"მიცვალებულის დასამარხ ფულს მართმევდა..." - კვირის პალიტრა

"მიცვალებულის დასამარხ ფულს მართმევდა..."

ამას წინათ ნუცუბიძის ქუჩას ფეხით მივუყვებოდი. ერთ-ერთი სახლის სადარბაზოდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ცოტა ხანში ქალი და ასე, 20-22 წლის ყმაწვილი დავინახე. ბიჭი ისეთი გაცოფებული უყვიროდა ქალს, სისხლი გამეყინა. ქალი გაფითრებული იდგა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: "არ მაქვს და რა მოგცე?" ბიჭს როგორც ჩანს, ეს სიტყვები საშინლად აღიზიანებდა და უფრო და უფრო უწევდა ხმას: "მომეცი, თორემ დაგარტყამ, ხომ იცი, რომ გამკეთებელი ვარ!" დაბნეული ვიდექი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. უცებ, თვალის დახამხამებაში ბიჭმა ხელი მოიქნია და ქალს სახეში გაარტყა. ქალი წაბარბაცდა და დავარდა. ბიჭმა ამით ისარგებლა, ეცა და ხელიდან გამოჰგლიჯა ჩანთა. "გიგი, არ წახვიდე", - ხმამაღლა აქვითინდა ქალი და გარს შემოხვეულ გამვლელებს მუდარის თვალებით მიაჩერდა. ორმა კაცმა ქალი წამოაყენა, მისი დამშვიდება სცადეს. სასოწარკვეთილმა მიმოიხედა, მერე ნაცნობი დალანდა და ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, - ხომ ხედავ, რა უბედური ვარ, სამუდამოდ დაღუპულია ჩემი შვილიო... და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. მისმა ნაცნობმა ქალმა კი დანანებით თქვა: იცით, რა ქალი იყო და რა ოჯახი ჰქონდა? ქმარი ხუთი წლის წინ გარდაეცვალა, ბიჭი კი ხელიდან წაუვიდა, განარკომანდა. სად აღარ ჰყავდა, მაგრამ არაფერი ეშველა. სულ ფულს სთხოვს, ეჩხუბება. ქალი მასწავლებელია, ლამისაა სკოლას თავი დაანებოს, ისე რცხვენია შვილის გამოო.

ამ ამბიდან სამი დღეც არ იყო გასული, რომ რედაქციაში წერილი მივიღე.  38 წლის ქალი მწერდა თავისი ოჯახის უბედურებაზე, რომლის მიზეზი წამალდამოკიდებული ქმარი იყო. არსებობს უამრავი პროგრამა, ნარკოლოგიური ცენტრი, სარეაბილიტაციო კლინიკა, სადაც მკურნალობენ პაციენტებს... მაგრამ თუ თავად წამალდამოკიდებულმა არ გააცნობიერა ნარკოტიკის საზარელი შედეგი, ყველაფერი წყლის ნაყვაა.

ახლა კი ჩვენი მკითხველის წერილს მივუბრუნდეთ:

"არ ვიცი, თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ, ან როგორ უნდა დამეხმაროთ, მაგრამ სასოწარკვეთილი ადამიანი ხსნას და დახმარებას ყველგან და ყველასთან ეძებს. რატომღაც თქვენ გამახსენდით. მომინდა მომეთხრო ჩემი ოჯახის გაცამტვერების ამბავი. დღეს მე და ჩემი ორი შვილი პაწაწკინტელა ოთახში, უფრო სწორად, სოროში ვართ შეყუჟულნი. მანამდე დოლიძის ქუჩაზე, ოთხოთახიან ბინაში ვცხოვრობდით მე, ჩემი მეუღლე, ბავშვები და დედამთილ-მამამთილი. ტკბილი ოჯახი გვქონდა, ქმრის მშობლები ყველანაირად გვეხმარებოდნენ. მეგონა, სულ ასე იქნებოდა... არც კი ვიცი, როდის შეიყარა შავი ღრუბელი ჩვენს თავზე. ერთ საღამოს ირაკლიმ გამოგვიცხადა, სამსახურიდან გამათავისუფლესო. გაგვიკვირდა, რადგან ვიცოდით, რომ უფროსი მას კარგი თვალით უყურებდა. დედამთილმა დამამშვიდა, - არ ინერვიულო, სანამ ირაკლი სამსახურს იშოვის, ჩვენ დაგეხმარებითო. ეს არ მადარდებდა, უთქმელადაც ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ ირაკლის საქციელი უფრო და უფრო  მაეჭვებდა. იმის ნაცვლად, რომ სამუშაო მოეძებნა, მთელი დღე ეძინა, საღამოს კი, მშობლების სამსახურიდან მოსვლის დროს, შინიდან გადიოდა. მე არაფერს მეუბნებოდა. ერთხელ ვკითხე და მაშინაც ისეთი დღე მაყარა, მეორედ აღარ გამჩენია სურვილი, ჩავძიებოდი. ჩემი ქმარი ნარკომანებს დაუახლოვდა. მშობლებმა რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. ირაკლი უკვე წყალწაღებული ნარკომანი იყო, რომლისთვისაც არანაირი ღირსება არ არსებობდა. დღე თენდებოდა წამალზე ზრუნვით და ღამდებოდა ისევ ნარკოტიკით. ერთადერთი შვილის ასეთმა მდგომარეობამ მისი მშობლები გაანადგურა. მამამისს ინსულტი დაემართა და საწოლს მიეჯაჭვა.

