტს სისხლის დენა დაეწყო, ვერაფრით უშველეს. თენგოს რომ წამალი არ ჰქონოდა გაკეთებული, ეს არ დაემართებოდა.  მერე ექიმის წოდებაც ჩამოართვეს და პატიმრობაც მიუსაჯეს.

ერთ ზაფხულს ლიკა, როგორც ყოველთვის, ჩემთან ჩამოვიდა. მაშინ უკვე მთავარი ექიმის მოვალეობას ვასრულებდი. ლიკა მეხუთე კურსზე იყო.  ჩვენი თერაპევტის შვილმა თვალი დაადგა. ზაზამ რამდენჯერმე გაასეირნა სხვა გოგონებთან ერთად. ერთ საღამოს კი საეჭვოდ დააგვიანდა. დავიწყე რეკვა იმ გოგონების ოჯახებში, რომლებთანაც ლიკა მეგობრობდა. მათ - საღამოს ლიკა არ გვინახავსო. გულს შემომეყარა. ბოლოს, მეზობელმა მითხრა, - ზაზამ ლიკა წაიყვანაო... ვიცოდი ჩემს შვილს ზაზა არ უყვარდა, ამიტომ ლიკას გამო უფრო მეტად ვღელავდი.  ზაზას დედა ვნახე. შვილის საქციელის გამო მიბოდიშებდა, თან სიხარულს ვერ მალავდა, - რა კარგია, დავმძახლდებითო. აბა, ჩემთვის ეკითხა - დანა რომ ჩაგერტყათ, სისხლი არ გამომივიდოდა. მეორე დღეს გავიგე მათი ადგილსამყოფელი. ზაზას ლიკა ბახმაროში წაეყვანა. ჩემმა შვილმა არ ისურვა მასთან დარჩენა. ზაზამ ეს მძიმედ გადაიტანა. ლიკა და მე თბილისში წასასვლელად ვემზადებოდით, რომ საზარელი ამბავი შეგვატყობინეს, - ზაზამ ვენები გადაიჭრაო... გავვარდით საავადმყოფოში. დედამისმა რომ დაგვინახა, მუხლებზე დავარდა და ლიკას ხვეწნა დაუწყო, - შვილს ნუ მიღუპავ, ახლა თუ გადარჩა, თავს მაინც არ იცოცხლებს უშენოდ და გთხოვ, შეგვიბრალე, არაა ცუდი ბიჭი, ხელისგულზე დაგისვამს და თავს შეგაყვარებსო... ლიკას გული მოულბა. ის ღამე თეთრად გავათენეთ, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს შეხედულებებს. მე ვურჩევდი, არ აჩქარდე-მეთქი. ლიკა კი მეუბნებოდა, - მეცოდება, ძალიან ვუყვარვარ, როგორ ვიცხოვრო ბედნიერად, როცა მეცოდინება, რომ ვიღაც ჩემ გამო იტანჯებაო. ბახმაროში ზედმეტი არაფერი უკადრებია, თავს მევლებოდაო... მოკლედ, ლიკამ გადაწყვიტა, რომ ზაზას გაჰყოლოდა ცოლად. ვიცოდი, რომ სიბრალულით ოჯახის შექმნა დიდი სისულელე იყო, მაგრამ ვეღარ გადავათქმევინე.

ზაზა ერთი წელი სანაქებო სიძე იყო.  შვილი რომ შეეძინათ, მერე გავიგეთ, რომ ზაზა კრიმინალებთან "მეგობრობდა"... ვინ იცის, რამდენჯერ მოუტანია შინ ნაქურდალი. ლიკა ისეთი გოგო იყო, სადაც წავიდოდა, ყველგან ყურადღებას იპყრობდა, ეს არ სიამოვნებდა ზაზას და სულ ედავებოდა, - გამომწვევად იცვამ და იმიტომაც გიყურებენო... ლიკა უსიამოვნებას და ჩხუბს გაურბოდა,  იჯდა შინ და სამ ბავშვს ზრდიდა. ზაზამ სამსახურშიც კი აუკრძალა სიარული, - იმდენს ვშოულობ, რომ ოჯახი ვარჩინოო. არადა, ჩემთან მუშაობდა. ერთხელ სიძეს განაწყენებულმა ვუთხარი, - განა იმისთვის ისწავლა, რომ შინ დამჯდარიყო-მეთქი? უკმეხად მომიგო, - ჩემს პირად საქმეში ნუ ერევიო.

ამასობაში თენგო ციხის საავადმყოფოში ციროზით გარდაიცვალა.  მალე მეორე უბედურება დაგვატყდა თავს. ზაზამ ეჭვიანობის ნიადაგზე თავისი მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა. მაღაზიიდან მომავალ ლიკას და მის გოგონას გზაში შემთხვევით წამოეწია ზაზას მეგობარი, მანქანაში ჩაისვა და შინამდე მიიყვანა. ზაზა მიუვარდა იმ ბიჭს და საქმე "გაურჩია", ის უბედური  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ზაზა  მალევე აიყვანეს და 12 წელი მიუსაჯეს. ციხიდან წარამარა უთვლიდა ჩემს შვილს, არ მიღალატო, სხვაში არ გამცვალო, თორემ "იმის" (ვინც მოკლა, იმას გულისხმობდა) გზას გაგაყოლებო. აღარ მინდოდა იქ გაჩერება. ლიკასაც ვუთხარი, ბაბუს მარტო ყოფნა უჭირს და ისედაც სჯობს, აქაურობას მოვშორდეთ-მეთქი. არ ვიცი, ზაზამ საიდან გაიგო ჩვენი მიზნების შესახებ, ცოლს შემოუთვალა, შინიდან ფეხი არ გაადგა, თორემ მოგკლავო. საშინლად გავბრაზდი, ბევრი არ მიფიქრია, მოვკიდე ჩემს შვილს და შვილიშვილებს ხელი და თბილისში წამოვიყვანე. ზაზა 5 წლით ადრე გათავისუფლდა, ლიკამ ეს რომ გაიგო, შინ ჩაიკეტა. გარეთ გახედვაც აღარ უნდოდა, არც ბავშვებს უშვებდა სკოლაში, ეშინოდა, ვაითუ, ჩაუსაფრდეს, მოიტაცოს და ჩემი ჯიბრით რამე დაუშავოსო. იძულებული გავხდი, პოლიციაში განცხადება დამეწერა. ზაზა გააფრთხილეს, რომ ახლოს არ გაგვკარებოდა. სამი თვის შემდეგ ლიკა და ზაზა მაინც განქორწინდნენ. ზაზა ძალიან განიცდიდა ცოლ-შვილთან დაშორებას, მას ისინი თავისებურად, ეგოისტურად უყვარდა. მერე სმა დაიწყო. ერთხელ საშინლად მთვრალი მიუჯდა საჭეს, კაციც გაიტანა და თავადაც იქვე გათავდა. დედამთილი დღემდე ლიკას ადანაშაულებს შვილის სიკვდილში. ძალიან ძნელია, როცა ვიღაც გამუდმებით გდებს ბრალს და ცოდვიანს გიწოდებს.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თავად ბედნიერება ირჩევს ადამიანს, ზოგს მთელი ცხოვრება ანებივრებს, ზოგსაც ზურგს შეაქცევს. რატომ ხდება ასე, არ ვიცი...

ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი  ბავშვები და მათი კეთილდღეობაა. სამწუხაროა, რომ მე და ჩემს შვილს  ბედნიერებამ ისე ჩაგვიქროლა, თვალის შევლებაც კი ვერ მოვასწარით.