სიყვარულით დაბრმავებული, ანუ საყვარელ ქალში თაღლითის ამოცნობა ძნელია - კვირის პალიტრა

სიყვარულით დაბრმავებული, ანუ საყვარელ ქალში თაღლითის ამოცნობა ძნელია

დათოს აქამდე ნატასავით არავინ მოსწონებია. დაინახა და მაშინვე თქვა, - ეს ქალი ჩემი ცოლი გახდებაო. მეგობრებმაც ხელი შეუწყვეს მათ დაახლოებას და ერთ წელიწადში შეუღლდნენ კიდეც. ქორწილის შემდეგ ერთი თვით სამოგზაუროდაც წავიდნენ და იქიდან დაბრუნებულები ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ.

ნატა ობოლი იყო, მამიდა ზრდიდა, ქალი ხშირად ავადმყოფობდა და ამის გამო ძმისშვილის ქორწილსაც ვერ დაესწრო. დათო ბევრს არც არავის იცნობდა ნატას ნათესავებიდან, მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებდა, მთავარია ცოლი ჰყოლოდა გვერდით. ნატასგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ მშობლების სიკვდილის შემდეგ ბევრმა ზურგი შეაქცია მარტოხელა მამიდის ამარა დარჩენილ ობოლ გოგონას. მეგობრები კი, იცოცხლე, ბევრი ჰყავდა ნატას, განსაკუთრებით  მაია უყვარდა, თავისი მეჯვარე - დის მაგიერი და უერთგულესი ადამიანი.

შვიდმა თვემ მშვიდად ჩაიარა. ერთ დღეს კი შინ მისულ დათოს კართან ოთხი კაცი დახვდა. მევალეები აღმოჩნდნენ. როგორც მათგან შეიტყო,  ნატამ თავდაპირველად ერთს გამოართვა 7 ათასი დოლარი. ქალი 5 თვე კეთილსინდისიერად იხდიდა ვალს, პროცენტიც გადაიხადა და მთლიანი თანხაც შეპირებულ დროზე დააბრუნა. ბიზნესი უნდა წამოვიწყოო და მოგვიანებით უკვე რამდენიმე ადამიანისგან  30 ათასი დოლარი  ისესხა.  სესხის უზრუნველსაყოფად "მამიდის" ბინა ჩადო. მევალეებს  მხოლოდ ერთხელ გადაუხადა,  შემდეგ ქალი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.  ტელეფონზე რომ აღარ პასუხობდა, მითითებულ ბინას მიადგნენ მევალეები, იქ კი ლოგინად ჩავარდნილი ხნიერი ქალი დახვდათ, რომელმაც, - ნატა ჩემი მომვლელია, უბინაო იყო და საცხოვრებლის საფასურად მპატრონობდაო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ლამაზ  და მხიარულ ნატას დედა ცოცხალი და ჯანრთელი ჰყავდა. ისიც ქალიშვილივით თაღლითი იყო და იმალებოდა. დედამისი თურმე წლების განმავლობაში ხალხს საზღვარგარეთ სამსახურს ჰპირდებოდა, ფულს ართმევდა  და ყალბი პასპორტებით თურქეთში უშვებდა. როდესაც მოტყუებული ხალხი ე.წ. დამსაქმებლის "ოფისს" მიაწყდა, აღმოჩნდა, რომ იქ ნატას დედის შესახებ არაფერი იცოდნენ.

თავზარდაცემული დათო მაშინღა მოვიდა აზრზე, როცა განრისხებულმა მევალეებმა ბინის გაყიდვა და ფულის გასტუმრება მოსთხოვეს. არადა, ნატასაც ვერ მოსთხოვდა პასუხს, ქალმა როგორც კი საფრთხე იგრძნო, გაქრა.

90-იანი წლები იყო. ვისთვის უნდა შეეჩივლა, ან რა ეთქვა? მევალეები კი ემუქრებოდნენ, აქაა ჩაწერილი შენი ცოლი და შენი ნებით თუ არ გაყიდი  ბინას, საერთოდ დაკარგავო. მიხვდა, რომ ისეთი ვინმე უნდა მოეძებნა, რომელიც აბობოქრებულ მევალეებსაც დააშოშმინებდა (დროებით მაინც) და ნატასაც მოაძებნინებდა. ასეთი მალე იპოვა - მეგობარმა თავის ნათესავთან მიიყვანა, რომელიც იმ პერიოდში უშიშროების სამსახურში მუშაობდა. ისეთი არეული დრო იყო, დათოს არც კი სჯეროდა, რომ ნატას კვალს მიაგნებდნენ, მაგრამ სასწაული მოხდა - გერმანიაში იპოვეს და ჩამოიყვანეს.

დათო ბინის წართმევას კი გადაურჩა, მაგრამ ნატას სიყვარულისგან ვერ გათავისუფლდა.