სხვა ირაკლის ადგილას გონს მოვიდოდა, მას კი, ვითომც არაფერი ხდებოდა, ძარღვი არ შესტოკებია. მამა რომ გარდაეცვალა, ფული მომთხოვა, - მჭირდება და ახლავე თუ არ მომცემ, არ ვიცი რას გიზამო. წარმოიდგინეთ, რა სინდისგარეცხილი იყო - მიცვალებულის დასამარხ ფულს მართმევდა. რაღაც ნაწილი მივეცი, რადგან ვიცოდი, არავის მოერიდებოდა და ერთ ამბავს ატეხდა. მამამთილის დასაფლავების შემდეგ  დედამთილმა შემომთავაზა, - ბინა გავყიდოთ, გაშორდი ჩემს შვილს, თორემ შენც და ბავშვებსაც დაგღუპავთო. დავთანხმდი, იმიტომ, რომ ჩვენ შორის აღარც სიყვარულის ნასახი იყო და აღარც თანაცხოვრების სურვილი. ჩემი დედამთილი ერთოთახიან ბინაში გადავიდა, ირაკლისაც ერთი ოთახი ერგო, მე და ბავშვები კი გარეუბანში გადავედით ოროთახიან ბინაში. სანამ ირაკლის წამლის ფული ჰქონდა, არ გვაწუხებდა, შემოელია და ისევ გავახსენდით. დედამისი ხომ შეკლული ჰყავდა ხელში, მეც არ მასვენებდა, - ჩემი შვილების დედა ხარ და ძაღლივით არ უნდა მექცეოდეო. დედამთილმა დიდხანს ვერ გაუძლო ამას... ირაკლიმ დედის ბინაც გაყიდა და წამალს მოახმარა. თითქოს ეს უბედურება არ მეყოფოდა, ჩემი ბიჭი სკოლიდან ექსკურსიაზე წაიყვანეს, გზაში ავარია მოუხდათ, ბევრმა მიიღო ტრავმა, ჩემსას კი ხერხემალი დაუზიანდა, რამაც ქვედა კიდურების დამბლა გამოიწვია. ნათესავებმა კი შემიგროვეს ფული, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო.  ბინა გავყიდე და გერმანიაში ოპერაცია გავუკეთე.  ბავშვი ფეხზე დადგა, მაგრამ ახლა ნესტიან და ნახევრად ბნელ ოთახში ვცხოვრობთ. ირაკლიმ იცის, როდის ვიღებ ხელფასს და სწორედ იმ დღეებში "ახსენდება" შვილები. დიდ თანხას არა, მაგრამ 10-20 ლარს ვაძლევ, ისიც იმიტომ, რომ მალე წავიდეს და ერთი თვით მაინც აღარ დაგვენახოს.

არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. უძლური ვარ, სხვა ჩემს ადგილზე რამენაირად მოიშორებდა, მე კი ვერ ვუკეტავ კარს. დღეს რომ სოროში ვცხოვრობთ და ბევრი რამ გვაკლია, ეს ჩემი ქმრის "დამსახურებაა", მაგრამ ვგრძნობ, მისგან "მთავარი სიურპრიზი" ჯერ კიდევ წინ მაქვს. როგორ ფიქრობთ, ასეთ სიტუაციაში არსებობს რამე გამოსავალი?"