"პაემანი" ცირკთან, ანუ როგორ გავყავი თავი შარში - კვირის პალიტრა

"პაემანი" ცირკთან, ანუ როგორ გავყავი თავი შარში

ცხოვრებაში უამრავი კურიოზი შეიძლება შეგხვდეთ და თუ თავის დროზე თავს გადახდენილმა ამბავმა გაგაღიზიანათ, შემდეგ  შეიძლება ეს ამბავი ხალისითაც კი გაიხსენოთ. სწორედ ასეთი კურიოზული ამბავი მიამბო ჩემმა რესპონდენტმა.

მაიკო: - საჰაერო სასაზღვრო დეპარტამენტში ვმუშაობდი. ცხოვრება რომ გართულდა, სამსახურში სიარულს აზრი აღარ ჰქონდა, ხელფასებს თვეობით ვერ გვაძლევდნენ. მესამე ბავშვი გავაჩინე. ძალიან გაგვიჭირდა, გიოს წვალებით ვზრდიდით. ჩემი მეუღლე არ მუშაობდა, მეც ეგრეთ წოდებულ "დეკრეტულში" ვიყავი. მაშინ სამწლიანი დეკრეტული შვებულება იყო და დედას, სურვილისამებრ, შეეძლო, ბოლომდე გამოეყენებინა ის, ან ადრე გასულიყო სამსახურში. ვიცოდი, რომ სამსახურში კარგი არაფერი ხდებოდა, ამიტომაც შინ ვიჯექი და შვილებს ვუვლიდი. მერე თანამშრომლებმა შემომითვალეს, - გეყო "ნებივრობა", ხელფასებს გვაძლევენ და გამოდიო... სიხარულით  წავედი. სამი თვეც არ იყო გასული, რომ საზეიმოდ გამოგვიცხადეს, ხელფასები გაგეზარდათ, კარგი მუშაობისთვის კი, პრემიებიც გექნებათო.

აეროპორტში, გამშვებ პუნქტში მუშაობა საკმაოდ რთულია, მით უფრო ქალისთვის ხშირად არის გვიანი რეისები, ღამის მორიგეობები. მაგრამ რადგან ხელფასი იმ პერიოდში მაღალი გვქონდა (500 ლარი), უძილობას რაღას დავეძებდით. რამდენიმე კაცს მანქანა ჰქონდა და თანამშრომელი ქალები თბილისის ცენტრამდე, ან მეტროპოლიტენის რომელიმე სადგურამდე მოვყავდით.

ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ჩვენმა თანამშრომელმა გოჩამ ოთხი ქალი ჩაგვსვა და ქალაქისკენ დავიძარით. გზადაგზა, ვისაც სად უნდოდა, იქ ჩამოსვა. მეღა შემოვრჩი. დაღლილობისგან არაქათი მქონდა გამოლეული, წამთვლიმა კიდეც, რომ  მობილურის ზარმა შემაფხიზლა. გოჩას უფროსი ურეკავდა და უკან, სამსახურში დაბრუნებას სთხოვდა. - შენ ისეთ ადგილას ჩამოგსვამ, სადაც ბევრი მიმართულებით გამოივლის მიკროავტობუსიო, მითხრა გოჩამ და მანქანა მალევე გააჩერა. "ისეთი ადგილი" ცირკის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. მოკლედ, დილის 11 საათია, ვდგავარ ცირკის მოპირდაპირე მხარეს, ცალ ხელში მიჭირავს ჩანთა, მეორეში კი დოკუმენტებით სავსე დიდი საქაღალდე და თვალებმიბლეტილი ველოდები ტრანსპორტს. უცებ ჩემ წინ მანქანა დამუხრუჭდა. ფანჯრიდან ასე 25-26 წლის ბიჭმა გამოყო თავი და ზრდილობიანად მომესალმა:

- გამარჯობა, ქალბატონო!

მეც თავაზიანად დავუკარი თავი. დავინახე, საჭესთან მჯდომს რაღაც გადაულაპარაკა, იმანაც თავი გამოყო. ორივეს მუქი ფერის სათვალე ეკეთა, მოიხსნეს და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერეს.

მძღოლის გვერდით მჯდომი ისევ მეკითხება:

- მუშაობთ, ქალბატონო?

თავაზიანად მელაპარაკება და რა დამაეჭვებდა?! ფრიადოსანი ბავშვივით ვპასუხობ:

- დიახ, ვმუშაობ! - თან აშკარად მეამაყება, რომ ამ უმუშევრობისას შემიძლია სამსახურით დავიტრაბახო.

მათ ისევ გადაულაპარაკეს ერთმანეთს რაღაც და:

- რამდენს იღებთ?

კვლავ აზრმიუტანებლად, მაგრამ ისევ სისხლში გამჯდარი სიამაყით ვპასუხობ:

- 500 ლარს.

- რაო? - თითქმის ერთხმად იყვირეს ბიჭებმა.

გაკვირვებული მივაჩერდი. ვერ მივხვდი, რატომ იმცხეთეს ასე ჩემი ხელფასი. მერე მძღოლმა თავი გადმოყო და - შენ ხომ არ უბერავო? გავბრაზდი, შენობითზე რომ გადავიდნენ, წარბი შევიკარი და ხმასაც ავუწიე: - მე ასე ვიღებ და თუ არ გჯერათ, გაიარეთ-მეთქი. იმან, ვინც პირველი მომესალმა, თავი გადააქნია, მერე საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა. სანამ რაღაცას ვეტყოდი, მანქანა ადგილს მოსწყდა, მე კი დავრჩი გაოცებული და დაბნეული. მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როცა მოპირდაპირედ სამი ღრმა დეკოლტეიანი და მუქპომადიანი გოგოდან ერთი ჩემკენ გამოემართა და უკმეხად მაჯახა:

- გეტყობა, ახალი ხარ, არ იცი, რომ ამ საათებში აქ ჩვენ ვმუშაობთ?

უცებ მივხვდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, დამცეცხლა, მომხდურისთვის არაფერი მითქვამს, დამდუღრულივით მოვშორდი იმ ადგილს.

ახლა ყოველთვის გულიანად მეცინება, როცა დეტალურად ვიხსენებ იმ დილას. როგორც მითხრეს, იოლად გადავრჩენილვარ, რადგან იქ "მომუშავენი" საკმაოდ აგრესიულად ხვდებიან ყოველ "ახალ თანამშრომელს" და ზოგჯერ მუშტი-კრივზეც არ იხევენ უკან.