"დამ მიღალატა და ღია ცის ქვეშ დამტოვა" - კვირის პალიტრა

"დამ მიღალატა და ღია ცის ქვეშ დამტოვა"

იმაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს, ვიდრე ახლობლის ღალატი? მე დამ მიღალატა და ღია ცის ქვეშ დამტოვა, - მეუბნება ქალბატონი ციცო, რომელიც დღეს თბილისში წვრილმანით ვაჭრობს.

ციცო ქუთაისელი გახლავთ. ერთ დროს შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. მერე მშობლები გარდაიცვალნენ და შვილებსაც ბევრი რამ მოაკლდათ. ციცოს  და სამტრედიაში გათხოვდა.  ძმებმა კი სახლში ფეხსაცმლის საამქრო  გახსნეს. ასე თუ ისე, თავი გაჰქონდათ.  სანამ ცოცხალი ვარ, ვიშრომებ, ძმებს მხარში ამოვუდგები, ისინი კი ლუკმაპურს არ დამაყვედრიანო, - ამბობდა ციცო.

ძმების ბიზნესი კარგად ვერ აეწყო. რაც შემოსდიოდათ, საჭმლისთვის ძლივს ჰყოფნიდათ... სახლ-კარი დიდი ჰქონდათ, თანაც ქუთაისის პრესტიჟულ უბანში. გაჭირვების მიუხედავად, სახლის გაყიდვაზე არც უფიქრიათ, მაინც იმედით შეჰყურებდნენ მომავალს... მერე მთელი საქართველო დაიძრა საბერძნეთისკენ. ქალებისთვის უფრო იოლი იყო სამუშაოს მოძებნა, მაგრამ ციცოს არ უნდოდა ძმების დატოვება, ედარდებოდა, უცოლო კაცებს ვინ მიხედავსო. სამტრედიაში გათხოვილ დას ქმარი გარდაეცვალა და ქვრივს იმდენი თავში საცემი გაუჩნდა, ძმებს რას მიხედავდა. სწორედ ამ დროს მეზობელი ქალი უმცროს ძმას, მამუკას შეუჩნდა, - ჩემი ნაცნობი საბერძნეთში კაცებს გზავნის დასაქმების პერსპექტივით, წადი და იქიდან შეეშველე ოჯახსო. არც ციცოს, არც უფროს ძმას, თემურს უნდოდა მამუკას გაშვება, მაგრამ  - როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაჭირვებულებიო და მამუკა საბერძნეთში წავიდა, მაგრამ დაპირებული ტყუილი გამოდგა - სამუშაო ვერ იშოვა. მამუკა დას ათასში ერთხელ  შეეხმიანებოდა, დასარეკი ფული არა მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, სამუშაოს უთუოდ ვიპოვიო... ციცო უფროს ძმასაც  უვლიდა და ქვრივ დასთანაც ხშირად დადიოდა საოჯახო საქმეებში ხელის წასაკრავად. ერთხელ სამტრედიიდან დაბრუნებულს თემური გარდაცვლილი დაუხვდა.

მარტოდ დარჩენილმა ვაჭრობას მიჰყო ხელი. ერთხელ,  მეზობლების საუბარს  მოჰკრა ყური, - მაშინ გაიგო, რომ მისი სახლი გაყიდული იყო.  სახტად დარჩენილმა გაიკითხ-გამოიკითხა, თურმე, მათ წინ მცხოვრებ ახალ მეზობელს თვალი დაუდგამს მისი სახლ-კარისთვის. მერე იმდენი უქნია, ციცოს და დაუთანხმებია სახლის გაყიდვაზე, ისე რომ მან არაფერი იცოდა, დამ სახლი გაუყიდა. გამწარებულმა ქალმა დასახმარებლად ვის არ მიმართა, მაგრამ სიტყვიერი დაიმედების გარდა, ვერაფერი მიიღო, ყველგან ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ, - დას შენი ნებართვის გარეშე სახლის გაყიდვის უფლება არ ჰქონდა, იბრძოლე და დაიბრუნებო. ციცო კი, ვერც ბინას იბრუნებს და ვერც უცხოეთში დაკარგულ ძმას. ის ახლა თბილისშია,  საერთო საცხოვრებელში ღამის გასათევად 5 ლარს იხდის. უკიდურესად განიცდის თავის მდგომარეობას, უფრო იმას, რომ დამ უღალატა და ქუჩაში გააგდო.

ასე დაუნდობლად რატომ გაწირა? - ეს კითხვა არ ასვენებს. ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, უმცროსი ძმა  სამშობლოში რომ დაბრუნდება, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.