"აქ ყველას ჩვენი საწუხარი გვაქვს" - კვირის პალიტრა

"აქ ყველას ჩვენი საწუხარი გვაქვს"

კვირა არ გავა, რამდენიმე წერილი რომ არ მივიღოთ რედაქციაში.  საქართველოდან სამუშაოდ წასული ქართველები (უფრო ქალები) ხშირად გვეხმიანებიან. მათთვის "კვირის პალიტრა" სამშობლოსთან დამაკავშირებელი მთავარი ძარღვია.

"ძალიან ძნელია უცხო ქვეყანაში ცხოვრება. მართალია, მუშაობ, ცხოვრობ (ვაი, ასეთ ცხოვრებას), მაგრამ სული და გული ამ დროს სამშობლოში დაბორიალებს. აქ ყველას, საქართველოდან წამოსულს, თავ-თავისი საწუხარი მოაქვს. ერთი დღე გავთავისუფლდებით და მაშინაც შინ გვინდა დავრეკოთ, გამოსაგზავნი გამოვგზავნოთ... მონატრება საოცრად ძლიერია და შეიძლება ღამე (თუკი ფიქრებს თავი დააღწიე და დაიძინე) ისე შეგახტუნოს, როგორც ძლიერი მიწისძვრის დროს. მერე ფხიზლდები და გულიდან წამოსული ყრუ ტკივილი რომ არ გაძლიერდეს, მოგონებებში იძირები. ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ არ გაგიჟდე - იმოგზაურო წარსულში, მოიგონო ტკბილი წუთები... რაც თავის დროზე არცთუ ისე კარგი გეგონა, ახლა ბედნიერებად გეჩვენება. ამ მოგონებებით ხან მეგობრებთან ერთობი, ხან ახალფეხადგმულ შვილებს ეტიტინები (რომლებიც პატარები აღარც არიან), ხან მშობლებთან ერთად საზეიმო სუფრისთვის ემზადები. ისე დაგათენდება, ვერც კი იგებ. მერე, თავს აიძულებ, ტკბილი ბურანიდან გამოხვიდე - ადრე ხარ ასადგომი, ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი და თუ სიზანტე შეგატყო "მეპატრონემ", შეიძლება უცერემონიოდ მოგიხუროს კარი.

სანამ სამშობლოს დავტოვებდი, ხშირად მილაპარაკია უცხოეთში მყოფ ერთ მეგობართან, რომელიც სულ მეუბნებოდა: გერჩივნოს, მანდ იწვალო, გშიოდეს, გციოდეს, ვიდრე უცხო ქვეყანაში გადაიკარგო და საყვარელ ადამიანებს მოშორდეო... მაშინ ვფიქრობდი, - თვითონ თავს უშველა, სული მოითქვა და ახლა მე მმოძღვრავს-მეთქი, მაგრამ როცა მეც დავტოვე მამულ-ოჯახი, მივხვდი, რომ ის მართალი იყო.

ქუჩაში უცნობებს შორის ახლობლების სახეებს ვეძებ და... ვხედავ კიდეც... გავეკიდები, დავეწევი, ჩემკენ მოვაბრუნებ, მინდა ჩავეხვიო, მოვიკითხო და უცხო შემრჩება ხელში; ის გაკვირვებული მომჩერებია და ვინ იცის, გიჟიც ვგონივარ...

რატომ მიდიან ქალები სხვაგან? იმიტომ, რომ ძნელია, უყურო მშიერ შვილებს და მშობლებს, როცა იცი, ათასი რამ სჭირდებათ, შენ კი ვერ აძლევ.

მე თუ მკითხავთ, ემიგრანტი მეომარია, რომელიც სულ შრომასა და გარჯაშია, დარდსა და ფიქრებშია ჩაძირული... იგი იმედს არასოდეს კარგავს. ეს იმედი კი სხვა არაფერია, თუ არა გზა სამშობლოსაკენ.

თინათინი სალონიკიდან