სასამართლო პროცესის შემდეგ, როცა ნატას სასჯელი შეუფარდეს, ქალმა ცოტა ხნით თავისთან იხმო ქმარი და სთხოვა, - თუ შეგიძლია, მაპატიეო.

- არ შემიძლია! - მოუჭრა დათომ, მაგრამ მალე მიხვდა, საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ნატა ისევ უყვარდა.

რამდენიმე თვე ახლოს არ გაჰკარებია ქალთა კოლონიას. მერე რატომღაც გადაწყვიტა,  "გზააბნეულ" ქალზე ეზრუნა, - იქნებ მთლად არ დაჰკარგვია სინდის-ნამუსიო, - ფიქრობდა. რამდენჯერმე ფულიც შეუგზავნა და საჭმელიც. ნატამ იქიდან გულდათუთქული წერილი გამოუგზავნა: სხვანაირად არ შემეძლო ცხოვრება, მამა არც კი მახსოვს, დედა კი სულ ასეთ მაქინაციებში იყო გარეული... უმაღლესი განათლების მიღება ვერ მოვახერხე, ორწლიანი კოლეჯი დავამთავრე, იქაც წესიერად არ მივლია. მაგრამ შენ მართლა შემიყვარდი. იმ ფულს მაინც დაგიბრუნებდი, გერმანიაში იმიტომ წავედი, რომ დედა ახალ საქმეს იწყებდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდაო... თუ შეძლებ, მაპატიე, ამიერიდან Eშენი მონა-მორჩილი ვიქნები და ყოველთვის გიერთგულებ და აღარასოდეს მოგატყუებო...

დათოს გული გაუთბა. ცდილობდა, ნატას საქციელი გაემართლებინა. მაშინ მშობლებმა დათოს მკაცრად უთხრეს, - მაგ თაღლითს თუ შეურიგდები, დაგვივიწყეო.

4 წლის შემდეგ ნატა ციხიდან რომ გამოვიდა, დათოს გულმა არ მოუთმინა და ქალს შეხვდა. მოგვიანებით ბინაც დაუქირავა. თავადაც ხშირად მიდიოდა მასთან. ნატა თავს ადნებოდა ყოფილ მეუღლეს,  კაცს უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ასეთი დიდსულოვანი და რომანტიკული ქალი თაღლითი ყოფილიყოო.

დათოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთ დღეს ნატამ უთხრა, ორსულად ვარო. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მშობლები როგორმე დაეთანხმებინა და ნატა ნაქირავებიდან  სახლში გადმოიყვანა. ქალი კი ორ თვეში ისევ გაქრა. თუმცა ამჯერად წერილი დაუტოვა დათოს: "მაპატიე,  შენი ღირსი არ ვარ. დედაჩემი ისევ დამიკავშირდა. მთხოვს, რომ მასთან ჩავიდე... ალბათ მალე სულ სხვა ქვეყანაში წავალთ საცხოვრებლად... არ ვიცი, წინ რა მელოდება, მაგრამ ბავშვს მაინც ვიტოვებ. შენს შვილს ვერ მოვიშორებ, გპირდები, რომ ძალიან მეყვარება და მასზე  ვიზრუნებ. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს. მშვიდობით, ნატა."

დათომ თავში შემოირტყა ხელი. წერილი თითქოს ხელს უწვავდა, გრძნობდა, თუ თავს არ მოერეოდა, შეიძლLება შეურაცხყოფისგან გონი დაეკარგა. დათოს მშობლები ძალიან შეშინდნენ შვილი რომ არ შეეხმიანა და შინ მიაკითხეს. კაცი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იჯდა და ქაღალდს უაზროდ დასჩერებოდა. მაინც გაიგონა მამის ჩუმად ნათქვამი: როგორც მგელი მგლობას, ისე ეგ  ვერ მოიშლიდა თაღლითობასო...

ეგ იყო და ეგ. მას შემდეგ ნატას სახელი აღარავის უხსენებია.

გავიდა წლები. როგორც იქნა, დათომ გაბედა მეორედ დაქორწინება, უკვე 43 წლის იყო. ვაჟი რომ შეეძინა, სიხარულით რომ იტყვიან დაფრინავდა, თავს ევლებოდა ცოლს და შვილს.  ერთ დღეს უცნობი ქალი შეეხმიანა ტელეფონზე. ეს ნატას მეჯვარე, მაია აღმოჩნდა, - შენს სახელზე  ბანკში ფულია გადმორიცხულიო და ტელეფონი გათიშა. დათოს მითითებულ ბანკში 30 ათასი დოლარი დახვდა. კარგა ხანს გახევებული იდგა სალაროსთან, ვერ გადაეწყვიტა ფული აეღო თუ არა, მერე რაღაც ჩაიბუტბუტა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ბანკის შენობა. მოგვიანებით მშობლებს ეს ამბავი რომ მოუთხრო, დააყოლა, - მე რომ ის ფული ამეღო, ნატას ტყვეობიდან თავს ვეღარასოდეს დავაღწევდიო.