"ალბათ ფიქრობს, რას იტყვის ხალხიო და ამიტომაც გამირბის" - კვირის პალიტრა

"ალბათ ფიქრობს, რას იტყვის ხალხიო და ამიტომაც გამირბის"

შარშან ჩემს საყვარელ გაზეთს  ჩემი საწუხარი გულწრფელად ვუამბე და... წერილიც გამოქვეყნდა.

საქმე ის არის, რომ ოცდაათი წლის წინ შეყვარებული მივატოვე... არ ვიცი, ამ საქციელის გამართლება თუ შეიძლება, მაგრამ მოხდა ასე, რისთვისაც მთელი ცხოვრება დავიტანჯე...

წერილში მას პატიებას ვთხოვდი... რამდენიმე თვის შემდეგ მობილურზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა - ის იყYო, ვისაც თქვენი გაზეთის საშუალებით წერილი მივწერე. შევხვდით, ბევრი ვისაუბრეთ. თურმე, 10 წელი მელოდა, მერე გათხოვდა და შეეცადა, დავევიწყებინე... ახლა ის ქვრივია, მეც ცალად დავრჩი. მართალია, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს ან ტელეფონით ვეხმიანებით, მაგრამ ცოლობაზე უარს მეუბნება.

გთხოვთ, გამომიქვეყნოთ ეს წერილი. ის წაიკითხავს და როგორც მაშინ, ახლაც მიხვდება, რომ ეს მე ვარ... და ვარ ისეთი გულწრფელი, როგორიც არასდროს. მასაც და მეც შვილები და შვილიშვილები გვყავს. ალბათ ესაა მთავარი მიზეზი მისი ჭოჭმანისა. "რას იტყვის ხალხი" - ეს ეფიქრება, არადა, რაც უნდათ, ის თქვან. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ესაა მთავარი. ვიცი, ვუყვარვარ, მაგრამ ბარიერს ვერ ლახავს. ის პედაგოგია, უყვარს პოეზია, რომ იცოდეთ, რამდენი ლექსი მივუძღვენი.

დარწმუნებული ვარ, ამ წერილს მკითხველიც გამოეხმაურება და კეთილ რჩევასაც მოგვცემს. ჩვენი ერთად ყოფნით არც ცოდვას ჩავიდენთ და არც დედამიწას დავამძიმებთ. ძალიან მინდა, რომ დარჩენილი სიცოცხლე მასთან ერთად გავატარო.

თქვენი ერთგული მკითხველი