"მე ხომ მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი"
04-06-2012
სამწუხაროდ, ბევრი ამბობს, დიდი სიყვარული არ გამომიცდიაო და არ სჯერათ, რომ წრფელი და უანგარო სიყვარული მართლაც არსებობს.
ხშირად, როცა სიყვარულზე ჩამოვარდნილა საუბარი, ნაცნობებს ჩემი და ჩემი ქმრის რომანტიკული ურთიერთობა უხსენებიათ და დაუმატებიათ, ეს იშვიათი გამონაკლისიაო.
ის, ვისაც არ უნახავს ჩემი და კახის (ჩემი ქმარი) ურთიერთობა, როცა წარსულს ვიხსენებ, ეჭვით მიყურებენ, არადა, არაფერს ვამეტებ, ვიხსენებ მხოლოდ იმას, რაც რეალურად იყო...

მე და კახი ერთ უბანში ვცხოვრობდით. ჩემზე 7 წლით უფროსი იყო.
დიდი თუ პატარა პატივს სცემდა. უფროსებიც კი რჩევას ეკითხებოდნენ. გოგონები გიჟდებოდნენ მასზე, მე კი  ყურადღებასაც არ მაქცევდა. ერთხელ კახი და ერთი ლამაზი გოგონა დავინახე, ქუჩაში რომ მოსეირნობდნენ. ლამის გული გამისკდა. მე ის მიყვარდა, მისთვის კი მხოლოდ უბნელი ბავშვი ვიყავი. გვერდით რომ ჩამიარეს, ეტყობა, ისეთი გაფართოებული
თვალებით მივჩერებოდი, რომ იმ გოგოს გაეცინა, კახი გაჩერდა, ლოყაზე ხელი მომითათუნა და თვალი ჩამიკრა. მთელ ჩემს მეგობრებს მოვდე ეს სასიხარულო ამბავი, მთელი კვირა პირი არ დამიბანია, მარცხენა ლოყაზე დიდხანს ვგრძნობდი მისი ხელის სითბოს.

მერე, როცა ცოლ-ქმარი გავხდით, ხშირად ვუყვებოდი იმ დღეზე. უსაზღვროდ უხაროდა, - ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კარგ გოგოს გიყვარვარო.
კახი 28-ის იყო, ცოლად რომ შემირთო. არც კი მაგონდება, ვინმესთვის უდიერად მიემართოს, წყნარად იტყოდა სათქმელს. ქალ-ვაჟი შეგვეძინა. საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი იყო. არ მახსოვს, რაიმე ღირსშესანიშნავი დღე გამორჩენოდა. სულერთი იყო, სად იმყოფებოდა, საქართველოში თუ სხვაგან, მე და ბავშვებს დღესასწაულებს გვიწყობდა.
ბიზნესი კარგად ააწყო და ფულიც შემოსდიოდა. ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად უცხოეთში ხშირად გვიშვებდა სამოგზაუროდ.  41 წლის იყო, როცა ინფარქტით გარდაიცვალა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება ერთ დიდ მოგონებად იქცა. შვილები უკვე დიდები არიან, ორი წელია, ბებია ვარ და პატარა კახის გაზრდაში ვეხმარები ვაჟსა და რძალს. როცა მარტო ვრჩები, მაშინვე ვრთავ ვიდეოს და კვლავ წარსულში ვიძირები. მე ხომ კახისთან ერთად ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ბევრ ქალს პრობლემები აქვს შინ თუ გარეთ. მე მსგავს რამეს არასდროს შევუწუხებივარ. კახის ხმამაღალი სიტყვაც კი არ მაგონდება, წყენინებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კახის სიკვდილის შემდეგაც კი ბედნიერ ქალად ვგრძნობ თავს...

ქეთი დევდარიანი,
თბილისი
tamari
13 ივნისი 2012 17:30
ძალიან მშურს თქვენი.....
luka
11 ივნისი 2012 17:58
ტუ ბავშვი დიდი სიყვარულიტ არის ჩასახული და გაზრდილი ესეტი ამბები ხდება,მარტალია ისVიატად მაგრამ მაინც ხდება.
nana
11 ივნისი 2012 12:22
ძალიან მიხარია იმის გაგონება, რომ სიყვარული არსებობს, ახლა სამწუხაროდ ოჯახების გადარჩენაზეა შეიძლება ისაუბროს ადამიანმა და როცა არ აქვს სასიამოვნო სათქმელი ოჯახზე, ამიტომ იბოღმება.

რედაქტორის რჩევით