გვიან გამხელილი საიდუმლო - კვირის პალიტრა

გვიან გამხელილი საიდუმლო

კატომ პატარაობიდანვე იცოდა, დედამ 3 წლის რომ დატოვა და საყვარელ მამაკაცთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა. როცა წამოიზარდა, მერეღა გაუჩნდა იმის კომპლექსი, რომ უდედოდ იზრდებოდა და დედას არც კი ახსენდებოდა. როცა მარტო დარჩებოდა, ფიქრები ავად მიესეოდა ხოლმე... "ნუთუ აღარ ვახსოვარ, არ ვენატრები?.. მან ხომ გამწირა?" - წერდა კატო დღიურში. ოჯახი წუხდა, რომ გოგონა  გულჩათხრობილი იყო. ერთხელ მამიდამ ფრთხილად შეაპარა, - ვინმე ხომ არ მოგწონსო... როცა მიხვდნენ, კატოს ნერვიულობის მიზეზი სულ სხვა რამ იყო, ფსიქოლოგთან მიიყვანეს. არც მას გადაუშალა გული...

სკოლა რომ დაამთავრა, იმ წელსვე ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში. თავდაუზოგავად მეცადინეობდა და შედეგმაც არ დააყოვნა - რამდენიმე სტუდენტი კლინიკაში აიყვანეს სტაჟიორად. კატომ ყველაფერს კარგად გაართვა თავი და კლინიკაში დატოვეს. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა კარდიოქირურგი გაიცნო, ცოტა ხანში მათი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა.

რაც დედა გახდა, კატოს მეტად გაუჩნდა დედის მიმართ აგრესია. უკვირდა დედამისის საქციელი და ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ქალს შვილი მიეტოვებინა.  ერთ საღამოს კატოს მამიდა აფორიაქებული დაუხვდა. შეშინდა, - ცუდად ხომ არ არისო. ქალმა შესტირა: - ნუ გამიბრაზდები, შენი დღიურები  წავიკითხე.  გული მომიკვდა, რომ წერ, დედამ დამივიწყაო. უნდა გამოგიტყდე, რომ დედაშენი წერილებს გწერდა, მაგრამ ჩვენ გიმალავდით. გვეხვეწებოდა, ცოტა ხნით მაინც გამომიგზავნეთო, მაგრამ გვეშინოდა, შენი თავი არ წაერთმია. ახლა მივხვდი, ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. მართალია, დედაშენი ცუდად მოიქცა, მამაშენი მიატოვა და "ძველ სიყვარულთან" ერთად საფრანგეთში გაიქცა, მაგრამ არასოდეს დავიწყებიხარ. იყო კიდეც ჩამოსული, მაგრამ შენ იმ დროს მოსკოვში იყავი. წერილიც დაგიტოვა. გთხოვდა, შემეხმიანეო, მაგრამ შენ ნაცვლად მე ვუპასუხე, - აღარ ახსენო, რომ შვილი გყავს-მეთქი.

კატო იჯდა გაოგნებული, და... ბედნიერი... მერე დედას წერილი გაუგზავნა. მან კი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილები თავისთან მიიწვია. უმცროსი და-ძმა დახვდათ აეროპორტში...

კატოს მამა-მამიდისთვის საყვედურიც არ დასცდენია. მათ ხომ უდედო გოგონას სიყვარული და ზრუნვა არ მოაკლეს... ზოგჯერ ადამიანი შეცდომას უშვებს, მაგრამ სიყვარულს პატიება შეუძლია...