როგორ იქცა პრინცი ბაყაყად - კვირის პალიტრა

როგორ იქცა პრინცი ბაყაყად

ამას წინათ ჩემმა უმცროსმა კოლეგამ შემომაპარა - ყველას უსმენ, შინაურებისთვის კი დრო აღარ გრჩებაო. მივხვდი, მასაც თავისი ამბის მოყოლა სურდა. ვიცოდი, ერთ თაყვანისმცემელზე სერიოზულად ფიქრობდა, მაგრამ ბოლო ხანს ურთიერთობა დაეძაბათ. ხატიამ (მისივე თხოვნით, სახელი შევუცვალე) მითხრა, - მიყვარდა ბრძოლებგადატანილი, თავისი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი, ცოტა გულჩათხრობილი, მაგრამ ღირსებებით აღსავსე ბიჭი, ის კი თავკერძა აღმოჩნდა. გამოდის, რომ მე ის გამოვიგონე და ჩემივე გამოგონილით ვიყავი აღფრთოვანებულიო.

- დათო სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში" გავიცანი. აგვისტოს ომი ახალი დამთავრებული იყო. დღე არ გავიდოდა, არ მოგვეკითხა ერთმანეთი. მისგან მართლაც ბევრი საინტერესო რამ გავიგე. იIს ცხინვალთან დაიჭრა. იმჟამად უკვე აღარ მსახურობდა, რასაც საშინლად განიცდიდა. ერაყშიც ნამყოფი იყო. მოკლედ, ისე ვიყავი მისით აღფრთოვანებული, რომ შეხვედრაზე უარი არ მითქვამს. შეხვედრის დროსაც სულ ბრძოლებზე ლაპარაკობდა, მე კი სულგანაბული ვუსმენდი. იმ დღესვე გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ ძალიან მომწონდა. მერე უფრო გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა. ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა ქალაქის გარეუბანში. ხშირად მეუბნებოდა, დავნაძლევდეთ, რომ თბილისის ცენტრიდან მე უფრო მალე მივალ ჩემს სახლამდე, ვიდრე შენო. ნაძლევის პირობას კი თავად მიყენებდა - მე თუ მოვიგე, ათასი კოცნა მეკუთვნისო.

ერთ დღეს დამირეკა და მთხოვა, რაღაც საქმისთვის ფიქციური ქორწინება მჭირდება, სანდო ადამიანს ვეძებ, ეს ისეთი რამეა, არ მინდა შარში გავყო თავიო. მაშინვე შევთავაზე - მე მოვაწერ ხელს-მეთქი. ჩემი მეგობრები დათოს არ იცნობდნენ. ერთ-ერთმა თავი ვერ შეიკავა, - რა სულელივით თხოვდები, გოგოო... ხოლო მეორემ, რომელიც ხელის მოწერაზე მოწმედ წავიყვანე, ქოქოლა მაყარა, - თვალში ვერ იყურები, ვისთან აწერ ხელსო. ხელმოწერის შემდეგ რესტორანში წავედით, დათო ძალიან მადლიერი იყო ჩემით. ამის მერე ჩვენი ურთიერთობა "სხვა ფაზაში" გადავიდა. არ იფიქროთ, რომ უფრო დავახლოვდით, არა! დათოს დეპრესიამ დარია ხელი (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი, რადგან ძალიან განიცდიდა უმუშევრობას). ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, მუშაობა დაიწყო და გახარებულმა დამირეკა. მეც მიხაროდა, ჯერ ერთი, ოცნება აუხდა, მეორეც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი შეხვედრები ახლა ნამდვილად გახშირდებოდა. შევცდი... დათო ვერა და ვერ ახერხებდა ჩემს მონახულებას. იშვიათად, როცა სამსახურში გამომივლიდა, 15-20-წუთიანი შეხვედრითაც კი კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მერე ესეც გაიშვიათდა. ვფიქრობდი, რომ დათო მხოლოდ ვალდებულების გამო მეკონტაქტებოდა, ამიტომაც ვთხოვე, - თუ საქმისთYვის აღარ სჭირდებოდა, ხელი გაგვეწერა. მაინტერესებდა ამის შემდეგ როგორ განვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ხელის გაწერის შემდეგ დათომ დარეკვას მოუხშირა, ამან დამამშვიდა, ჩემს მეგობრებასაც სჯეროდათ, - იმ კაცს ურთიერთობის გაწყვეტა რომ სურდეს, აღარც შეგეხმიანებოდაო. მაგრამ დათო თანდათან დამშორდა. ამის შემდეგ წარსულს დეტალურად ვაანალიზებდი. გამახსენდა, რომ ხელის მოწერამდე დათოს რამდენჯერმე წამოსცდა, არავის უთხრა ჩვენი ფიქციური ქორწინების შესახებო. იმდენჯერ გამიმეორა ეს, რომ უნებურად ეჭვი გამიჩნდა, სხვა ხომ არ უყვარს-მეთქი. ერთხელ ვკითხე: თუ სხვა ქალი არსებობს შენს ცხოვრებაში, მას რატომ არ სთხოვე ხელის მოწერა-მეთქი. იუარა, - არავინ მყავს, რას მელაპარაკები, მე ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, ცოლს ნამდვილად ვერ მოვიყვანო. ვიცოდი, რომ ეკონომიურად უჭირდა მის ოჯახს, მაგრამ ასეთი კატეგორიულობაც მიკვირდა...

გული დამიმძიმდა, აღარაფერი მიხაროდა. გავიდა კიდევ ერთი თვე. დათო უბრალოდ მომიკითხავდა, ეს იყო და ეს. ერთ მშვენიერ დღეს ვუთხარი, ჩვენი ურთიერთობის გარკვევა მინდა, რადგან არჩევანი მაქვს გასაკეთებელი-მეთქი. გაიკვირვა, - რა გვაქვს გასარკვევიო? მერე კი იქვე დაამატა, - თუ სხვაზე სერიოზულად ფიქრობ, მე ხელს აღარ შეგიშლიო და ტელეფონი გათიშა. მეგონა, ამის მერე აღარ დამირეკავდა, მაგრამ კვლავ შემეხმიანა და ცოტა ირონიაც გაურია ხმაში, - შეყვარებული როგორ გყავსო. ახლა უკვე ნერვები მეშლებოდა მის საქციელზე. ერთხელაც მითხრა, - დასავლეთ საქართველოში მივდივარ და კარგა ხანს ვეღარ გნახავო. "ოდნოკლასნიკებში" რომ დავინახე, გამიკვირდა, მივესალმეთ ერთმანეთს, მერე ვკითხე, აკი, დასავლეთში მიდიოდი-მეთქი? მომწერა, - ცოლი მოვიყვანე, ბინიანი ქალი, მომილოცეო. ჯერ გავშეშდი, მერე ძალა მოვიკრიბე და მივწერე, - ეს რა გააკეთე-მეთქი. ღიმილუკები გამომიგზავნა, - რატომ გაცხარდი, ჩვენ შორის ხომ ყველაფერი გარკვეულია, ალბათ სჯობს, საერთოდ შევწყვიტოთ ურთიერთობაო.

გამწარებულმა მივწერე, - "შენ ის არ ყოფილხარ, ვინც მეგონე, თურმე, ჩემი გამოგონილი კაცი მყვარებია. შეგიძლია მშვიდად იყო, აღარ მიყვარხარ".

ამ მესიჯის შემდეგ სტატუსშიც დავწერე: "ჩემი პრინცი ბაყაყად იქცა". ეს მის გასაბრაზებლად არ გამიკეთებია. ზუსტად ამას ვგრძნობდი იმ წუთებში...