იბრძოლე ბედნიერებისთვის! - კვირის პალიტრა

იბრძოლე ბედნიერებისთვის!

გიღალატეს? თავს დამცირებულად გრძნობ, თუმცა ისევ გიყვარს და მზად ხარ, ნებისმიერ წამს მიიღო და კვლავ მის გვერდზე ყოფნით დატკბე. უპირველესად სიბრაზე დაიცხრე, შეეცადე, დამშვიდდე და ბედნიერებისთვის იბრძოლე.

აჯობებს, თუ მეორე ნახევარს თავს ისე მოაჩვენებ, თითქოს ვერაფერს ხვდები. ასე ის მოდუნებული იქნება და შენც საშუალება გექნება, გამუდმებით საქმის კურსში იყო. ხშირად აღნიშნე, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადე; წესიერი ხარ და სხვის კაცებზე არ ნადირობ. არ აჩვენო, რომ ეჭვიანობ და აკონტროლებ.

ყოველთვის ფორმაში იყავი. ყურადღება მიაქციე პარფიუმს, ვიზუალურ მხარეს, თეთრეულს, საწოლის ინტერიერს,  შეუქმენი მყუდრო, სუფთა და სასიამოვნო გარემო. შეეცადე, მის სამოსს ყოველთვის შენი სურნელი ასდიოდეს. ქალი, რომელთანაც ის დადის, გამუდმებით უნდა გრძნობდეს შენს არსებობას. ხშირ შემთხვევაში ხომ კაცები მათ ატყუებენ, რომ ცოლთან გაყრას აპირებენ.

ხშირად ჰკითხე რჩევები, დაიხმარე პრობლემების გადაჭრაში, თუმცა არაფერი დააძალო, ყველაფერი საკუთარი სურვილით უნდა გააკეთოს. დაძალება და იძულება შენს მოწინააღმდეგეს დაუთმე.

ხშირად მოიწვიე მისი მეგობრები და იმხიარულეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გარემოცვა არ გსიამოვნებს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა აკეთო.

დამოუკიდებელი ქალები უფრო იზიდავენ მამაკაცებს. აგრძნობინე, რომ ის ერთადერთი მამაკაცი არ არის და რომ მთელი სიცოცხლე შინ ჯდომას და მის მოვლას არ აპირებ. ეს ყველაფერი ძალიან მსუბუქად უნდა გააკეთო, საქციელით აგრძნობინო და არა კამათით.

რთულია, მაგრამ, მაინც შეეცადე, არ უსაყვედურო, როცა შინ გვიან დაბრუნდება; არ აგრძნობინო, რომ ამან გუნება გაგიფუჭა. პირიქით, დახვდი ხალისიანად და ლამაზ ფორმაში, ყოველთვის მიმზიდველი უნდა იყო (იფიქრე იმაზე, რომ შენი მოწინააღმდეგე მას ზეიმით ხვდება, აუცილებლად ზრუნავს იმაზე, რომ სექსუალურად გამოიყურებოდეს). ეს ყველაფერი აუცილებლად დააფიქრებს მას.

რაც შეიძლება მეტი გაიგე შენს მოწინააღმდეგეზე. კარგია, თუ მას პირადად გაიცნობ. ასე შეძლებ მისგან განსხვავებული იყო და ბევრად კარგად დაანახო საყვარელ ადამიანს შენი დადებითი და მისი უარყოფითი მხარეები. იმ შემთხვევაში, თუ შენი მოწინააღმდეგე ნაცნობი, მეტიც, დაქალი აღმოჩნდება, არ შეიმჩნიო და ისე გააგრძელე ბრძოლა. ყოველთვის ეცადე, რომ მაკომპრომეტირებელი ფაქტები მოიპოვო, ის ქალი მამაკაცთან ერთად ნახო, ხელი შეუწყო მათი ურთიერთობის გაღრმავებას. მერე შენს მეორე ნახევარს სასხვათაშორისოდ მოუყევი იმ ქალზე. ესაუბრე ისეთ დეტალებზე, რაც შენს მოწინააღმდეგეს ახასიათებს და თან შენს ქმარს ძალიან აღიზიანებს.

არასდროს მიმართო შანტაჟს, ეს შეიძლება ქონებას ეხებოდეს და საერთო ბავშვს. არც პატარა განაწყო მამის წინააღმდეგ. ასეთ საქციელს დადებითი შედეგი არასდროს ექნება. ძალით მამაკაცს ვერ დააკავებ, ის თავისი სურვილით უნდა დაბრუნდეს შენთან. შენ კი მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ სურვილი კვლავ გაუჩნდეს.

ჟურნალი "დაქალი",  #6